ია აბულაშვილი
24.05.2017

 ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ფილმ "ქეთო და კოტეს" შექმნის იდეა, როგორც ამბობენ, მაშინდელი საბჭოთა კავშირის პარტიული ელიტიდან წამოსულა, ომგადახდილ ხალხს რაიმე მხიარული სჭირდებაო და 1946 წელს სსრ კავშირის მთავრობამ ქართველ კინემატოგრაფისტებს ამ თემატიკაზე ფილმის გადაღება დაავალა. სამხატვრო საბჭოს მიერ დადგენილ გეგმაში, რომელზეც კინოსტუდიას უნდა ემუშავა, "ქეთო და კოტე" მეშვიდე თუ მერვე ადგილზე ყოფილა. სია საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ დაამტკიცა, რომელსაც ხელს თავად იოსებ სტალინი აწერდა.

ფილმის გადაღება დაევალა რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილს, სცენარი დაწერა სიკო ფაშალიშვილმა, დამდგმელი რეჟისორი იყო შალვა გედევანიშვილი, ოპერატორი - ალექსანდრე დიღმელოვი, მუსიკის ავტორი - არჩილ კერესელიძე, ფილმის მთავარი მხატვარი - იოსებ სუმბათაშვილი, კოსტიუმების მხატვარი - ფარნაოზ ლაპიაშვილი.

ასე დაიწყო ფილმ "ქეთო და კოტეს" გადაღება ალექსანდრე ცაგარელის "ხანუმასა" და ვიქტორ დოლიძის ოპერა "ქეთო და კოტეს" მიხედვით. ფილმი ეკრანზე 1953 წელს გამოვიდა და აგერ უკვე 60 წელზე მეტია, დავიწყებას არ მიეცა ფრაზები ფილმიდან "რა ფრანციცული, რა ფორტოპიანო", "სოსიკო და შარვალი", "ქაბატოჯან", "ეშმაკის მაშხალავ", "ისეთ დღეს დაგაყრი, კამბეჩები ანგელოზებად მოგეჩვენოს"...

ეს ამბავი კი ასე ყოფილა: მაშინდელი კინსტუდიის დირექტორ ვლადიმერ მაჭავარიანს დაუბარებია ვახტანგ ტაბლიაშვილი და უთქვამს, "ქეთო და კოტეს" ოპერის ეკრანიზაციას ითხოვენო. რეჟისორი სასოწარკვეთილი დარჩენილა, რადგან ფილმ "ბარათაშვილზე" მუშაობდა და წინამოსამზადებელი სამუშაოებიც დამთავრებული ჰქონია.

"ბარათაშვილზე" უარის თქმა ჩემთვის სრული კატასტროფა იყო, კინოსტუდიის დირექტორს ვუთხარი, "ქეთო და კოტე" ჩემი საქმე არ არის, არსებობს სპექტაკლი ოპერაში, მე რაღა საჭირო ვარ-მეთქი. წამოსვლას ვაპირებდი, რომ შემაჩერა და სია მაჩვენა, რომელიც საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ იყო დამტკიცებული, ხელს თავად იოსებ სტალინი აწერდა. ჩემი პროტესტის მიუხედავად, ამ ფილმის გადაღება გარდაუვალი იყო, მაგრამ მოხდა სასწაული და დავინახე ფილმი "ქეთო და კოტე". წამში გაჩნდა მოქმედების დრო, ეს ფილმი მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტით უნდა ყოფილიყო შევსებული. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ფილმი ამ ერთი წამის ნაყოფია" - იხსენებდა წლების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში ვახტანგ ტაბლიაშვილი.

სცენარის დაწერა რეჟისორს სიკო ფაშალიშვილისთვის მიუნდია. როგორც თავად იხსენებდა, მე-19 საუკუნის ძველი თბილისი გრიშაშვილზე უკეთ არავინ იცოდა, მაგრამ არ მივმართე, რადგან "მეჯღანუაშვილის" გასცენირებაზე უარი ჰქონდა ნათქვამი და არ უნდოდა, მეორედ უარით წამოსულიყო. სცენარი საგურამოში დაიწერა - "მისმა ძველი თბილისის ცოდნამ და უზადო გემოვნებამ შექმნა ის შესანიშნავი სცენარი, რომლითაც შეიქმნა "ქეთო და კოტე" - იტყვის წლების შემდეგ ტაბლიაშვილი.

ფილმში ძირითადად მარჯანიშვილის მსახიობები იყვნენ დაკავებული და არც ერთ დიდ მსახიობს არ უთქვამს უარი, თუნდაც პატრა როლის შესრულებაზეო, ამბობს რეჟისორი. "ყველაზე უმნიშვნელო როლსაც კი ჩვენი კინოსა და თეატრის ვირტუოზები თამაშობდნენ: ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, კაკო კვანტალიანი. ჩვენთან იყვნენ ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი და მათი დიდებული ანსამბლი, ასევე - თბილისის საბალეტო დასი. ქეთოს როლი მედეა ჯაფარიძეს შევთავაზე. მე ორბელიანის მუხამბაზისეული ქეთო მჭირდებოდა, სულიერად ლამაზი და სათნო. მედეა ჯაფარიძემ ჩემ მოლოდინს გადააჭარბა. მან შექმნა ქეთოს იდეალი.

თავადი ლევანის როლზე სასინჯ გადაღებაში ბევრმა მსახიობმა სცადა ბედი: ლადო კავსაძემ, სანდრო ინაშვილმა, სპარტაკ ბაღაშვილმა, ბათუ კრავეიშილმა, რომელმაც თავად მთხოვა, თუ კოტეს როლს მანდობ, მადლიერი ვიქნებიო. ლევანისა და კოტეს როლზე ვჭოჭმანობდი. სპარტაკ ბაღაშვილს ვიღებდი სინჯებში, როდესაც ლევანის კოსტიუმში გამოწყობილ პეტრე ამირანაშვილს მოვკარი თვალი. გამიკვირდა, რადგან პეტრე არ მყავდა მოწვეული გადაღებაზე. მეორე რეჟისორმა მითხრა, რომ პეტრეს თავად გამოუთქვამს საცდელ გადაღებაში მონაწილეობის სურვილი. ეს იყო ბედნიერი შემთხვევა, რადგან ამირანაშვილმა შესანიშნავად ითამაშა თავადი ლევანის სცენა, ამიტომაც როლზე ის დავამტკიცე. ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოხდა, რომ სიკოსა და ნიკოს როლებზე დავამტკიცე გოძიაშვილი და შავგულიძე. ვისაც "ქეთო და კოტე" უნახავს, შეუძლებელია, დაივიწყოს "ძმებო როცა მოვკვდები", "დავაქორწინეთ, მააშ".

ფილმს წარმატება ალბათ ყარაჩოხელების ეპიზოდმაც შემატა, მაყურებლის აღიარება მოუტანა, მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორები ითხოვდნენ ამ სცენის ამოღებას, მაგრამ დიდი ბრძოლის შემდეგ დარჩა. სწორედ ამ ეპიზოდის გამო იყო, რომ ფილმს სტალინამდე არ მიუღწევია, ფიქრობდნენ, კინტოების ნახვა აღაშფოთებდა სტალინს. "ქეთო და კოტეს" მართლაც არნახული წარმატება ხვდა. ასეთ დადებით შეფასებას ნამდვილად არ ველოდი. საბჭოთა კავშირის კინომატოგრაფისტთა კომიტეტში განხილვას თითქმის ყველა ცნობილი რეჟისორი დაესწრო. ფილმით აღტაცებული დარჩა მიხეილ რომი, ემოციებს ვერ ფარავდა. წარმატებას გვილოცავდნენ ალექსანდროვი, ვასილიევი, პირიევი, დონსკოი და სხვები" - იხსენებდა წლების შემდეგ ტაბლიაშვილი.

კურიოზებიც ბევრი ყოფილა. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, მაკარის სახლიდან გაქცეულ სანდრო ჟორჟოლიანს კოტეს მეგობრები დამბაჩას რომ ესვრიან.

ამ სცენას ტაბლიაშვილი ასე იხსენებს: "იაშა ტრიპოლსკიმ და ჟორა ქორიძემ მთხოვეს, ნება მოგვეცი, ჟორჟოლიანს დამბაჩები მართლაც ვესროლოთო. არაფერი მოუვა, დამბაჩებს ქაღალდით დავტენით, უბრალოდ ცოტა აეწვებაო. ჩავრთეთ კამერა. ბიჭებმა ჟორჟოლიანს მართლაც ადინეს ბოლი. საბედნიეროდ, სანდროს გადაღება არ გაუფუჭებია, მაგრამ გამწარებული ისე ყვიროდა - მართლა მომხვდა, მართლა მომხვადო, რომ სიცილს ვერ ვიკავებდით. ჟორჟოლიანი კი აღშფოთებული გვიყვიროდა - რა გაცინებთ, მართლა დაჭრილი ვარო! ძლივს დავარწმუნეთ, რომ ოდნავ ჰქონდა გაწითლებული."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×