ნინო ქეთელაური
27.05.2017

გუშინ საქართველოში დამოუკიდებლობის დღე კვლავ სამხედრო აღლუმის გარეშე ჩატარდა. წლების განმავლობაში ეს დღე სამხედრო აღლუმით აღინიშნებოდა, თუმცა 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, უარი თქვეს ამ ტრადიციაზე და ძირითადი აქცენტი სახალხო დღესასწაულზე გაკეთდა.

ეწყობა სამხედრო ტექნიკისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების გამოფენა, ასევე ფიცის დადების ცერემონია.

აღნიშნულ ფაქტს "სამწუხაროს" უწოდებენ "ნაციონალურ მოძრაობაში", რასაც ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია "ძლიერი, ერთიანი საქართველოს" წევრებიც იზიარებენ.

"გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ რუსთაველის გამზირზე ქართველი ჯარისკაცები არ აფრიალებენ ამაყად საქართველოს დროშას, არ ტარდება აღლუმი, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს დაამკვიდრა საქართველოს ხელისუფლებამ", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

უნდა იმართებოდეს თუ არა სამხედრო აღლუმი 26 მაისს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): "კი, ვფიქრობ, უნდა იმართებოდეს. სიამოვნებით ვნახავდი სამხედრო აღლუმს. ვუყურებდი თუნდაც საავიაციო შოუს. თუმცა მიმაჩნია, რომ სამხედრო ტექნიკა გარკვეული სიფრთხილით უნდა იყოს შერჩეული."

 

 

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი): "არა, რადგან მიმაჩნია, რომ არ არის საჭირო სამხედრო ძალის დემონსტრირება, ეს აბსოლუტურად ფუჭი მატერიალური დანახარჯია და ვერ ვხვდები, რა მიზანს ემსახურება.

"ფიცის დადება მშვენიერია. ჩვენი ჯარისკაცები გამოდიან, ფიცს დებენ, რომ სამშობლოს ერთგულები იქნებიან და ეს საკმარისია. რად გვინდა ტანკების ყურება."

 

 

 ნატო გელაშვილი (მომღერალი): "კი. რატომაც არ უნდა იმართებოდეს?! სამხედრო აღლუმში ცუდს ვერაფერს ვხედავ."

 

 

 

 

 გივი სიხარულიძე (მსახიობი, მწერალი): "დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ, მაგრამ მგონია, რომ არ ვართ. ყველაზე დამოკიდებულები ვართ. მერე რა აღლუმი უნდა ჩავატაროთ?! რა ჯარზეა ლაპარაკი?! დღეს, ატომურ ეპოქაში, რა ჯარი და შეიარაღება უნდა ვაჩვენოთ ისეთი, რომ მტერი შევაშინოთ?! ვფიქრობ, არ უნდა ჩატარდეს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×