"ბანკი თავადაზნაურობამ დააწესა იმ განზრახვით, რომ მისგან შემოწირული ფული სესხად მოეფინოს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ისე მოეფინოს, რომ მაგ ფულს ერთი გროშიც არ დაეკარგოს.
"სესხმა ფული ასარგებლოს, ფულმა ფული მოიგოს და მხოლოდ ამ მოგებიდან უფრო ბევრი წილი ჩვენის ქვეყნის საერთო საჭიროებას მოხმარდეს და ზოგნი კიდევ ღარიბთაც გაუნაწილდეს, იმ ღარიბთ, რომელნიც რომელიმე უბედურების გამო სიღარიბეში ჩაცვივდნენ და არა იმით, ვინც გულაღმა წვანან, გულზედ ფაფუკი ხელები დაუკრეფიათ, პირი დაუღიათ და ჰყვირიან მასვით და მაჭამეთო..."- ასეთი იყო ილია ჭავჭავაძეს საბანკო პოლიტიკა, როცა საქართველოში ფეხს იდგამდა საბანკო სისტემა.
როგორც მისი თანამედროვენი წერდნენ, ილიას უპირველესი მიზანი იყო არა გამდიდრება, არამედ სხვადასხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების, საჭიროების ფინანსური დახმარება, ეროვნული საქმის კეთება.
მოვლენები, რომელიც წინ უსწრებდა ამ ეროვნულ საქმეს, ამის შესახებ რამდენიმე საინტერსო ამბავი გვინდა გავიხსენოთ დღევანდელ სტატიაში.
როგორ დაარსდა თბილისის სათავადაზნაურო ბანკი
ბანკის დაარსების იდეა ეკუთვნის გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწეს დიმიტრი ყიფიანს. მას სურდა საზოგადოებრივი ბანკის დაარსება, რომელიც დამყარებული იქნებოდა საადგილმამულო კრედიტზე. მანვე შეიმუშავა ბანკის წესდების პროექტი, რომელიც თბილისის გუბრენიის თავადაზნაურობის კრებამ 1967 წლის მაისში ერთხმად მოიწონა.
შემდეგ სხდომაზე არჩეული იყო ბანკის წესდების პროექტის შემმუშავებელი სარედაქციო კომიტეტი: გრიგოლ ორბელიანის, დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძისა და სხვათა შემადგენლობით. აქედან იწყება ილია ჭავჭავაძის შეუპოვარი ბრძოლა პირველი ქართული ბანკის დაარსებისთვის, წლების შემდეგ რომ ათქმევინებს "ამ ბანკის საქმეს ყველაფერი შევწირეო".
მართლაც, ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწია, პირველი მოწინააღმდეგეები მისი და დიმიტრი ყიფიანის მიერ მომზადებულ პროექტს ჯერ კიდევ თბილისის გუბრენიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაზე 1872 წელს შეხვდა, თუმცა ამ სხდომაზე ილიას მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ მომავალი ბანკის ბედი გადაწყვიტა.
იმავე წელს ილია ბანკის მმართველად აირჩიეს. ბანკის ამოქმედებისთვის კი საჭირო იყო პეტერბურგში ფინანსთა სამინისტროსგან წესდების დაჩქარება. ილიას თავად მოუხდა პეტერბურგში გამგზავრება, რათა როგორმე დამთავრებულიყო ხელოვნურად გაჭიანურებული საქმე.
მთელი წელი მოანდომა იმპერიის ბიუროკრატიულ აპარატთან ბრძოლას. დიდი დავიდარაბის შემდეგ, მისი ძალისხმევით 1874 წლის მაისში, ბოლოს და ბოლოს რუსეთის იმპერიის ფინანსთა მინისტრმა რეიტერნმა დაამტკიცა ბანკის წესდება. დადგენილება ივნისში მთავრობის ოფიციალურ უწყებაში გამოქვეყნდა და მალევე შევიდა ძალაში.
1875 წლის იანვარში თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის დამფუძნებელ კრებაზე ილიამ თავისი პროგრამა წარმოადგინა, თუ რა პრინციპით უნდა ემუშავა ბანკს. იქვე მკაცრად გააკრიტიკა ვინც ბანკისგან მხოლოდ კერძო ინტერესებისთვის სარგებლობას მოელოდა.
1875 წლის თებერვალიდან თბილისში სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკმა საქმიანობა დაიწყო, რომელსაც მთელი 32 წლის მანძილზე სათავეში ედგა.
ბანკთან შეიქმნა საგანგებო ფულადი ფონდი, "საერთო- სასარგებლო კაპიტალი", რომლის პირდაპირი დანიშნულებაც იყო ქართული სკოლების, კულტურული დაწესებულებებისა და ორგანიზციებისთვის ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებებისთვის ფულადი დახმარება.
მისი მოღვაწეობის პერიოდში სულ 2 მილიონი თანახა გაიცა სხვადასხვა საზოგადოებრივ საჭიროებაზე. აქედან დაიწყო თავადაზნაურობის ბრძოლა მის წინააღმდეგ, როცა იგრძნეს, რომ მისი ხელმძღვანელობით მოქმედ ბანკს თავის სასარგებლოდ ვერ გამოიყენებდნენ.
ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირება ქართული თეატრისთვის და მისი შენობის შესაკეთებლად თანხების გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით მოხდა. კრების გადაწყვეტილებით ბანკი ქართული თეატრს უნდა დახმარებოდა 30 ათასი მანეთით, ილიამ კი 100 ათასი მანეთი გასცა.
კომიტეტის წევრებმა ილია უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულა. ილია დიდი ოსტატი იყო პასუხის გაცემაში და ასე უპასუხია: "ჩვენ წინადამც გვითქვამს და ეხლაც ვამბობთ, რომ თეატრს დიდ მნიშვნელობას ვაძლევთ, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ისეთი საქმეა, რომელსაც ყველამ ქართველმა შეძლებისამებრ ხელი უნდა მოუმართოს, სახელი და დიდება თბილისის ბანკს, რომ ქართული თეატრი საზოგადო საქმედ სცნო და ფული გამოუყო... მიგვინდია ჩვენი განაჩენი მასზე, წავახდინეთ თქვენი მონდობილი საქმე თუ გავაკეთეთ".
მეორე ამბავი "წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" ეხება, რომელსაც ბანკმა 11 ათასი მანეთი გამოუყო. ამასაც დიდი აყალ-მაყალი მოჰყოლია თავადაზნაურობაში. ილიამ მაშინაც საკადრი პასუხი გასცა: "რაო და რისთვისაო" ყვიროდნენ წინდაუხედავად ზოგი სხვისი წაქეზებული, ზოგი საუკთარი თაოსნობით "განა ჩვენ კი შვილები არა გვყავსო, თუ გაზრდა საჭიროა ჯერ ისინი გავზარდოთ, გარედ ტაბლას რა უნდაო" და სხვანი და სხვანი.
"ჩვენი უბედურება ის ყოფილა, არის და ღმერთმა ნუ ქნას კიდევ იყოს, რომ ყველა ქართველი გლეხი თუ თავადი ძმად და შვილად არ მიგვაჩნდეს. ზემოხსენებულ საზოგადოებას სახეში აქვს მთელი ქართველობა. თავადაზნაურობა კი გამოსულა და იძახის მე და სხვა არაო. ბატონებო, თუ ყველანი ერთად არ ვიქნებით, თქვენი "მე" თუნდ იყოს და თუნდა არა. თავს მაგისთვის ძალიან არავინ შეიტკივებს".
ილიას უძლეველობას ლაპარაკში და მისი მოსწრებულ სიტყვას, რომელსაც ვერავინ დაუდგებოდა წინ ასე იგონებენ მისი თანამედროვენი: "ვის არ ახსოვს მისი სიტყვები საადგილმამულო ბანკის წევრთა საზოგადოების კრებაზე წინააღმდეგ ძმათა მაჩაბელთა, ილიამ გაჭეჭყა ის თავისი დიალექტით და მოსწრებული სიტყვით" - იგონებდა იონა მეუნარგია.
ექვთიმე თაყაიშვილი: "ილია საჩქაროდ არავის პასუხს არ აძლევდა, მანამ კარგად არ მოიფიქრებდა. მისი საჯარო სიტყვები ყოველთვის წინასწარ მოფიქრებული იყო. ილიას ერთი საუკეთესო თვისება ისიც იყო, რომ მას თავისი მოვალეობის ძალიან დიდი შეგნება ჰქონდა, ამიტომ იგი დიდი სიფრთხილით, დაკვირვებითა და საზრიანობით ეკიდებოდა თავის ყოველ ნათქვამს".
მიხეილ ჯავახიშვილი: "ილია ჭავჭავაძის საჯარო ლაპარაკი რამოდენიმეჯერ მოვისმინე, სოცარი ორატორი იყო. არ აღელდებოდა, კილოს არ აუწევდა. მოპირდაპირეს იშვიათად შეაწყვეტინებდა, და თუ რამდენიმე სიტყვას მიაწოდებდა, მისი რეპლიკა მუდამ მომაკვდინებელი იყო.
ხმა ძლიერი ჰქონდა, ლოგიკის ძალა-უნაკლო, დაუნდობარი, რკინისებრი, ლაპარაკის მანერა - ბოლომდის დინჯი, მაგრამ შეუბრალებელი, მკვეთრი განმგმირავი, ზოგჯერ ზომიერად ირონიული, მაგრამ მუდამ ზრდილობიანი, დარბაისლური.
მოპირდაპირის სუსტ ალაგებს ფოლადის მარწუხივით დასწვდებოდა და ჰგლეჯდა, ათრევდა და მანამდის სთელავდა, სანამ საბოლოოდ არ მოსპობდა. ეს მანერა პოლემიკისა მტრებსაც ნაწვნევი ჰქონდათ და ძლიერ ეშინოდათ, შებმას იშვიათად უბედავდნენ, არა თუ ილიას ტოლი, მისი ტიპის ორატორიც არარ მომისიმენია".