გვანცა წულაია
30.05.2017

საპატრიარქოს მორიგი სკანდალი, რომელიც საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავას განცხადებამ გამოიწვია. "ტვ პირველის" ეთერში მან განაცხადა, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტი - მეუფე პეტრე ცაავა, პატრიარქის მოშორებაში აქტიურად არის ჩართული. როგორც მან აღნიშნა, იგი თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია.

"კონკრეტულად გეუბნებით, მეუფე პეტრეს არამარტო სურვილი იყო, არამედ დღესაც სურს, მოახდინოს პატრიარქის ტახტიდან ჩამოგდება, მისი სურვილია პარტიარქის მოკვდინება. მეუფე პეტრე, სავარაუდოდ, აქტიურად ჩართული იყო პატრიარქის მოკვლის მცდელობაში. რაც შეეხება თანამზრახველებს, კონკრეტულად სახელებს და გვარებს ვერ დავასახელებ, თუმცა ერთ-ერთი მათგანი ახლა ციხეშია. საუბარია გიორგი მამალაძეზე", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

შესაძლებელია თუ არა, ვინმე პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილებას ცდილობდეს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ნუცა ჯანელიძე  (ხელოვნებათმცოდნე):  შესაძლებელია, ვინმე ცდილობდეს, მაგრამ ვერ უნდა გაბედოს. ვისი კარნახით კეთდება, ვერ გეტყვით. უბრალოდ, თუ მონათლულია და ქრისტიანობასთან კავშირი აქვს, ღმერთის უნდა შეეშინდეს.

თუ სინდისი აქვს, თავისი სინდისის უნდა ეშინოდეს. ოდესღაც ხომ წავა ამ ქვეყნიდან და ეს ამბავი ხომ მოხდება, რა საჭიროა, ადამიანს წინასწარ გული გაუხეთქო.

 

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი); როგორ არ არის. ზუსტად ეს "ციანიდის საქმე", რომელიც გაურკვეველი და ვერგამოიძიეს ვერაფრით, მეტყველებს იმაზე, რომ საქმე ძალიან ჩახლართულია. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენი პატრიარქი, მაგრამ ის დრო მოდის, რომ ეს პოსტი დათმოს. სხვა უნდა მოვიდეს.

ამაზე ძალიან სერიოზული ბრძოლა მიდის, რომელშიც ჩართულია როგორც საპატრიარქო, ისე ხელისუფლება და, შესაძლოა, გარე ძალებიც. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ეკლესიაში ხდება. ისეთ ორგანიზაციაში ხდება, რომელიც ჩვენს გაძვალტყავებულ ხალხში ყველაზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

შესაძლოა, რაღაც ძალებმა საკუთარი მიზნის მისაღწევად ყველანაირი ხერხი გამოიყენონ. მეუფე პეტრეს რაც შეეხება, ძალიან ინფორმირებულია, ძალიან ბევრ ისეთ რამეს ამბობს, რაც საინტერესო და საგულისხმოა. მაგრამ მისი სიტყვებიდან ამბავს ნათელი მაინც არ მოეფინა. სამწუხაროდ, მისი ენაწყლიანი საუბრების შედეგად ვერანაირი დასკვნა მაინც ვერ გამომაქვს.

 ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი):  რა თქმა უნდა, შესაძლებელია. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ "ციანიდის საქმის" გამოყენებით მაქსიმალურად შეარყიოს პატრიარქი და საპატრიარქოს რეპუტაცია, რაც საბოლოოდ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებასა და მომავალ პატრიარქად ივანიშვილის სასურველი კანდიდატის ლობირებას ისახავს მიზნად.

 

 

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  რანდენიც გნებავთ, ალბათ იმდენია. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ყველაფერზე მუშაობა ახლა მიდის. რაღაც პროვოკაციები, ხალხის დაბნევა, საპატრიარქოდან ცუდი ინფორმაციების გამოსვლა - ესეც ყველაფრის წინააღმდეგ აგორებლი კამპანიაა. რუსული ნარატივია.

ბრძოლის სხვა ფორმა უკვე აღარ დარჩათ, ვგულისხმობ ჩვენს "მეზობელს". ნახეს, რომ პატრიარქი ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლოს. ახლა ამ კუთხით მუშაობენ, რომ როგორმე ეკლესიის ავტორიტეტი შეირყეს.

მართალია, ყველაფერი არ არის მოსაწონი, ეს ბევრჯერ მითქვამს და ჩემი გამონათქვამი ხუმრობასავით არაერთხელ ითქვა, "ჯეიმს ბონდივით" ჯიპებით მოსიარულე მღვდლები, მაგრამ ყველა ასე კი არ არის.

არაჩვეულებრივი და ინტელექტუალური მოძღვრების მეტი რა არის. ისე არ დაგვემართოს, რომ სიმწრით შეკოწიწებული ეკლესია თავზე ჩამოგვენგრეს და იმ ნანგრევებში მთელი მართლმადიდებლური ეკლესია მოვაყოლოთ. უდავოდ მოიძებნებიან ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ წლების შემდეგ ვიღაც თავიანთი გუნდიდან უნდა იყოს პატრიარქი.

ძალიან დიდი გონიერება გვამართებს, განსაკუთრებით მათ, ვინც პატრიარქის გარემოცვაში მოიაზრება. სამომავლოდ მრევლი პასუხს მათ მოსთხოვს. ვინც იტყვის, რომ პატრიარქის გვერდით მდგომი უახლოესი პირია, შესაბამისად, მეტი პასუხისმგებლობა მას ეკისრება. არ ვიცი, ვინ იქნება ეს.

არ ვარ უახლოესი გარემოცვა. მხოლოდ ის ადამინი ვარ, ვინც პატრიარქს უდიდეს პატივს სცემს მისი მოღვაწეობის და სიყვარული გამო, რომელიც ხალხს უბოძა. ვფიქრობ, მისი გარემოცვა, თუკი ასეთები მოიძებნებიან, ძალიან დიდი ყურადღებით უნდა იყოს, რათა საპატრიარქოს ავტორიტეტი არ დაეცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×