საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამხედრო ავიაცია და იტალიაში შეძენილი 10 მოიერიშე
ია აბულაშვილი
31.05.2017

 "1920 წლის 2 აგვისტოს ტიფლისში პირველად გაიმართა საავიაციო წარმოდგენა. შოუ დღის 5 საათზე დაიწყო. ერთმანეთის მიყოლებით ცაში აიჭრა 12 ჰაეროპლანი და წარმოუდგენელი მანევრები აჩვენა," - ასე გამოეხმაურა მაშინდელი ქართული პრესა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გამართულ საავიაციო ზეიმს.

ეს მართლაც სენსაცია იყო, რადგან იმდროინდელი თბილისის ქუჩებში ავტომობილიც კი აქა-იქ თუ გამოჩნდებოდა.

პირველი საავიაციო შოუ თბილისის გარეუბანში, ნავთლუღის აეროდრომზე გაიმართა, სადაც საპატიო სტუმრებისთვის წინასწარ იყო მომზადებული თეთრი ბაირაღებითა და ყვავილებით მორთული ტრიბუნა; უკრავდა სამხედრო ორკესტრი.

საჩვენებელ ფრენას ესწრებოდნენ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წევრები, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გეგეჭკორი, სამხედრო მინისტრი ლორთქიფანიძე, შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ზაქაიძე, გვარდიის უფროსი ჯუღელი, უცხოელი დიპლომატები და ტიფლისის საავიაციო სასწავლებლის პირველი კურსდამთვრებულები.

საავიაციო შოუ დღის 5 საათზე დაიწყო. ორ რიგად განლაგებულმა 12-მა საფრენმა აპარატმა, ორკესტრისა და მაყურებლის შეძახილებით ასაფრენი ბილიკი გაიარა და ერმანეთის მიყოლებით ნელ-ნელა ცაში აიჭრა.

ესკადრილიაში რთული საავიაციო ილეთებით გამოირჩეოდა საავიაციო ასეულის მეთაური, მაიორი ნიკოლოზ მაყაშვილი. ეს არის მოკლე ცნობები თბილისში პირველად გამართული საავიაციო შოუს შესახებ.

დღევანდელ სტატიაში კი მკითხველს გვინდა შევთავაზოთ რამდენიმე საინტერესო მასალა ქართული ავიაციის ისტორიდან და იმ პირველ ქართველ მფრინავებზე, რომლებმაც არა მარტო საქართველოს, უცხოეთის ზეცაც წარმატებით დაიპყრეს.

ქართული ავიაციის ისტორია

ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდიდან იწყება. 1918 წლის 20 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი "საქართველოს რესპულიკის რეგულარული არმიის ორგანიზების შესახებ", რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა სამხედრო საავიაციო დანაყოფი, ერთი პოლკითა და 2 საავიაციო რაზმით, ტექნიკური ბატალიონით, რომლებიც საფრენ აპარატებს ამოწმებდნენ.

ავიაციის დისლოკაციის ადგილი იყო თბილისის გარეუბანში მდებარე ნავთლუღის აეროდრომი, სადაც რამდენიმე თვეში აშენდა საფრენი ბილიკები, მცირე ელექტროსადგური, განთავსდა სამხედრო მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალისთვის ყაზარმები.

1918 წელსვე თბილისში პირველი საავიაციო სკოლაც გაიხსნა. თავდაპირველად მას სულ 189 მსმენელი ჰყავდა. სკოლას ხელმძღვანელობდა სამხედრო მფრინავი, შტაბს-კაპიტანი მიხეილ მაჭავარიანი.

პირველი რესპუბლიკის შეირაღებულ ძალებს, კავკასიის ფრონტის საავიაციო ტექნიკიდან მემკვიდრეობით დარჩენილი ჰქონდა რამდენიმე ათეული ფრანგული, ბრიტანული და რუსული წარმოების "ფარმან-7"; "ფარმან-16"; "მორან პარასოლის", "ვუაზენის" "ლებედ-12" -ის ერთძრავიანი და ორძრავიანი, "კოდრონის" და "ნიუპორ-12"-ის ტიპის საფრენი აპარატები.

თვითმფრინავზე დამონტაჟებული იყო მოძველებული "გნომ"-ის "რონ"-ის და "სალსონის" ტიპის ძრავები, რომელთა საფრენი რესურსი ამოწურული იყო. იმდენად მოძველებული იყო ეს საფრენი აპარატები, რომ ბრიტანელმა მფრინავმა, რომელსაც ქართველმა კოლეგებმა შესთავაზეს, ფრენა ამ აპარატებით განეხორციელებინა, მტკიცე უარი განაცხადა: "მე არც ისეთი გმირი ვარ, რომ თქვენი აპარატებით გავფრინდე".

მაგრამ ქართველმა ავიატორებმა შეუძლებელი შეძლეს, 10-მდე აეროპლანი აღადგინეს და 1918 წლის 10 ოქტომბერს, ტფილისში ქართული არმიის პირველ აღლუმზე ქართველ კავალერისტთა და არტილერისტთა გვერდით ქართველი მფრინავებიც იდგნენ.

1920 წელს მთავრობამ ახალი ტექნიკის შეძენა გადაწყვიტა და მოლაპარაკებები დაიწყო იტალიასთან. არჩევანი მზვერავის ტიპის თვითმფრინავ "ანსალდო 10"-ზე შეჩერდა.

"სამხედრო უწყების ცნობებით, იტალიაში საქართველოსთვის შეძენილია რამდენიმე აეროპლანი. ამ თვითმფრინავებს იტალიაში ანსალდოს ცნობილ ქარხანაში აწარმოებენ, რომელიც ამჟამად ცნობილია, როგორც მსოფლიოში ყველაზე მოწინავე საწარმო საფრენი აპარატების დამზადების კუთხით.

სხვათა შორის, არსებობს ცნობები, რომ ამერიკის შეერეთებულმა შტატაებმა, ახლახან სწორედ ამ ქარხანაში შეიძინა 40 საფრენი აპარატი.

საქართველოს მთავრობის მიერ ნაყიდი ჰაეროპლანები ტექნიკის უკანასკნელი სიტყვაა. მათი სიჩქარე საათში 220 კმ-ს აღწევს. ჰაეროპლანი აღჭურვილია რადიოკავშირის მოწყობილობით, ფოტოკამერითა და სხვა ტექნიკით. საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა ჰაეროპლანს საიმედო ძრავა აქვს," - წერდა 1920 წლის აგვისტოში გაზეთი "ბორბა".

როგორც ისტორიული წაყროებიდან ირკვევა, საქართველოს იტალიიდან 10 თვითმფრინავი შეუძენია. თვითმფრინავები დაუშლიათ, ყუთებში ჩაუწყვიათ და გემით გამოუგზავნიათ. ახალი ტექნიკა საქართველოში ორ თვეში ჩამოსულა. 1920 წლის ოქტომბერში ამ თვითმფრინავების გამოცდა დაიწყო.

"მაიორმა სეროვმა, უფროსმა ლეიტენანტმა ციციანოვმა და მფრინავმა მოროზოვმა იტალიური ჰაეროპლანებით საცდელი ფრენები შეასრულეს. პილოტებმა განავითარეს ძალიან დიდი სიჩქარე. ჰაეროპლანები გამოდგნენ მდგრადები და მფრინავებს ადვილად ემორჩილებოდნენ", - წერდა გაზეთი "გრუზია".

სამწუხაროდ, ეს თვითმფრინავები აქტიურად არ იყო გამოყენებული რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს და იგი ბოლშევიკებს დარჩათ. მხოლოდ ოთხმა თვითმფრინავმა შეუტია 1921 წლის 23 თებერვალს საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილ მე-11 არმიის ჯავშანმატარებელს. საზენიტო ცეცხლით ჯავშნოსანმა მხოლოდ ერთი თვითმფრინავის ჩამოგდება მოასწრო, დანარჩენები მშვიდობიანად დაბრუნდნენ აეროდრომზე.

სამხედრო ავიაციის გარდა მთავრობამ სამოქალაქო ავიაციის განვითარებაზეც დაიწყო ფიქრი. საავიაცო კავშირების დასამყარებლად მოლაპარაკებებს აწარმოებდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან. იყო ასეთი გეგმა, რომ კავშირი დამყარებულიყო ბულგარეთთან, სერბეთთან, რუმინეთთან.

შემდეგ ფრენები განხორციელებულიყო ავსტრია-უნგრეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში. შემდეგ ფრენები უნდა შესრულებლიყო ესპანეთში, ინგლისსა და სკანდინავიის ქვეყნებში, შემდეგ - აზიის მიმართულებით.

გამოთვლილი იყო, რამდენი დრო დასჭირდებოდა ქართულ თვიფმრინავებს ამ ქვეყნებში ჩასაფრენად: ლონდონში - 52 საათი, რომში - 23 საათი, ბერლინში - 24 საათი, სოფიაში - 22 საათი, ბუქარესტში - 18 საათი და ა.შ. (რა თქმა უნდა, შესვენებებით).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×