"სამწუხაროდ, მთავრობაში ამაზე საუბარიც აღარ მიმდინარეობს"
მარი ჩიტაია
24.05.2017

 მთავრობას საპენსიო თანხის ზრდაზე უარის თქმა გაისადაც მოუწევს. ამის შესახებ არც წინასაარჩევნო დაპირებიდან მოგვისმენია და არც არჩევნების შემდეგ გამოუდვიათ თავი. ხელისუფლებისთვის ცალკე თავსატეხია პენსიონერების რაოდენობის ზრდა, რის გამოც მატულობს ბიუჯეტზე წნეხი. პენსიის 1 ლარით გაზრდაც კი ბიუჯეტს 9 მილიონი ლარი უჯდება.

საქართველოში საპენსიო რეფორმის დაწყებაც გაჭიანურდა, ამ პროცესმა მინიმუმ 1 წლით გადაიწია. გამოდის, რომ სანამ რეფორმა არ განხორციელდება, პენსიის ზრდა რეალურად ვერ მოხერხდება, ხოლო რეფორმის პროცესში ჩართული მთავრობისთვის ეს საკითხი, სავარაუდოდ, დიდი ხნით დაიხურება.

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ყველაზე დაბალი პენსიაა. უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშებით ქართველი ხანდაზმულები თვეში დაახლოებით 75 დოლარს იღებენ. ოდნავ, ორიოდე დოლარით გვისწრებს უკრაინა, სადაც პენსიის ოდენობა 77 დოლარია და ცოტათი უკეთესი მდგომარეობაა სომხეთში, სადაც ყოველთვიურად თითო პენსიონერზე 85 დოლარი გაიცემა.

გაცილებით უკეთეს პირობებში ცხოვრობენ რუსი და აზერბაიჯანელი პენსიონერები. რეგიონალურ მეზობლებთან საპენსიო მაჩვენებელი 212 დოლარს აღწევს, ხოლო უკეთესი მდგომარეობაა რუსეთში, სადაც სახელმწიფო ხანდაზმულებს 239 დოლარს უხდის.

პენსიის 1 ლარით გაზრდა საქართველოს ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 9 მილიონი ლარი უჯდება. 10 ლარის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი თითქმის 100 მლნ ლარამდე იზრდება. თანაც 10 და 20-ლარიანი მატება ხელისუფლებას აქტივში სულაც არ ეთვლება. ამიტომ ძნელად სავარაუდოა, რომ მთავრობამ ეს რესურსი გამოძებნოს და თანაც პენსიისკენ მიმართოს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებლობა ყველას აქვს გაცნობიერებული, გაისად საპენსიო თანხის ზრდას ექსპერტები ნაკლებად ელოდებიან. ბიზნესის სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს, რომ სოციალური გადასახდელის მატების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში საკმარისი რესურსი უნდა მოიძებნოს.

"სახელმწიფო პერმანენტულად უნდა ცდილობდეს, არ ჩამორჩეს ეკონომიკურ ტენდენციას. აქედან გამომდინარე, იმ თანხამ, რომელსაც იღებს პენსიონერი, უნდა უზრუნველყოს მისი სიცოცხლისუნარიანობა თვიდან თვემდე. შესაბამისად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განსაზღვრული სასურსათო კალათა სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი უნდა იყოს პენსიონერებისთვის. ამიტომ სოციალური პენსიის გაზრდის მიზნით რეზერვი უნდა გამოინახოს. თუ იქნება კეთილი ნება, ამის შესაძლებლობა ნამდვილად გამოჩნდება.

ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წარმოების ზრდა გვაქვს, ინვესტიციები შემოდის და საერთაშორისო ორგანიზაციები რეიტინგს რამდენიმე მიმართულებით გვიუმჯობესებენ. ასეთ შემთხვევაში, ეს საპენსიო თანხებზეც უნდა აისახოს", - აცხადებს ჩარგეიშვილი და დასძენს, რომ არასწორი იქნება, თუკი რეფორმის გამო, 180-ლარიანი პენსიის გაზრდაზე მთავრობა უარს იტყვის.

"დაგროვებით სისტემაზე გადასვლამ არანაირად არ უნდა შეაფერხოს სოციალური პენსიის ზრდა, რადგან იქ აბსოლუტურად სხვა მექამიზმია და გრძელვადიან პერიოდზეა გათვლილი. ცხადია, ახლებურ საპენსიო სისტემაზე გადასვლა 2-3 წლის საქმე არ არის (სხვათა შორის, უკვე დაწყებულიც უნდა იყოს კარგა ხნის), ეტაპობრივად უნდა მოხდეს ახალ ფორმატზე გადართვა.

საპენსიო რეფორმის ეფექტი რომ გამოჩნდეს და ეს იგრძნოს სახელმწიფომ, მინიმუმ 20 წელი უნდა გავიდეს. პროცესი ჯერ დაწყებულიც არ არის. გადაწყვეტილების მიღებას ძალიან კარგი გათვლა-გაანგარიშება სჭირდება.

მთავრობის პოზიცია ჩემთვის უცნობია, მაგრამ ოდნავ მაიმედებს ის ფაქტი, რომ წინ არჩევნებია. რაც მეტი არჩევნები გვაქვს, მით მეტია დაპირებები და რაღაც მაინც შესრულდება. არ ვარ დარწმუნებული მთავრობის გადაწყვეტილებაში, მაგრამ არ გამოვრიცხავ, პენსიონერებიც გაითვალისწინონ, რაც ცოტა შეღავათს მაინც მისცემს მოსახლეობას", - ამბობს ჩარგეიშვილი.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, სპეციალისტები წელს საპენსიო თანხის ზრდას არ ელიან. რაც შეეხება რეფორმისთვის სამზადისს, ექსპერტ პაატა აროშიძის შეფასებით, ამ პროცესმა სოციალური პენსიის ზრდა (თუ შესაბამისი რესურსი მოიძებნა) არ უნდა შეაფერხოს.

"2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას ითქვა, რომ პენსიის ზრდა ვერ მოხერხდებოდა. ეს ყველასთვის ცნობილი იყო. პენსია არის სოციალური უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი. რეალურად ხდება ის, რომ ცხოვრება ძვირდება და ამ პროცესს ფეხს ვერ უწყობს ასაკოვანი მოქალაქის შემოსავალი.

სამწუხაროა, რომ პენსიის ზრდის შესაძლებლობა არ ჩანს 2018 წლისთვისაც. მთავრობაში ამაზე საუბარიც აღარ არის. პენსიის 1 ლარით ზრდას, დაახლოებით, 9 მილიონი ლარი სჭირდება წელიწადში. როცა ცვლილებებზე ვსაუბრობთ, ცხადია, მცირე თანხა არ უნდა ვიქონიოთ მხედველობაში. 10-ლარიანი მატებაც რომ ვიგულისხმოთ, ასეთი სხვაობა რეალურად ვერაფერს მოგვცემს, ამას კი თითქმის 100 მილიონი სჭირდება.

სოციალური პენსიის მომატების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში რესურსი უნდა მოიძებნოს, მაგრამ ეს სულ უფრო ძნელდება. მშპ-ის ყოველი თითო პროცენტით დამატებითი გაზრდა გვაძლევს საშუალებას, რომ საბიუჯეტო სახსრები გავზარდოთ სადღაც 90-დან 100 მლნ ლარამდე. შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს", - აღნიშნა აროშიძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×