როგორ დაიწყო სომხეთმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ომი
მამუკა ნაცვალაძე
27.05.2017

 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა დღემდე გამორჩეულ ინტერესს იწვევს. 1918 წლის 26 მაისს ახლად დაარსებული რესპუბლიკისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საერთაშორისო კონტაქტები, საერთაშორისო აღიარება. ამ ფონზე კავკასიაში გართულებული პოლიტიკურ-ეთნიკური ვითარება მნიშვნელოვანი ბარიერი აღმოჩნდა თავად რეგიონის უსაფრთხოებისათვის.

ერთიანი კავკასიის იდეა რომ აქ მოსახლე ყველა ეთნოსისათვის კეთილდღეობისა და პოლიტიკური შეუვალობის უტყუარი ფორმულაა, ისტორიის მრავალსაუკუნოვანმა ჟამთასვლამ არაერთხელ დაამტკიცა - თუ კავკასია ერთიანია, ეს რეგიონი მსოფლიო პოლიტიკისთვის ყველაზე ანგარიშგასაწევი გეოსტრატეგიული ადგილია.

ბუნებრივია, იყვნენ და არიან მსოფლიო პოლიტიკაში ძალები, ვისაც ეს ერთობა და კავკასიის სიძლიერე ხელს არ აძლევს, ამიტომაც აქ იყენებენ სულ სხვა მექანიზმს - შიდა დაპირისპირების მინელებულ იმპულსებს, ეთნიკურ ინტრიგებს, რომლითაც სასურველ შედეგს აღწევენ.

როგორ იყენებდნენ იმპერიები სომხეთს კავკასიურ პლაცდარმად

ამ რეალობაში უცხო ტომთათვის მთავარი მეკავშირე სომხური იმპერიული მისწრაფებებია, კონკრეტულად, ტიგრან პირველის დროინდელი დიდი სომხეთის აღდგენის ხელშეწყობაა, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეშობამდე პირველ საუკუნეში სულ რაღაც ორი ათეული წელი იარსება, დღემდე რჩება სომხური ნაციონალიზმის მთავარ ოცნებად და ორიენტირად.

ეს ის შაბლონია, რაც დაწყებული დიდი სომხეთის დაცემიდან, სხვადასხვა ფორმითა და აქტივობით მუდმივად გვახსენებს თავს. კავკასიის მართვის მოსურნე სხვადასხვა ქვეყნისთვისაც სომხური კოზირი ყველაზე ფასეულია, ამიტომაც იყენებენ მას წარმატებით, რაც კონკრეტულად გამოიხატება სომხური ნაციონალური იდეის, დიდი სომხეთის აღორძინების წახალისებით. ეს კი სხვა არა არის რა, თუ არა იდეა ქართული ტერიტორიების მიტაცებისა და ზღვაზე გასასვლელის მოპოვებისა.

სომხეთს, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, გეოსტრატეგიულად საკმაოდ არასასურველი ადგილი უკავია კავკასიაში. ის, ფაქტობრივად, დამოკიდებულია საქართველოზე, სწორედ ამიტომაც ჩნდება ცდუნება, სხვადასხვა იმპერიების დასაყრდენი გახდეს კავკასიაში. ეს კი ცალსახად აგრესიული განწყობის საბუდარია, რამდენადაც საქართველოს ტერიტორიის მიტაცება და შავ ზღვაზე გასასვლელის მოპოვება მას თვისებრივად სულ სხვა ქვეყნად აქცევს.

ბუნებრივია, იმპერიებს თავიანთი გათვლები აქვთ და არასდროს დაუშვიათ საკუთარი ინტერესების უგულებელყოფა კავკასიაში. დიდმა იმპერიებმა, მათ შორის რომმა, ვერ იგუა დიდი სომხეთი, გაძლიერებული სახელმწიფო, ამიტომაც პომპეუსმა ძალიან მარტივად აღადგინა სტატუს-კვო სომხეთის დამარცხებით. სწორედ პომპეუსმა დააბრუნა სომხეთი სომხურ ეთნიკურ გეოგრაფიულ არეალში.

ქვემოთ მოტანილი ამბებიც სწორედ ამ პრიზმაში გვინდა განვიხილოთ. ის, რასაც ქვემოთ დავწერთ, მაგალითი და სააზროვნო უნდა იყოს აგრესიულად განწყობილი ძალებისადმი, რომელთაც რუსული იმპერია აგულიანებს.

სომხური ლახვარი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის

სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომი რუსული იმპერიული პოლიტიკის ნაწილი გახდა. თავად ის ფაქტი რად ღირს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ აგიტაციას ეწევიან არა მარტო სომხური "აშხატავორი" და "ნორ ორიზონი", არამედ რუსული "კავკაზსკოე სლოვოც".

1918 წლის მაისში ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა, რასაც შედეგად საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა. თითქოს ყველა პირობაა იმისათვის, რომ ის საერთო კავკასიური იდილიური პოლიტიკური სურათი აღდგეს, რაც ყველა რესპუბლიკის წარმატების მთავარი გარანტია. მაგრამ სწორედ აქ იკვეთება ის სომხური ნაციონალიზმის კონტურები, რამაც აშკარა სამხედრო აგრესიაში ჰპოვა ასახვა.

ბუნებრივია, ამ დროს აგრესიას, ომს სჭირდება მიზეზი და მიზანი. სომხეთის მიზანი ისედაც გასაგებია, მიზეზი კი თურმე ის ყოფილა, რომ თითქოს საქართველოს გადაკეტილი ჰქონია სომხეთისაკენ მიმავალი სარკინიგზო მაგისტრალი, რის გამოც სომხეთის მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილა. თურმე შიმშილობს სომხეთი და ქართველია ამის მიზეზი. ამას ყველაფერს სომეხი ისტორიკოსი არამ კარაპეტიანი წერს.

ამბავი საქართველოში სომხების დასახმარებლად გაჩაღებული საქველმოქმედო კამპანიისა

ბუნებრივია, ქვეყნის, მით უმეტეს გაჭირვებულის, უმიზეზო ბლოკადა, აბა, რა მოსაწონია?! მაგრამ საქმე ისაა, რომ ის ქვეყანა, კონკრეტულად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც ვითომდა სომხეთისკენ ტვირთს ბლოკავს, დიდ ქალაქებში - თბილისსა და ქუთაისში ათეულობით საქველმოქმედო ღონისძიებებს მართავს სომხების დასახმარებლად.

ეს ის დროა, 1915 წლის ამბები ჯერ კიდევ რომ მწარედ ახსოვს სომხეთს. თურქეთში სომეხთა მასობრივ ჟლეტას დიდი ემიგრაცია მოჰყვა შედეგად და ამ დროს, თავად განსაჯეთ, რა დამოკიდებულება ექნებოდა ქართველ მოსახლეობას, რომლის სავიზიტო ბარათი სწორედ გაჭირვებულისათვის თანადგომაა.

ჰოდა, არც ამჯერად ირღვევა ქართული წესი და ადათი - გარდა საქველმოქმედო ღონისძიებებისა, თბილისში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში ჩვეულებრივ გროვდება ფული, ტანსაცმელი სომხებისათვის, მთავარი აქცენტი სწორედ სომხების დახმარებაზეა გადატანილი.

აქ იბადება კითხვა - როგორ ხდება ორი ერთმანეთისაგან გამომრიცხავი ფაქტის თავსებადობა - ერთი მხრივ, ქართველთა მასობრივი მობილიზაცია სომეხთა დასახმარებლად და, მეორე მხრივ, ამის პარალელურად სომხეთისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ტვირთის დაბლოკვა?

სომეხი ისტორიკოსი რომ ცრუობს, აშკარად ჩანს, ჯერ ერთი, იმით, რომ ასეთი ბლოკადის ფაქტი არ დასტურდება და, მეორეც, საქართველოს მთავრობაში ისეთი დემოკრატიული, უფრო სწორად, ულტრადემოკრატიული განწყობა იყო, ასეთ განზომილებაში, ფაქტობრივად, გამორიცხული იყო არათუ ტვირთის დაბლოკვა, არამედ თუნდაც მსგავსი იდეის გაფიქრებაც კი, მით უმეტეს სახელმწიფოებრივ დონეზე.

ამის დასტურად ერთ ცნობილ ამბავს მოვიტანთ, რომელიც პედანტურად აღწერს საქართველოს მთავრობის განწყობასა და დამოკიდებულებას სომხებისადმი.

რატომ ჩაითვალა გაუგებრობად სომხების მიერ ათეულობით ქართველის მკვლელობის ფაქტი

1918 წლის 7 დეკემბერს სომხებმა მოულოდნელად დაარღვიეს საზღვარი და მძინარე ქართველი ჯარისკაცები დახოცეს. ეს იმდენად მოულოდნელი იყო საქართველოს მთავრობისათვის, რომ მთავრობის მეთაურმა ჟორდანიამ ამ ფაქტს გაუგებრობა უწოდა და სომხეთის მთავრობას ოფიციალური დეპეშა გაუგზავნა, სადაც მოითხოვდა, მეტი აღარ განმეორებულიყო ასეთი ამბავი.

ბუნებრივია, ბევრი ძალიან კრიტიკულად შეხვდა ჟორდანიას ასეთ ლოიალობას. განსაკურებით მძაფრი პროტესტი გამოხატა დამფუძნებელ კრებაში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე სპირიდონ კედიამ, რომელმაც კონკრეტული ფაქტები დაასახელა, თუ როგორ ხდებოდა სომეხ მოხალისეთა ჩაწერა სომხურ ჯარში, მოითხოვა ამ ფაქტების ალაგმვა და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის მოთავეთა დაპატიმრება.

ეს ის დროა, როცა სომხური ნაციონალიზმის ცენტრი, ფაქტობრივად, თბილისში მოქმედებს - მათ შორის ულტრანაციონალისტურად განწყობილი "დაშნაკცუტუნი". საგულისხმოა, რომ კედიას გამოსვლა დამფუძნებელ კრებაში იმ დღეს ხდება, როცა სომხეთმა საქართველოს საზღვრები დაარღვია. სამწუხაროდ, ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის ლიდერს ყური არავინ დაუგდო.

სწორედ ასეთი წაყრუების შედეგი იყო, რომ სომეხ მოხალისეთა მობილიზება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს, თან პირდაპირ საქართველოს პარლამენტის წინ, დღევანდელი კინო "რუსთაველის" შენობაში. დამფუძნებელი კრება მაშინ დღევანდელ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში იყო განთავსებული.

როგორ აუბეს მხარი თბილისელმა სომხებმა აგრესიულ თანატომელებს

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში უმწვავესი რეაქცია ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს, რომელმაც საქველმოქმედო საზოგადოების სახელით შენიღბული სომეხი მოხალისეების დაპატიმრების უფლება მოითხოვა ჟორდანიასგან. როგორც თვითმხილველები აღწერენ, საუბარი საკმაოდ მძაფრი ყოფილა, მაგრამ ყველაფერი დასრულებულა იმით, რომ ჟორდანიას თავი შეუკავებია - ახლა ამის დრო არ არისო.

საქმე ის იყო, რომ თბილისში "სოც-ინტერნის" დელეგაციას ელოდნენ, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა ერთა ლიგაში საქართველოს გაწევრიანების საკითხი. სწორედ ეს იყო პრიორიტეტული ჟორდანიასთვის და არეულობას, რომელიც, დიდი ალბათობით, საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლ სომეხ მოხალისეთა დაპატიმრებას მოჰყვებოდა, ერიდებოდა.

ნოე რამიშვილმა გამოსავალი მონახა - სომეხი ეროვნების მილიციელებს დაავალა ამ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ალაგმვა. ამას კი მოჰყვა ის, რომ ზოგმა თავი აარიდა დავალებას და გათავისუფლების განცხადება დაწერა, ზოგმაც უარი განაცხადა. ეს უკანასკნელი უკვე თავად რამიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, დაითხოვა სამსახურიდან. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო გახდა უფრო მკაცრი ღონისძიების - დაპატიმრების გამოყენება - დააპატიმრეს შინაგან საქმეთა ორგანოში მომუშავე ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც მათზე გაცემული იარაღი არ ჩააბარეს სახელმწიფოს.

რისთვის სჭირდებოდათ სომხებს სახლებში გადანახული დიდძალი იარაღი

ეს საკმაოდ რთულად შესასრულებელი საქმე იყო. ფაქტობრივად, მინისტრი საკუთარ უწყებას, მილიციას აღარ ენდო და მოითხოვა გვარდიელების გამოყოფა, რომელთაც დაევალათ მთავრობის კომისიასთან ერთად საეჭვო მისამართების შემოწმება.

შედეგი იყო გამაოგნებელი - ყველგან, სადაც კი შესამოწმებლად მივიდნენ კომისიის წევრები, დიდი რაოდენობით ტყვია-წამალი და საბრძოლო იარაღი აღმოაჩინეს.

და ასეთ დროს უმწვავესი ფაქტების სრული იგნორირება სხვა არა იყო რა, თუ არა სახელმწიფოს ღალატი. საგულისხმოა ისიც, რომ იმდროინდელ ქართულ პრესაში სრული სიმშვიდეა, არაფერი იგრძნობა, რომ მტერი თბილისს მოსდგომია, მხოლოდ მცირე ბრძოლები იხსენიება, როგორც ლოკალური საბროლო მოქმედებები და გაუგებრობა. გამონაკლისია ეროვნულ-დემოკრატიული პრესა, გაზეთი "საქართველო".

როგორ გამოფხიზლდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობა

17 დეკემბერს, როგორც იქნა, გონს მოეგო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და მობილიზაცია გამოაცხადა. ეს ის დროა, 40 კილომეტრზე რომ არის მტერი თბილისიდან.

მთავრობის ამ ფერისცვალებამ რადიკალურად შეცვალა ქალაქში ატმოსფერო. იწყება მასობრივი მობილიზაცია, მსურველი უთვალავია, ყველა ერთი აზრითა და ფიქრითაა გამსჭვალული - სამშობლოსათვის თავი უნდა გასწიროს.

ომი მარტო ბრძოლა არ არის, მას ძლიერი ზურგი სჭირდება და სწორედ ამაზეც ზრუნავს ქართველობა, საოცრად ორგანიზებულნი, ლამაზნი, ამაღლებულნი. თბილისში იწყება სადღეღამისო პატრულირება, სახელმწიფო საგანგებო რეჟიმში გადადის.

ეს იყო ულამაზესი წუთები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაში. ყველაზე მთავარი და საცნაური კი ისაა, რომ ყველამ გვერდზე გადადო პარტიული თუ პირადი წყენა - ახლა საქართველოს ერთიანობა სჭირდებოდა და ერთ მუშტად შეკრულ ქართველობას უნდა მოეგერიებინა მტერი.

სოციალ-დემოკრატიული პარტია იძულებულია, დაივიწყოს პარტიული წყენა და საშველად გიორგი მაზნიაშვილსა და გიორგი კვინიტაძეს უხმობს. ეს ის გენერლები არიან, რომელნიც ვერ ჩაეწერნენ სოციალ-დემოკრატთა გემოვნებაში, ამიტომაც მათი გზები გაიყარა. მაგრამ ახლა სხვა დროა, ახლა მტერი კარზე მომდგარა და ეს ყველას საფიქრალი გამხდარა.

1918 წლის 18 დეკემბერს ასეთი განწყობით იწყება საბრძოლო ოპერაცია. ორი თხემით ტერფამდე სამშობლოზე შეყვარებული ქართველი გენერალი მზადაა, ბოლომდე დაიხარჯოს დამოუკიდებელი ქვეყნის დასაცავად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×