გვანცა წულაია
26.05.2017

დღეიდან საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიმართება. თბილისში, საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, მრავალმხრივი შედხვედრები ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოსთვის ეს ისტორიული დღეა, ქვეყნის პროგრესის, დემოკრატიის, განვითარების და წარმატების პირდაპირი აღიარებაა.

სესიაშვილის განმარტებით, თბილისს 600-მდე დელეგატი ეწვევა. მათ შორის 28 წევრი ქვეყნის პარლამენტის დეპუტატი, 20 არაწევრი, ასოცირებული და პარტნიორი ქვეყნების დამკვირვებლები. ასევე თქვა, რომ თბილისში ასამბლეის სესიაში ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვერ მიიღებს მონაწილეობას, რაც მან აშშ-ში ვიზიტით ახსნა.

"სესიაზე სიტყვით გამოვლენ: საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. ნატოს წევრი ქვეყნების დელეგატები საოკუპაციო ხაზსაც ეწვევიან და ასევე გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის მიღწევებს.

"მნიშვნელოვანი და უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საგაზაფხულო სესიაზე, როგორც წესი, არ იღებს ან იშვიათად იღებს რეზოლუციას ან დეკლარაციას, თუმცა ამ შემთხვევაში გვაქვს პატივი, რომ ამ ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია იქნება მიღებული, რასაც მივესალმებით", - აღნიშნა სესიაშვილმა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქართველოში გამართვას რა კონკრეტული შედეგები შეიძლება ჰქონდეს ქვეყნისთვის? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 დიმა ჯაიანი (მსახიობი):  შედეგი იქნება. მაგრამ წინასწარ ვერ გეტყვით, რა. ეს კარგი მესიჯი და მინიშნებაა. იმას ვერ გეტყვით, რომ ხვალ ნატოში მიგვიღებენ, მაგრამ მესიჯი ნამდვილად ძალიან სწორი და პოლიტიკურად გამართლებულია.

 

 

 

 

 გია ბუღაძე (მხატვარი):  ის, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ტარდება, უკვე შედეგია. ვფიქრობ, რაღაც გარკვეულ მესიჯებს და მიზნებს აუცილებლად დატოვებს.

შემდგომში შედარებით უფრო იმედისმომცემი დასკვნების გამოტანის საშუალება უნდა გვქონდეს, რადგან ასეთი რამ ტყუილად არ ხდება. თან თუ დააკვირდებით, მეტ-ნაკლებად რაღაცები უკეთესობისკენ იცვლება, დასავლეთს ვგულისხმობ.

თუმცა ჩვენი ქვეყანა, თვითმმართველობა და ე.წ მთავრობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, დასავლეთის მხრიდან ეს კარგი მესიჯების და იმპულსების პროცედურაა.

 

 ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი):  თავისთავად ნამდვილად კარგი ფაქტია. თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, რომ რეალურად ევროპას კიდევ უფრო მივუახლოვდეთ.

სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება, ზოგადად, ევროპული სტანდარტებისკენ სწრაფვას ფიქტიურად ახორციელებს. მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. საჭიროა რეალური მმართველობის ევროპიცაზია და არა აღმოსავლური ტიპის ავტორიტარული რეჟმის დამყარება.

 

 

 ქეთი ბექაურ (იურისტი):  შედეგი აუცილებლად იქნება, რადგან საქართველოს სწორი სტრატეგიული სვლები აქვს. ნატოს ალიანსში გაწევრიანებისკენ ნაბიჯები წარმატებულად იდგმება. არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ ეს დღეს ან ხვალ მოხდება, მაგრამ საქართველოს ნატოში სწრაფვა და გაწევრიანება გარდაუვალია. მთავარია, ხელისუფლება სწორი სტრატეგიული სვლებით მიდის.

 

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  საერთაშორისო პოლიტიკაში მარტო კონკრეტულ შედეგებს არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიმბოლურ ამბავსაც. ამ შეხვედრიდან ალბათ დიდ შედეგს მოველით, თუმცა სიმბოლიკას დიდი მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამაზეა ორიენტირებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×