"1925 წლის 22 მარტს ტიფლისში, დიდუბის იპოდრომიდან გერმანული წარმოების "იუნკერს 13" ტიპის პატარა სამგზავრო თვითმფრინავმა გეზი სოხუმისკენ აიღო, მაგრამ მალევე ცეცხლის ალში გაეხვია. ეკიპაჟის ორი წევრი და სამი მგზავრი დაიღუპა. ასეთი იყო ოფიციალური ვერსია, რომელიც მეორე დღეს გაზეთ "კომუნისტში" გამოქვეყნდა" - აცხადებს "მთელ კვირასთან" ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ გვენეტაძე და იმ ვერსიებზეც საუბრობს, რომელიც იმ დროს არაოფიციალურად ვრცელდებოდა.
"ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან მგზავრები ცნობილი ჩეკისტები იყვნენ, ვინც ხელმძღვანელობდნენ წითელი არმიის შემოჭრას და საქართველოს გასაბჭოებას. ქართველმა პილოტმა შური იძია ამიერკავკასიის კომუნისტებზე და ჩეკისტებზეო - ეს ვერსია წამოვიდა მას შემდეგ, რაც ლევ ტროცკიმ კატასტროფის სპეციალურად მოწყობაში სტალინი და ქართველი მენშევიკები დაადანაშაულა.
"ამბობდნენ, 1924 წლის აჯანყება საქართველოში თავად სტალინმა მოაწყოო. იგი არ ენდო არც ორჯონიკიძეს და არც მახარაძეს. აჯანყების ჩახშობას ხელმძღვანელობდა მიასნიკოვი, რომელიც ამ თვითმფრინავში იმყოფებოდა.
"ამბაკო საღარაძე სოციალ-დემოკრატი იყო და მენშევიკებთან მფრინავად მუშაობდა. ის მაშინ სრულიად ახალგაზრდა - 26 წლის სამხედრო მფრინავი იყო და საქართველოში ავიაციის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნეოდა. პირველმა მან შეასრულა ტექნიკურად რთული გაფრენა რაჭასა და სვანეთში.
"არის თუ არა ეს ვერსია სარწმუნო, ამის შესახებ დღესაც ბჭობენ ისტორიკოსები, რადგან მაშინდელი ავიაციის მამები ვარაუდობდნენ, რომ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ჩიბუხის გაბოლების დროს ჩაუმქრალი ასანთი თვითმფრინავის სალონის იატაკზე დააგდო, რამაც აალება გამოიწვია.
"პირადად მე მიმაჩნია, რომ კატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის გაუმართაობა იყო, რადგან, ყველა წყაროს მიხედვით, რომელიც მე წამიკითხავს, მიზეზად სახელდება, რომ ავიაცია მაშინ ახლადფეხადგმული იყო და საჰაერო კატასტროფები ხშირად ხდებოდა", - ასე აფასებს 1925 წლის 22 მარტს მომხდარ ავიაკატასტროფას მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ გვენეტაძე.
ამბავი კი ასე ყოფილა: 23 მარტს სოხუმში აფხაზეთის საბჭოების ყრილობა უნდა ჩატარებულიყო. საპატიო სტუმრებმა თბილისიდან - სერგო ორჯონიკიძემ, სოლომონ მოგილევსკიმ, ალექსანდრე მიასნიკოვმა და გიორგი ათარბეგოვმა მგზავრობა "ზაკავიას" ახლად ამოქმედებული რეისით გადაწყვიტეს.
თვითმფრინავით გამგზავრებისთვის უპირატესობა იმ მიზეზით მიუნიჭებიათ, რომ საგაზაფხულო წყალდიდობის გამო დაზიანებული იყო რკინიგზის ხაზი დასავლეთ საქართველოში. თანაც აუცილებლად უნდა დასწრებოდნენ 20 მარტს მოსკოვში მოულოდნელად გარდაცვლილი საკავშირო ცაკას თავმჯდომარე ნარიმან ნარიმანოვის დაკრძალვას 22 მარტს მის მშობლიურ ქალაქ თბილისში.
მთავარი მიზეზი კი მაინც სხვა რამ ყოფილა - ამიერკავკასიის კომუნისტებს ამ ტრანსპორტით მგზავრობით "ზეცის დაპყრობის საყოველთაო კამპანიის ფარგლებში" პირადი მაგალითი უნდა ეჩვენებინათ, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირს სამხედრო და სამოქალაქო ავიაციის მშენებლობის გამალებული პროპაგანდა ჰქონდა გაჩაღებული. მაგალითად, 1924 წლის ზაფხულში ანასტას მიქოიანმა საჰაერო ტურნე მოაწყო - სტავროპოლიდან ესენტუკამდე ეტაპობრივი გადაფრენა. ყოველ დასახლებულ პუნქტში დაშვებისას აეროპლანის გამოჩენით გახარებული ხალხი იკრიბებოდა და მიქოიანიც სახელდახელო მიტინგს მართავდა. "მფრინავი მიტინგის" ამ ახალი ტექნიკის ათვისება ბუხარინმაც დააპირა, მაგრამ სტალინმა სპეციალური განკარგულებით ბუხარინს და მიქოიანს აეროპლანით მგზავრობა აუკრძალა.
22 მარტს, დილის თორმეტის ნახევარზე, სამი მგზავრი - მიასნიკოვი, ათარბეგოვი და მოგილევსკი უკვე ჩასხდომას ელოდებოდნენ, როცა აფრენამდე 15 წუთით ადრე სერგო ორჯონიკიძემ აეროდრომს შეატყობინა, რომ სოხუმში წასვლას ვერ ახერხებდა.
"იუნკერსის" პირველი რეისს პილოტები - გერმანელი იოსებ შპილი და ქართველი ამბაკო საღარაძე ასრულებდნენ. "იუნკერსმა" სიმაღლე აკრიფა და ქალაქის გარშემო წრე შემოხაზა. თბილისის გასასვლელიდან რკინიგზის ხაზს რომ უნდა გაჰყოლოდა დასავლეთისაკენ, მაშინ დარეკეს რკინიგზის მთავარი სახელოსნოებიდან, რომ "იუნკერსი" მათ სიახლოვეს ჩამოვარდა. ამ ცნობამ მალევე მიაღწია მუშათა სასახლეში, სადაც ნარიმანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო სხდომა უნდა გახსნილიყო.
სერგო ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი და შალვა ელიავა სხვა პარტიულ მუშაკებთან ერთად დიდუბის იპოდრომისკენ დაიძრნენ. კატასტროფის ადგილზე მათ შემზარავი სურათი დახვდათ. ნამსხვრევებში ეგდო საშინლად დამწვარი ორი გვამი, რომელთა ამოცნობა შეუძლებელი იყო.
იქვე ახლოს იყო კიდევ ორი გვამი. სოლომონ მოგილევსკის ხელ-ფეხი ჰქონდა დამტვრეული და სახე წაშლილი, ხოლო ათარბეგოვის თავის ქალა ნამსხვრევებად იყო ქცეული.
აეროპლანის ნაშთებში ნაპოვნ ერთ გვამზე პილოტის ტანისამოსით საღარაძე ამოიცნეს, მეორე მიასნიკოვად მიიჩნიეს, ხოლო იოსებ შპილის გვამი იმდენად იყო დაზიანებული, რომ ძლივს ამოიცნეს.
თვითმხილველების ჩვენებით, აეროპლანი ღრმაღელის მხრიდან გამოჩნდა, ოდნავ დაბლა დაიწია, შემდეგ კი მკვეთრად დაუშვა ცხვირი და პერპენდიკულარულად დაექანა მიწისკენ. ამ მომენტში აეროპლანიდან ორი ადამიანი გადმოხტა, ზედ მიწასთან შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე კი - მესამეც. მიწაზე დაცემისას ბენზინმა იფეთქა და "იუნკერსის" კორპუსი ცეცხლში გაეხვია.
მეორე დღეს ამიერკავკასიის წითელდროშოვანი წითელი არმიის სარდალ ავგუსტ კორკის თავმჯდომარეობით სამთავრობო საექსპერტო კომისია შეიქმნა. კომისიამ დაწვრილებით შეისწავლა "იუნკერსის" ნამსხვრევები და ასეთი დასკვნა დადო: "ჰაეროპლანისთვის ცეცხლის წაკიდება მოხდა არა მოტორისაგან და არც დაზიანებისაგან. ცეცხლი თვითმფრინავზე გაჩნდა სამგზავრო კაბინის შიგნით, შესაძლოა, თამბაქოს მოწევის დროს ცეცხლთან გაუფრთხილებლობის გამო, საიდანაც ცეცხლი შესაძლებელია მოხვედროდა 18-ლიტრიან რეზერვუარს, რეზერვუარის ადგილი - მფრინავისა და მექანიკოსის თავებს შუა და მათ ზემოდან, რომელიც აწვდის ბენზინს კარბიურატორში".
პილოტის შურისძიების ეჭვს კი ამყარებდა ერთი ამბავი. ამბაკო საღარაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეძენილი აეროპლან "ანსალდო 10"-ით საქართველოს მთიანეთში საცდელი ფრენა 1924 წლის ზაფხულში შეასრულა. რამდენიმე კვირის შემდეგ საქართველოში აჯანყებამ იფეთქა. კავკასიის წითელდროშოვანი არმიის ავიარაზმის ქართველი პილოტები შინაპატიმრობაში აიყვანეს, სამოქალაქო ავიაციის კუთვნილი აეროპლანები კი გამოიყენეს აჯანყების ჩასახშობად.
ამბაკო საღარაძის მამა - ერმალო საღარაძე, ძველი ტრამვაის მუშა, სოციალ-დემოკრატი იყო. მისი ორივე შვილი დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში მსახურობდა. ამბაკოს ძმა 1921 წლის თებერვალ-მარტში ფრონტზე იბრძოდა; თავად ამბაკო საღარაძე კი ავიარაზმში ასრულებდა მფრინავის მოვალეობას.
ეჭვები იმის შესახებ, რომ 22 მარტის ავიაკატასტროფა უბედური შემთხვევა არ ყოფილა, კიდევ უფრო გაამყარა ლევ ტროცკის ვარაუდმა, რომ კატასტროფის მიზეზებზე პასუხი, შესაძლოა, "ქართველ მენშევიკებს" ჰქონოდათ.