საქართველოში 800 ათასამდე ადამიანი ღატაკია. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა არ გააჩნია. სტატისტისკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ადასტურებს, რომ ამ მხრივ სავალალო ტენდენცია მზარდია.
"საქსტატის" წინასწარი მონაცემბის მიხედვით, მოსახლეობის 21,3% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფია, რაც ქვეყნის მოსახლეობიდან 792 000 ადამიანს შეადგენს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს მონაცემი საკმაოდ რეალური და იმავდროულად სამწუხაროა. ეს ხელისუფლებისათვის საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს.
წელს "საქსტატი" პირველად გამოაქვეყნებს სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებლის მონაცემებს. მეთოდოლოგია ეფუძნება მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ "საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდს" და იგი გამოიყენება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდი ითვალისწინებს სიღარიბის ზღვრის განსაზღვრას შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების კვლევის მონაცემების საფუძველზე.
წინასწარი მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია და 21.3% შეადგენს, შარშან ეს მაჩვენებელი 20.8%-ს შეადგენდა. გამოდის, რომ ქვეყანაში ამ მხრივ ვითარება უარესდება.
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელი, სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდის და ინვესტიციების შემოდინების ფონზე, როცა ქვეყანის მოსახლეობის მეხუთედზე მეტი ღატაკია, ეს შემოსავლების არასამართლიან გადანაწილებაზე მოითითებს.
"ქვეყანაში გაზრდილია, ღარიბთა რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯდება სტატისტიკური 3-4-პროცენტიანი სხვაობის ფარგლებში, მაინც იკვეთება არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. სამწურახოდ, არასასურველი ტენდენცია მზარდია.
ეს ხელისუფლებისათვის საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს, რომ გაიზარდოს ეკონომიკა, უფრო მეტი დინამიზმია საჭირო და რაც მთავარია, მატერიალური დოვლათის გადანაწილების მექანიზმი იყოს სამართლიანი. ახლა გვაქვს არასახარბიელო სურათი: ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდებოდეს ღატაკი მოსახლეობის რაოდენობაც ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს - საზოგადოებაში შემოსავლების მიხედვით სოციალური უთანასწორობა მატულობს", - განაცხადა სოსო არჩვაძემ.
ქვეყანაში თითქმის 800 ათასი ადამიანი უკიდურესად გაჭირვებულია. ექსპერტის თქმით, ეს მონაცემი საკმაოდ რეალური და იმავდროულად საგანგაშოა. სახელმწიფოს სჭირდება მეტად გახსნილი და გასაგები სოციალური პროგრამა, რომელიც დაეხმარება მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ამ ზღვარის დაძლევაში.
"გააჩნია რას ავიღებთ სიღარიბის კრიტერიუმად. ევროპული და ამერიკული სტანდარტით, ბევრად მეტი ადამიანი მოხვდებოდა ამ ზღვარს ქვემოთ. მეთოდოლოგია, რომლითაც "საქსტატი" იკვლევს, საკმაოდ ადეკვატურია საქართველოს რეალობასთან. ქვეყანაში 792 000 ღატაკი მართლაც რეალურია. თანაც შემაშფოთებელიც და საგანგაშოც. ამიტომ სახელმწიფოს სჭირდება მეტად გახსნილი და გასაგები სოციალური პროგრამა, რომელიც დაეხმარება მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს გაუსაძლისი მდგომარეობიდან თავის დაღწევაში.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები არიან ჩვენთანაც, ამერიკაშიც და იაპონიაშიც, უბრალოდ, მასშტაბებზე და საერთო ტენდენციაზეა საუბარი. ჩვენთან ეს სეგმენტი ძალიან გამოკვეთლია, რაც ცალკე პრობლემებს ქმნის", - განუცხადა "რეზონანსთან" სოსო არჩვაძემ.
პროფესორი პაატა აროშიძე შეშფოთებულია სტატისტიკით, რომელიც ადასტურებს, რომ მოსახლეობის მეხუთედი ღატაკია. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა არ გააჩნია ან ძირეულად არასწორია.
"ვინ მოიაზრება ღატაკთა კატეგორიაში? პირველ რიგში პენსიონერები, რომელთაც ამ თანხის გარდა, სხვა არავითარი შემოსავალი არ გააჩნიათ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის დისბალანსი ძალიან დიდია. სახელმწიფოსთვის ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია. შიდა პრობლემების გარდა, საერთაშორისო ასპარეზზეც ქვეყნის იმიჯს საკმაოდ აზიანებს. როდესაც მინიმალური ეკონომიკური ზრდის პირობებში შეჭირვებულთა რაოდენობა იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში გამომუშავებულ თანხებს მთლიანად შთანთქავს შეძლებული ფენა.
800 000 კაცი ღატაკია? ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა არ გააჩნია ან ძირეულად არასწორია", - განაცხადა პაატა აროშიძემ.