საყოფაცხოვრებო ქიმია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად გამოიყენება, სინამდვილეში უამრავი დაავადების გამომწვევია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე პლასტიკური მასალები საკმაოდ შხამიანია. მათგან გამოყოფილი საწამლავი თანდათანობით ადამიანის შინაგან ორგანოებში გროვდება. სარეცხი საშუალებები იწვევს ალერგიულ რეაქციას, არღვევს იმუნიტეტს და აზიანებს ტვინს.
ცდუნება განსაკუთრებით დიასახლისებისთვის უზომოდ დიდია - სახლის დიზაინიდან დაწყებული, დამთავრებული ჭურჭლეულითა და სარეცხი ფხვნილებით, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ. დასუფთავება და დალაგებაც ბევრად გაიოლდა, მაგრამ გაათმაგდა საფრთხეც: განსაკუთრებით სხვადასხვა სახის დეზოდორანტის, მწერების საწინააღმდეგო აეროზოლების, თმის საფებავის, ტუალეტისთვის არომატული საფრქვეველის და სარეცხი ფხვნილების გამოყენებისას.
როგორც ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის და ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი რამაზ გახოკიძე განმარტავს, თანამედროვე პლასტიკური მასალები ძალიან მომწამვლელია. ამას ადამიანი ერთბაშად ვერ შეიგრძნობს, მაგრამ ორგანიზმი თანდათან მათზე იწყებს რეაგირებას, რადგან ნივთიერებათა ნაწილი გროვდება შინაგან ორგანოებში.
"ყოველდღიურად თანამედროვე ადამიანი იყენებს სხვადასხვაგვარ ქიმიურ გამწმენდ და სარეცხ საშუალებას. ფხვნილების ძირითადი აქტიური კომპონენტია ე.წ. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (ზან). ისინი, მართალია, შლის ჭუჭყს, მაგრამ კანშიც იჭრება და ძლიერ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე; მაგალითად, იწვევს ალერგიულ რეაქციას, არღვევს იმუნიტეტს, აზიანებს ტვინს.
ჯანმრთელობას და გარემოს დიდ პრობლემას უქმნის ფოსფატები, რომლებსაც ზან-თან (ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები) ერთად შეიცავს სარეცხი ფხვნილები. მათი ჭარბი შემცველობა ორგანიზმში იწვევს მაგნიუმის, კალციუმისა და რკინის შეთვისების მოშლას. ფოსფატები ჩამდინარე წყლებით ხვდება მდინარეებსა და წყალსაცავებში და აბინძურებს მათ, ხელს უწყობს ციანბაქტერიების გამრავლებას, რომელთა ტოქსინები ააქტიურებს კიბოს უჯრედების განვითარებას", - განმარტავს გახოკიძე.
სხვათა შორის, გერმანიაში, იტალიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიასა და ნორვეგიაში უკვე აიკრძალა ფოსფორშემცველი სარეცხი ფხვნილების გაყიდვა.
"აშშ-ში 1500 ქალზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის დიასახლისები, რომლებიც მუდმივად იყენებენ საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებებს (აეროზოლები, ასევე ზედაპირიდან ობის მოსაცილებელი საშუალებანი), მკერდის კიბოთი უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ისინი, რომლებიც საერთოდ არ იყენებენ გასუფთავების თანამედროვე საშუალებებს. ამერიკელ მეცნიერთა მონაცემებით, საყოფაცხოვრებო ქიმიის ზემოქმედება დედის საშოში იწვევს ბავშვის ეგზემის რისკის გაზრდას. საქმე ეხება ნივთიერება ბუთილბენზილფტალატს, რომელსაც ნაყოფის განვითარების პროცესში შეუძლია - ანთების, ხოლო 2 წლის ასაკისთვის 60%-მდე ეგზემის გამოწვევა", - ამბობს გახოკიძე.
როგორც მეცნიერი განმარტავს, ხარისხის მიუხედავად, მავნეა ჭურჭლის სარეცხი სითხეც, რადგან "საუკეთესო" სარეცხ საშუალებათა შემადგენლობაშიც ასევე შედის ჯანმრთელობისთვის მავნე კომპონენტები - ფოსფატები, ქლორი, ზან-ი, ფტალატები.
"ქლორი იწვევს ანემიას, ათეროსკლეროზს, ალერგიას, ზრდის კიბოს წარმოქმნის რისკს. ფტალატები ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს ღვიძლსა და თირკმლებზე, რეპროდუქციულ ორგანოებზე, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებზე. მიიტჩნევა, რომ ეს ნაერთები, შესაძლოა, აღმოჩნდეს ონკოლოგიურ დაავადებათა, უშვილობისა და ასთმის მიზეზი. ამიტომ ჭურჭლის გასარეცხადაც გამოიყენეთ უსაფრთხო ნატურალური საშუალებები. ეს შეიძლება იყოს სოდა, რომელიც შესანიშნავად წმენდს ცხიმებისგან ჭურჭელს და მისი საშუალებით ქვაბებიდან მიმწვრის მოცილებაც შესაძლებელია", - დასძენს რამაზ გახოკიძე.
სპეციალისტის თქმით, ქიმიური საშუალებების გამოყენება განსაკუთრებით საშიშია ოჯახებში, სადაც ბავშვია. მართალია, ამ ნივთიერებების მავნე ზემოქმედება აისახება ნებისმიერი ასაკის ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ პატარების შემთხვევაში რისკი გაცილებით მაღალია. მეცნიერი გვირჩევს, რომ საყოფაცხოვრებო საქონლის, სათამაშოებისა და ბავშვის ტანსაცმლის ყიდვისას ვიყოთ წინდახედულნი.
"განსაკუთრებით მავნე ზემოქმედებას ახდენს ბავშვების ჯანმრთელობაზე შემდეგი გამაბინძურებლები: დიოქსინები (პოლივინილქლორიდის წარმოების, გამთეთრებელი და წვის სამრეწველო პროცესების თანამდევი პროდუქტები, რომლებიც იწვევს კიბოს და აზიანებს ენდოკრინულ სისტემას); პესტიციდები, როგორიცაა ქლოროფოსი, დილდრინი, ალდრინი და ა.შ. რომლებიც გროვდება კვების ჯაჭვში და იწვევს კიბოს და რეპროდუქციულ დარღვევებს. ასეთია აგრეთვე ფტალატები, რომელიც გამოიყენება პლასტიფიკატორად და პირადი ჰიგიენის საგნებში, ასევე კოსმეტიკაში, ლოსიონებში, ბავშვის კბილის რგოლებში აბების ბუდეებად და იწვევს რეპროდუქციულ დარღვევებს.
სარეცხ საშუალებებში შემავალი ლითონები - ტყვია, ვერცხლისწყალი, კალა და მათი ნაერთები იწვევს ინტელექტური განვითარების შეფერხებას და სწავლაში ჩამორჩენას. ამიტომ ეცადეთ, საბავშვო ტანსაცმლისთვის არ გამოიყენოთ ტოქსიკური სარეცხი საშუალებანი და პესტიციდები.
პლანეტაზე არ დარჩა ადამიანი, რომლის ორგანიზმი არ შეიცავდეს სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ქიმიის შხამებს. როგორც მიიჩნევენ, კიბო ძირითადად ანთროპოგენური წარმოშობისაა და მისი ფართოდ გავრცელება თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოების ნაყოფია. განსაკუთრებით საფრთხე ექმნებათ ბავშვებს, რადგან ისინი სხეულის ერთეულზე უფრო მეტ საკვებსა და წყალს მოიხმარენ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ბავშვები საშიში ქიმიური ნივთიერებებისგან", - გვაფრთხილებს მეცნიერი.
როგორც აღმოჩნდა, საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენება სხვადასხვა ალერგიულ დაავადებას იწვევს. ერთ-ერთია ალერგიული დერმატიტი, რაც ხშირია როგორც პატარებში, ასევე ქალებსა და მამაკაცებში. ალერგოლოგ ნანა ცნობილაძის განმარტებით, დერმატიტს იწვევს მარტივი მჟავები, სარეცხი ფხვნილები, სხვადასხვა ქიმიური შენაერთი, მეტალები და ასევე კოსმეტიკა.
"იმის გამო, რომ ქალები უფრო ხშირად ხმარობენ შამპუნებს, თმის სპრეის, კოსმეტიკურ და სარეცხ საშუალებებს, რა თქმა უნდა, მათში მეტია დერმატიტის განვითარების რისკი. ალერგიული დერმატიტის მიზეზად სხვადასხვა გარეგანი გამღიზიანებელი მოიაზრება. ზოგ შემთხვევაში რეაქცია ალერგენის კანზე ზემოქმედებისთანავე ვლინდება, ზოგჯერ კი - კანთან ალერგენის კონტაქტიდან რამდენიმე ხნის შემდეგ. ყველაზე ხშირად მისი გამომწვევი საყოფაცხოვრებო ქიმიაა.
ალერგიული რეაქცია შეიძლება განვითარდეს 72 საათში. ის ვითარდება უშუალოდ კანზე ზემოქმედებისას. ზაფხულობით ძირითადად ვმკურნალობთ მზისგან გამოხატულ ალერგიას, რომელიც აღინიშნება სახეზე, ხელებზე, კისერზე და ასევე კოსმეტიკისა და სარეცხი საშუალებების გამოყენების შემდგომ რეაქციას. ალერგიული კონტაქტური დერმატიტი შეიძლება გადაიზარდოს ეგზემაში ან კანის სხვა დაავადებაში.
აღსანიშნავია, რომ კაცებში დაავადება ასოცირდება პროფესიულ დაავადებებთან, მაგალითად, როგორიცაა ქვის მთლელი. ასეთი პროფესიით დასაქმებულ ადამიანებს დერმატიტი შეიძლება განუვითარდეთ ცემენტის ზემოქმედების გამო. უნდა გვახსოვდეს, რომ თავი უნდა დავიცვათ მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან. უფრო ადვილია, თავიდან აიცილო, ვიდრე უმკურნალო დაავადებას", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნანა ცნობილაძემ.
ამ ყველაფრის შემდეგ, ცხადია, ჩნდება კითხვა: რა არის უსაფრთხო და როგორ დავიცვათ თავი საყოფაცხოვრებო ქიმიისგან. შესაძლებელია თუ არა მისი ჩანაცვლება?
ბიოქიმიკოსი რამაზ გახოკიძე გვირჩევს, რომ სარეცხი ფხვნილების მავნე გავლენის შესამცირებლად გამოვიყენოთ უფოსფატო ფხვნილები. იმის გამო, რომ სარეცხი ფხვნილების მტვერი ადვილად ვრცელდება გარემოში, აუცილებელია, რომ სარეცხი მანქანა სამზარეულოს მოშორებით იდგეს.
ფოსფატშემცველი ფხვნილების ერთ-ერთი უსაფრთხო ალტერნატივაა საპნის საფუძველზე დამზადებული საბავშვო ფხვნილები. სხვა უსაფრთხო საშუალებების გამოყენებაც: ერთ-ერთია სამეურნეო საპონი, რომელიც შესანიშნავად რეცხავს ნატურალურ ქსოვილს და არბილებს კიდეც (რაც მნიშვნელოვანია ჩვილი ბავშვებისთვის). ქიმიური ნივთირებებისგან თავდაცვის ელემენტარული საშუალებაა დილით საცხოვრებელი ბინის კარგად განიავებაც.