"ქართული ფული უმოკლეს დროში გახდა საერთაშორისო ვალუტა, ხოლო სახალხო მეურნეობა ისე გაძლიერდა, რომ..."
ია აბულაშვილი
26.05.2017

 მიუხედავად არსებობის ხანმოკლე პერიოდისა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა და ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეძლო მთელი რიგი ღონისძიებების გატარება როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.

სწორედ ამ მიღწევებზე და იმ ადამიანებზე, გვინდა, ვისაუბროთ დღევანდელ სტატიაში, რომლებმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ქვეყნის აღმშენებლობაში.

დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების შემდეგ ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს მთავრობა. ახლად ფეხადგმულ რესპუბლიკას სჭირდებოდა დროშა, ჰიმნი და გერბი. საქართველოს სამფეროვანი დროშა ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით შექმნა ცნობილმა მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძემ. სახელმწიფო ჰიმნი "დიდება" დაწერა კომპოზიტორმა კოტე ფოცხვერაშვილმა, გერბი- იოსებ შარლემანმა.

ამ პერიოდში დადგინდა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრები, ქართული ენა გამოცხადდა სახელმწიფო ენად, გატარდა ადმინისტრაციული და სასამართლო რეფორმა. ჩამოყალიბდა ეროვნული გვარდია და რეგულარული არმია. ასევე თვითმმართველობის ორგანოები, პროფესიული კავშირი. შეიქმნა ფულად-საფინანსო სისტემა. ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, ქვეყანამ მიიღო კონსტიტუცია.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუცია

დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციის შემუშავება დამფუძნებელმა კრებამ ჯერ კიდევ 1918 წლის ივნისში დაიწყო, ერთი წლის შემდეგ აირჩია საკონსტიტუციო კომისია; 1920 წელს კი დამფუძნებელმა კრებამ კონსტიტუციის განხილვა დაიწყო.

ამ სხდომაზე ნოე ჟორდანიამ წამოაყენა სახელმწიფო მოწყობის ძირითადი საკითხები. 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ ერთხმად მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელმაც მხოლოდ ოთხი დღე იარსება, თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, კონსტიტუციის მიღება საქართველოს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეროვნული, სახელმწიფოებრივი და ისტორიული ფაქტი იყო.

იგი იყო სახელმწიფოს ძირითადი კანონის კლასიკური მაგალითი, საქართველოს კონსტიტუციონალიზმის თავფურცელი, იმ დროისათვის განვითარებული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი.

1921 წლის თებერვლის კონსტიტუცია შედგებოდა 17 თავისა და 149 მუხლისაგან. კონსტიტუციამ საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობის ფორმად აღიარა დემოკრატიული რესპუბლიკა და იგი მუდმივ პოლიტიკურ ფორმად გამოაცხადა.

საქართველო გამოცხადდა თავისუფალ, დემოკრატიულ და განუყოფელ სახელმწიფოდ. კონსტიტუციით განისაზღვრა საქართველოს მოქალაქეთა ძირითადი უფლებები. გაუქმდა სიკვდილით დასჯა, ქალებს მიეცათ არჩევნებში ხმის უფლება.

ქვეყნის უმაღლეს ორგანოდ აღიარებული იყო პარლამენტი, რომელიც აირჩეოდა პროპორციული საარჩევნო სისტემით საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით სამი წლის ვადით.

აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო მთავრობა. მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა ერთი წლით. სასამართლო ორგანო იყო სენატი, რომელსაც ირჩევდა პარლამენტი. ასევე ცალკე მუხლით იყო განსაზღვრული ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა.

დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკა

"1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, აუცილებელი იყო ჩვენ მიერ არსებული პოლიტიკური მიზნების და არსის გადმოცემა. ჩვენ გვმართებდა ჩვენი ორიენტაციის ზუსტი გამოხატვა და დასაბუთება, რომელიც ავირჩიეთ 1918 წელს.

აქ თავი იჩინა ლტოლვამ ევროპისკენ, რომელიც ყოველგვარი კულტურული მოძრაობის ცენტრად და უმთავრეს კერად გაიაზრებოდა. სურვილმა, თავი დაგვეხსნა რუსეთის გავლენის მძიმე და საშიში მუხრუჭებისაგან.

"ასე მოიხაზა "ევროპისკენ მიკედლების" ის ვარიანტი, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს პოლიტიკას 1918 წელს. ამ ვარიანტის მიღება ზუსტად შეესაბამებოდა პოლიტიკურ მდგომარეობას" - ეს სიტყვები ეკუთვნის დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, ცნობილ დიპლომატ ზურაბ ავალიშვილს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში.

სახელმწიფო აღმშენებლობა

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ახლად ფეხზე დამდგარი ნორჩი რესპუბლიკა მოწყურებული იყო სახელმწიფო აღმშენებლობას. ასეთ დროს საჭირო იყო პირობებთან შეფარდებული საფინანსო და სამეურნეო პოლიტიკა, რომელიც გამოიყვანდა ქვეყანას ამ მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან.

ამ საქმეში კი დიდი წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ეკონომიკურმა ბლოკმა, რომლის წევრებიც იყვნენ კონსტანტინე კანდელაკი, ნოე ხომერიკი, იოსებ ელიგულაშვილი, ილია გოლდმანი და სხვები.

"საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან კონსტანტინე კანდელაკს განსაკუთრებით მძიმე მოვალეობა დაეკისრა. ის ფინანსების და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრია. ის მთავარი კალატოზია, მან სახელმწიფო შენობას საფუძველი უნდა ჩაუყაროს, ძირი მტკიცედ გაუმაგროს, კარგი ფინანსები, ჯანსაღი ეკონომიკა, ეს ხომ მთავარი საფუძველია სახელმწიფოს სიმაგრის და ხალხის კმაყოფილების" - ასე გამოეხმაურნენ მაშინდელი მთავრობის წევრები კონსტანტინე კანდელაკის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.

სწორედ კონსტანტინე კანდელაკის ფინანსთა მინისტრობის პერიოდში დაისახა მრეწველობისა და ვაჭრობის გამოცოცხლების გზები. ჩამოყალიბდა "საქართველოს რესპულიკის უმაღლესი ეკონომიკური საბჭო", რომლის ფუნქციაც იყო ეკონომიკის განვითარების ახალი ფორმების შემუშავება, სახელმწიფოს, კერძო და საზოგადოებრივი სექტორების საქმიანობის კოორდინაცია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთიანი გეგმის შემუშავება, სახელმწიფო ფინანსების მოწესრიგება და ბიუჯეტის შექმნა.

"ამ მეტად საპასუხისმგებლო პოსტზე კონსტანტინე კანდელაკმა ისეთი დიდი ნიჭი და გამჭრიახობა გამოავლინა, რომ ქართული ფული - მანეთი უმოკლეს დროში გახდა საერთაშორისო ვალუტა, რაც ნათელს ხდის იმ მდგომარეობას, რომ საქართველოს სახალხო მეურნეობა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მოკლე დროის განმავლობაში ისე მომაგრდა და გაძლიერდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქვეყანა გახდა ყოფილი მეფის რუსეთის იმპერიის ქვეყნებს შორის", - იტყვიან წლების შემდეგ კონსტანტინე კანდელაკზე მისი გუნდის წევრები.

ქართული ეკონომიკის აღმშენებლობის საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს ასევე იოსებ ელიგულაშვილმა და ილია გოლდმანმა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა სრულიად ახალგაზრდა იოსებ ელიგულაშვილი, რომელზეც თანაგუნდელები ამბობდნენ, რომ იგი ტოლს არ უდებდა გამოცდილ, საქმიან კაცებს.

"ზოგს ეს გარემოება შიშს გვრიდა - შეეფერება ეს ახალგაზრდა კაცი ამ თანამდებობასო? მაგრამ როცა მას საქმეზე საუბარში გაეცნობოდნენ, იგი თვით ძველ და გამოცდილ დიდ მოხელეებსა და საქმის კაცების ყურადღებას და პატივისცემას იმსახურებდა".

სწორედ იოსებ ელიგულაშვილი მიავლინა მაშინდელმა მთავრობამ 1920 წელს ეკონომიკური საკითხების გადასაჭრელად როტერდამსა და საფრანგეთში.

დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია იტყვის: "ყველა ქვეყანა მთავრობის წევრობას სანთლით ეძებენ, ეს უმაღლესი თანამდებობა ყველგან სანატრელი და საბრძოლველია. ჩვენში კი მთავრობაში შესვლა მიჩნეული იყო დიდ უბედურებად, ყველა მას გაურბოდა, როგორც ჭირს. რამდენი ხვეწნა მჭირდებოდა, რამდენი კალთის გლეჯა, ძლივს ვახერხებდი შემადგენლობის შეკრებას, მიზეზი იყო დიდი პასუხისმგებლობა."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×