ია აბულაშვილი
27.05.2017

 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად ქართველი ხალხი პატივს მიაგებს სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ მერაბ კოსტავას7 კაცს, ვინც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლა. დღევანდელ სტატიაში, გვინდა, გავიხსენოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი მისი ცხოვრებიდან.

პირველად მერაბ კოსტავა 1956 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით. ის და მისი თანამოაზრეები, სულ 9 კაცი, გაერთიანებული იყვნენ ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსებულ არლეგალურ ორგანიზაციაში "გორგასლიანი". სწორედ აქ დაიბეჭდა ის პროკლამაციები, რომლებიც შემდეგ თბილისის ქუჩებში გამოჩნდა: "ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას, გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს", "ძირს პირსისხლიანი კომუნისტები". ეს გახდა მიზეზი ამ ახალგაზრდების დაკავებისა.

სასამართლომ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მეორე დღეს გაზეთი "კომუნისტი" წერდა: "ისინი სახელს უტეხენ ჩვენს საუცხოო ახალგაზრდობას, გვევლინებიან მუწუკებად ჯანსაღ სხეულზე, მუწუკს ამოჭრა უნდა."

1972 წელს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად აყალიბებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფს. რეპრესიები მის წინააღმდეგ უფრო და უფრო მძაფრდება, "სუკი" გამუდმებით უთვალთვალებს. მის სახლთან დღე-ღამის განმავლობაში დგას უშიშროების მანქანა. მერაბი კი ამაზე ასე რეაგირებს - "მთელი დღე აქ დგანან, მოშივდებოდათ" და საჭმელი გააქვს მის თვალთვალში დაქანცული "სუკის" თანამშრომლებისთვის.

1977 წლის აპრილში ისევ დააპატიმრეს ზვიად გამსახურდიასთან ერთად. მერაბს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისათვის. 1980 წელს ირკუტსკის ოლქში გადაასახლეს, ტაიშიშეტის რაიონის დაბა კვიტოკში. გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს. 5 წელი დაუმატეს, როგორც "ხულიგანს" და ციმბირში, ანგარსკში გაამწესეს.

"პერმის საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას კარცერში ჩამაგდეს, ტრუსების ამარა, 40 გრადუსიან ყინვაში. რკინის გისოსები მჭიდროდ მქონდა შემოჭერილი, მხოლოდ სიმაღლეში იყო დარჩენილი 10-15 სანტიმეტრი. მთელი ღამე ხტუნვაში გავატარე. როცა მეორე დილით ზედამხედველები ჩემს "გასატანად" მოვიდნენ, გაოცებულები დარჩნენ, როცა დავუძახე "პრივეტ, ბრატცი!" - ასე იხსენებდა მერაბ კოსტავა ციხეში გატარებული 10-წლიანი ტანჯვის ერთ ეპიზოდს.

პატიმრობიდან სამშობლოში 1978 წელს დაბრუნდა და არ ყოფილა 80-იანი წლების ბოლოდან მიტინგი თუ დემონსტრაცია საქართველოში, რომ მისი ორგანიზატორი არ ყოფილიყოს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი - თბილისში პირველად მისი ინიციატივით აღინიშნა. 30-მდე ახალგაზრდა შემოიკრიბა, აქცია მცირერიცხოვანი იყო, მაგრამ მაინც ჩაატარა.

მიტინგზე ამ დღის მნიშვნელობა ახსნა და ხალხს დაკარგული დამოუკიდებლობის დაბრუნებისთვის ბროლისკენ მოუწოდა. მერე თავისი სახლის სახურავზე დამოუკიდებელი საქართველოს სამფეროვანი დროშა ააფრიალა. მილიციაც უმალ გაჩნდა და დროშის ჩამოხსნა მოსთხოვა.

მკაცრი უარის მიუხედავად, მილიციამ დროშა ძალით ჩამოხსნა. მერაბ კოსტავას კი უთქვამს, ცოტა ხანში მთელ საქართველოში, ყველა სახლის სახურავზე ეს დროშა იქნებაო.

ამის შემდეგ მიტინგის მონაწილეები კოსტავას თაოსნობით სიონისკენ დაიძრნენ, გზაში მათ ხალხი უერთდებოდა, სიონთან აქციის მონაწილეებს მილიციის კორდონი დახვდათ.

"თუ ვინმე სუფთა რეპუტაციით და თან ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან, ეს მერაბ კოსტავა იყო", - იტყვის წლების შემდეგ საქართველოს ცეკას ყოფილი პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი.

იგი მერაბ კოსტავასთან შეხვედრის ერთ ეპიზოდს ასე იხსენებს:

"მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ბავშვობიდან ვიცნობდი, ერთ სკოლაში ვსწავლობდით. მერე ჩვენი გზები გაიყარა, მერაბმა დისიდენტური ცხოვრება აირჩია, მე - კომკავშირული და პარტიული, მაგრამ ერთმანეთისთვის ხელი გამართულად ჩამოგვერთმია, ბოლომდე შევინარჩუნეთ.

"ერთ საზეიმო შეხვედრაზე ცნობილმა მსახიობმა მედეა ჯაფარიძემ წერილი გადმომცა, რომლის ავტორი მერაბ კოსტავას დედა იყო. ოლღა დემურია მთხოვდა, რომ მერაბი საქართველოში გადმომეყვანა, რომელიც მაშინ შორეულ აღმოსავლეთში იხდიდა სასჯელს. იმხანად მერაბი ავად იყო და მის ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებდა იქაური კლიმატი და ციხის აუტანელი პირობები. ამას ზედ დაერთო შვილის ტრაგიკული გარდაცვალება.

"რაც მთავარია, დისიდენტთა შორის მერაბი იყო ერთადერთი, ვინც ჯერ კიდევ იხდიდა სასჯელს, დანარჩენები, უკლებლივ ყველა, თავისუფლები იყვნენ და ცხოვრებაც აწყობილი ჰქონდათ. ზოგი ინსტიტუტში დასაქმდა, ზოგმაც სამეცნიერო საქმიანობას მიჰყო ხელი. ერთადერთი იყო მერაბი, ვინც ვერ გატეხეს და, "შესაბამისად", ისევ ციხეში იჯდა.

"მაშინვე დავურეკე ინაურს და ვკითხე, რისი გაკეთება შეგვეძლო მერაბ კოსტავას გასათავისუფლებლად. როგორც ინაურმა მითხრა, შორეული აღმოსავლეთიდან მერაბის გათავისუფლებას პირდაპირ ვერ შევძლებდით, ამიტომ იგი ჯერ როგორც პატიმარი, ისე უნდა გადმოგვეყანა საქართველოში, ხოლო მერე მალევე გაგვეთავისუფლებინა.

"შევთანხმდით, რომ თავდაპირველად ინაური მოსინჯავდა ამ გზას და თუ შედეგი არ იქნებოდა, მაშინ კრემლში ჩავიდოდი და შესაბამის უწყებას კოსტავას გათავისუფლებას პირადად ვთხოვდი.

"რამდენიმე დღეში ინაურმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩვენი ოფიცერი ამ საკითხის მოსაგვარებლად შორეულ აღმოსავლეთში უკვე გაიგზავნაო. მერაბ კოსტავა შორეული აღმოსავლეთიდან საქართველოში გადმოვიყვანეთ, იგი ქსნის კოლონიაში გაანაწილეს, საიდანაც, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა, სამ თვეში გავათავისუფლეთ.

"მერაბი არ იყო ის კაცი, მადლობის გადახდა დავიწყებოდა, ან ცენტრალურ კომიტეტში მოსვლის მორიდებოდა. გაათავისუფლეს თუ არა, კაბინეტში მესტუმრა. ერთმანეთს გულთბილად შევხვდით. ცოტა ხნის შემდეგ, როცა საქართველოს მომავლ ბედზე დავიწყეთ საუბარი, საქართველოს ცეკას მდივანს ცეკას შენობაში, ცეკას მდივნის კაბინეტში, შოკისმომგვრელ ფრაზას მეუბნება - "ჩვენ დავამარცხებთ რუსეთის იმპერიას." აი, აქ უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მე და მერაბი სამყაროს სხვადასხვა ორბიტიდან ვუყურებდით. მაქსიმუმი, რაც ჩვენი ურთიერთობიდან შეიძლებოდა დარჩენილიყო, კაცური ურთიერთობა იყო.

"უმძიმესი ცხოვრების მიუხედავად, ბოლომდე ბავშვივით სუფთა, გულუბრყვილო ადამიანად დარჩა. რაღაც უცნაური, აუხსნელი ფენომენი იყო. დისიდენტებსა და მოგვიანებით უკვე ე.წ. ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის თუ ვინმე სუფთა რეპუტაციით და თან ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან, ეს მერაბ კოსტავა იყო".

1989 წლის 9 აპრილს მერაბ კოსტავა დააპატიმრეს. 40 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. 1989 წლის 13 ოქტომბერს კი ქუთაისიდან თბილისში მომავალი სოფელ ბორითთან ტრაგიკულად დაიღუპა. 2013 წელს მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×