შეუშვებენ თუ არა შიგნით დაზარალებულ მოიჯარეებს, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია
ნათია ლომიძე
01.06.2017

 სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს. ხალხმა მილიონობით ზარალი ნახა და ზოგიერთებმა ვალს თავი შეიძლება, ვერც დააღწიონ. ჯერჯერობით უცნობია ეჭვმიტანილი, ვისაც დანაშაულში ბრალი მიუძღვის. დამწვარი შენობის ადგილას დიდი სავაჭრო ცენტრი მოეწყობა. შეუშვებენ თუ არა შიგნით დაზარალებულ მოიჯარეებს, ეს ძნელი სათქმელია.

სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლები ელექტროგაყვანილობის გამო ხანძრის გაჩენას გამორიცხავენ. ორივე მხარის დაზარალებულები (აქციონერები და მოვაჭრეები) გამოძიების საბოლოო პასუხს ელოდებიან. უკვე საუბრობენ, რომ ტერიტორიაზე დიდი სავაჭრო ცენტრი მოეწყობა, თუმცა ჯერ უცნობია, როდის დასრულდება ახალი პროექტი.

სააქციო საზოგადოების იურისტი ვაჟა მაისურაძე ამბობს, რომ ამ ხანძარმა ყველაზე მეტად აქციონერები დააზარალა. სადაზღვევო კომპანიის მიერ ზარალის ანაზღაურების პროცესია კი ხანგრძლივია, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. უახლოეს აქციონერთა კრებაზე კომპანიის 2016 წლის ფინანსურ ანგარიშსაც განიხილავენ, ასევე იმსჯელებენ განვითარების პერსპექტივაზე, ფინანსების მიზიდვასა და გრძელვადიან ინვესტიციებზე.

აღსანიშნავია, რომ "სავაჭრო სახლმა ბავშვთა სამყარომ" 2016 წელი 1.31 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. კომპანიის აქტივები 2016 წლის ბოლოს 8 მლნ ლარით იყო შეფასებული, მათ შორის, ძირითადი საშუალებები 7.1 მლნ ლარით.

"ბავშვთა სამყაროში" განადგურების შემდეგ, მუდმივად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, თუ რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი. არსებობს რამდენიმე ვერსია, მათ შორის უმთავრესია ის, რომ ტერიტორიის "გასუფთავება" "კარფურის" ასაშენებლად სჭირდებოდათ. ბიძინა ივანიშვილის სახელი ტრაგედიას მომხდარიდან რამდენიმე წუთშივე დაუკავშირეს. ითქვა, რომ ამ ტერიტორიას ბიზნესმენმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაადგა თვალი და ცდილობდა მის ხელში ჩაგდებას, რათა ამ ადგილას "კარფური" გაეხსნა.

მეორე ვერსიით, ხანძარი "ბავშვთა სამყაროსა" და "ოქროს ბირჟის" ტერიტორიაზე "კიდობანში" ახლად გახსნილი ოქროს ბირჟის მფლობელმა მუხრან ბაგრატიონმა გააჩინა. ეს ვერსიაც, პირველის მსგავსად, ტრაგედიიდან რამდენიმე საათში გავრცელდა.

ასევე ითქვა, რომ ხანძრის გაჩენა "შავების" შურისძიებას უკავშირდება, ხოლო ბოლო ვერსიად ხელისუფლების წინააღმდეგ საბოტაჟიც დასახელდა, თუმცა გამოძიებას ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ხანძრის გაჩენას გარეშე პირებს უკავშირებს სააქციო საზოგადოების იურისტი ვაჟა მაისურაძე. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, გამოძიების საბოლოო პასუხსა და მთავარი დამნაშავის პოვნას ელოდებიან. მაისურაძის თქმით, "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება, რომელსაც თავად აქციონერები საკუთარი სახსრებით ააშენებენ.

"ის ვერსია, რომ ხანძარი ხელოვნურად თავად "ბავშვთა სამყაროსა" და მიმდებარე ბაზრების დირექტორებმა გააჩინეს, გამორიცხულია. ჩვენ ასევე გამოვრიცხეთ ფაქტი, რომ ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია ხანძარი, რადგან შენობა ახალი გარემონტებული იყო და შესაბამისად, გაყვანილობაც მოწესრიგებული. ამ გამორიცხვით მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ხანძარი ხელოვნურად და გარეშე პირებმა გააჩინეს.

კონკრეტულად ვის ინტერესში შედიოდა სავაჭრო ცენტრის დაწვა, ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებთ. მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენც მათთან აქტიურად ვთანამშრომლობთ - რაც შეიძლება მალე უნდა გაირკვეს დამნაშავის ვინაობა. ამაზე დიდხანს საუბრობდნენ თავად დაზარალებულები, თუმცა ეს არის გამწარებული ხალხის პოზიცია. მესმის მათი, მაგრამ რეალობა სულ სხვაა.

მუდმივად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ "ბავშვთა სამყაროს" დემონტაჟის შემდეგ იქ აშენდება "კარფური" ან სხვა სავაჭრო ცენტრი. ბოლოს ისიც გაავრცელეს, რომ შეიძლება მის ადგილას სამორინე გახსნან. ეს გამორიცხულია, კომპანია შეეცდება, საკუთარი სახსრებით ახალ შენობას თავისი დანიშნულება მისცეს.

ეს გრძელვადიანი პროექტია. თუ ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდა, აქციონერების ინტერესი იქნება მისი დატვირთვა და ამუშავება. დაზარალებულ მოვაჭრეებს იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ, სურვილის შემთხვევაში, იქ ადგილს დაიკავებენ. ცხადია, შენობა უფუნქციო ვერ იქნება", - განაცხადა ვაჟა მაისურაძემ.

"ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრის გარდა, სხვა დაწესებულების მშენებლობას გამორიცხავენ დაზარალებული მოვაჭრეები. მაია კაცაძე ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ხანძრმა ჩანთების საამქრო და რამდენიმე ათასი ლარის საქონელი გაუნადგურა. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, სავაჭრო ცენტრის აშენების შემდეგ დაზარალებულები აუცილებლად მოითხოვენ კუთვნილ ადგილებს, მანამდე გამოძიების დასრულებასა და დამნაშავის გამოვლენას ელოდებიან.

"ნამდვილად არ იგეგმება "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე სამორინეს აშენება. იქ დიდი სავაჭრო ცენტრი აშენდება და ახალ შენობაში ადგილების დაკავება ჩვენი პრიორიტეტია. დიდი იმედი გვაქვს, რომ სავაჭრო ფართისთვის ბრძოლა არ მოგვიწევს. ამხელა ზარალი მოგვადგა და სასაცილო თანხით - 3 000 ლარით - აგვინაზღაურეს.

დაზარალებულები თავიდანვე ვფიქრობდით და ახლაც იმ აზრზე ვართ, რომ ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა. ამხელა წარმოება დამეწვა და არავინ მიდგას გვერდით. დღემდე არ არის დადგენილი კონკრეტული ეჭვმიანილი. როდესაც აცხადებენ, რომ ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა, ვისზე აქვთ ეჭვი, იმას რატომღა არ ამბობენ? როდესაც კონკრეტული დამნაშავე დასახელდება, აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს ჩადენილზე", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მაია კაცაძემ.

სავაჭრო ცენტრი "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს გამთენიისას დაიწვა. ძლიერი ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრის შენობა მთლიანად განადგურდა. ხანძარმა შთანთქა ასეულობით მოვაჭრის სავაჭრო ინვენტარი და პროდუქცია. დაზარალებულები დღემდე მართავენ პერმანენტულ აქციებს, ისინი ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×