ია აბულაშვილი
25.05.2017

 ძველ თბილისელებს კარგად ახსოვთ, როგორი იყო თბილისური "კომუნალკები" და ამის შეხსენება მათ არ სჭირდებათ, მაგრამ ურიგო არ იქნება, ახალგაზრდა თაობამაც იცოდეს, თუ როგორ შეცვალეს კომუნისტებმა თბილისელების ცხოვრების წესი და რა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ რუსული ოკუპაციის შემდეგ დედაქალაქის მცხოვრებლები.

ამ პერიოდის სრული სურათის აღსადგენად "აივნიანი ქალაქის" ის ესთეტიკური გარემო უნდა გავიხსენოთ, რომელშიც ტრიალებდნენ გასული საუკუნის თბილისელები. ის სახლები, მოჩუქურთმეული კარებითა და ჭიშკრებით, მარმარილოსა და მოზიაკიანი კიბეებით, რკინის მოაჯირებით, ფართო ფანჯრებითა და ფასადებით: ატლანტებით, მედუზა-გორგონებითა და ლომის თავებით დამშვენებული; მაღალჭერიანი ოთახები, მარმარილოს ბუხრებითა და კაფელით მოპირკეთებული ჰოლანდიური ღუმლებით; გაწყობილი უამრავი ლამზი ნივთებით, მამაპაპური იარაღით დაწყებული, ბაროკოსა და ამპირის სტილის ავეჯით დამთავრებული; გასაოცარი ფორმის ჭაღებით, ძვირფასი შანდლებით, ფაიფურის ჭურჭლითა და ხალიჩებით. ეს სახლები მტკვრის ორივე ნაპირზე იყო განლაგებული. ქალაქის ცენტრში არისტოკრატები ცხოვრობდნენ. მთაწმინდასა და ვერის უბნებში - ინტელიგენცია და მოხელეები, სოლოლაკში - მსხვილი ბურჟუაზია, ავლაბარში, ხარფუხსა და ციხის უბანში - წვრილი ვაჭრები და ხელოსნები.

ბოლშევიკების ხანამ ეს ყველაფერი მოსპო, ოკუპაციის პირველივე თვეებში შეძლებული ხალხისითვის ჩამორთმეულ ბინებში 11 ათასი მუშა შეასახლეს. დაირღვა თბილისელთა ტრადიციული ყოფა და საბჭოური "კომუნალკები" დაამკვიდრა. 5-6-ოთახიან სახლებში, თითოეულ ოთახში, თითო ოჯახი ცხოვრობდა. ყველას ერთი სამზარეულოთი, ერთი ტუალეტითა და ერთი სააბაზანოთი უნდა ესარგებლა. მთელი ქალაქი, ყველა სახლი ასე აითვისეს, გარდა იმ ბინებისა, რომლებშიც კომუნისტთა "ბელადებს" უნდა ეცხოვრათ. "კომუნალკაში" ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, ყოველ წამს კონფლიქტი ყოფით საკითხებზე, გაუთავებელი ჩხუბი ტუალეტში ან აბაზანაში დიდხანს ყოფნის გამო; ვიღაცას ბევრი სტუმარი მოსდის ან კიდევ ერთი ცუდადაა და მეორეს წვეულება აქვს.

როგორც ურბანისტები ამბობენ, კომუნისტების იდეამ ვერ გაამართლა, კომუნალურმა ბინამ მობინაადრეები ვერ გაათანაბრა, იქნებ სპეციალურადაც შექმნეს ეს იდეოლოგია, ხალხი ერთმანეთს ებრძოდა, უჩიოდა, ასმენდა და ამ გზით ადვილად სამართავი ხდებოდა. ადამიანები აღარ ზოგავდნენ იმ სახლებს, რომლებიც მათ აღარ ეკუთვნოდათ, სახლებს შიგნიდან ძარცვავდნენ, ხსნიდნენ და ყიდდნენ მარმარილოს ბუხრებს, კიბის საფეხურებს, ანგრევდნენ კედლის ღუმლებს, ამახინჯებდნენ ფასადებს. ასე ინგრეოდა თბილისის ძველი უბნების არქიტექტურა.

ერთი თბილისური "კომუნალკის" ისტორია

დავით აღმაშენებლის გამზირზე დღესაც დგას საუკუნის წინ აშენებული ულამაზესი სამსართულიანი სახლი, რომელიც ერთ დროს გილდიის პირველი ვაჭრის, ერასტი ჭავჭანიძის საკუთრება იყო. მთელი 20 წლის დანაზოგით აუშენებია ეს სახლი და როგორც ბევრი სხვა იმ დროს, ისიც "განაკულაკეს" და სახლი ჩამოართვეს. ამ სახლის ასაშენებლად ერასტი ჭავჭანიძეს ინჟინრები იტალიიდან და გერმანიიდან ჩამოუყვანია, ფლორენციელებს კი სახლის კედლები და სადარბაზო მოუხატავთ. კედლებზე გამოსახული იყო "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟები მიხეილ ზიჩის ილუსტრაციებით შექმნილი. სადარბაზოს შესასვლელში ეკიდა შვეიცარიული დიდი სპილენძის საათი. კედელში იდგა ღუმელი, რომელიც პოლონელებს გაუკეთებიათ. სადარბაზოს ჰქონდა ულამაზესი კარი. ეზოში იყო დიდი აუზი შადრევნით. სახლის მშენებლობა 1903 წელს დასრულდა და იგი დღეს ევროპული მოდერნის ქართულ კატალოგშია შესული.

გილდიის პირველ ვაჭარ ერასტი ჭავჭანიძეს ამ სახლში მხოლოდ 6 ოთახი ეკავა, დანარჩენ ოთახებში სტუდენტებს უსასყიდლოდ აცხოვრებდა. სტიპენდიაც დაუნიშნა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიოდნენ სასწავლებლად. როცა ეს სახლი ჩამოართვეს, დიდხანს იხვეწებოდა, შვეიცარის ოთახი მაინც დამიტოვეთო. კომუნისტებს კი უთქვამთ - იყო შენი, გახდა ჩვენიო და სახლში ისეთი ხალხი შეუსახლეს, რომ ერთ მათგანს ოთახში ღორების სადგომი ჰქონია, ღორების საჭმელს კი საპირფარეშოში ინახავდა. ერასტის ვაჟიშვილს, რომელიც სამსახურიდან გვიან ბრუნდებოდა, სახლში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, შენ გამო ჩვენ გვეღვიძებაო, ოჯახის წევრებს კი "მათხოვრებს" ეძახდნენ.

"ხრუშჩოვკები"

გასული საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა საბჭოთა კავშირის მეთაური ნიკიტა ხრუშჩოვი გახდა და კომუნისტურ რეჟიმს პროპაგანდისტული მიზნებისთვის, "ხალხის კეთილდღებისთვის" რაც შეიძლება ბევრი სახლი სჭირდებოდა, დაიწყო სრულიად უსახო, ყოველგვარ არქიტექტურულ ღირებულებას მოკლებული, ხუთსარულიანი, დაბალჭერიანი საცხოვრებული სახლების, "ხრუშჩოვკების" მასობრივი მშენებლობა. "ხრუშჩოვკებს" მხოლოდ კომუნისტური რეჟიმისადმი ერთგულ ხალხს აძლევდნენ, მაგრამ ახალმშენებლობებმა ვერ მოსპეს "კომუნალკები". უამრავი ხალხი დარჩა "კომუნალკებში", რომლებიც, როგორც ამბობენ, ახალ სახლებში გადასულ ნათესავებსა და მეგობრებთან შაბათ-კვირას საბანაოდ და კომფორტის სხვა სიკეთის მისაღებად დადიოდნენო...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×