ია აბულაშვილი
02.06.2017

 წელს გაზეთ "ივერიის" დაარსებიდან 140 წელი შესრულდა. პირველად გაზეთი თბილისში 1877 წლის 3 მარტს გამოვიდა და ყოველკვირეული იყო. 1879-1885 წლებში ჟურნალის სახით გამოდიოდა, ხოლო 1886 წლიდან ყოველდღიური გაზეთი გახდა. "ივერიის" დამაარსებელი, გამომცემელი და რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე.

გაზეთი აშუქებდა როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების ისტორიის, ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიის საკითხებს. ილიას ინიციატივით დაინერგა "ივერიაში" პუბლიცისტური ჟანრი "შინაური მიმოხილვა", რომელიც საქართველოს მაშინდელ ყოფა-ცხვრებას და მთავრობის პოლიტიკას აშუქებდა.

"ივერიის" რედაქცია ნიკოლოზის ქუჩის #21-ში მდებარეობდა, რომელიც ჯერ თავად გრუზინსკის ეკუთვნოდა, შემდეგ კი, 1889-1902 წლებში, იქ ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა.

რედაქცია პირველ სართულზე იყო. გაზეთი კი მაქსიმე შარაძის სტამბაში იბეჭდებოდა, რომელიც ამავე სახლის სარდაფის ადგილას იყო განთავსებული. სტამბის მოწყობილობა შარაძეს გერმანიიდან ჩამოუტანია.

გაზეთი ჯერ რედაქციაში დაიგეგმებოდა, შემდეგ კი აწყობილს და გამზადებულს სტამბაში უშვებდნენ. თუ სარედაქციო საქმე მოთავებული ჰქონდათ და გაზეთი დასაბეჭდად მიდიოდა, ილია რედაქციის თანამშრომლებს მასპინძლობდა.

გაზეთის პირველი ნომერი კი ასე გამოსულა: მზა მასალა სტამბაში გააგზავნეს, ილიას სუფრა გაუშლია, სუფრას ცნობილი თამადა კოლა ერისთავი უძღვება. გადის რამდენიმე საათი, კარი გაიღო და სტამბის მუშებმა ახლად დაბეჭდილი, ჯერ კიდევ თბილი გაზეთი შემოიტანეს. თამადამ ამის აღსანიშნავად ილიას მეუღლე ოლღა გურამიშვილს ვერცხლის თასი სთხოვა, ღვინო ჩამოასხეს და ასე ჩამოტარებით შესვეს ყველამ გაზეთის სადღეგრძელო.

რამდენიმე საინტერესო მასალა ივერიის "შინაური მიმოხილვიდან"

1889 წლის 15 აპრილს გაზეთი "ივერია" წერდა: "ცარიზმმა ქართველ ხალხს არა თუ მთლიანად სამართლიან სასამართლო სისტემაზე უთხრა უარი, არამედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების "წყალობაც" წაართვა".

საქმე ისაა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რუსეთში, რომელიც 1864 წელს ჩატარებული სასამართლო რეფორმის შედეგად დაფუძნდა, მეფის რუსეთის მმართველობამ ამიერკავკასიაში, მათ შორის საქართველოში, არ დანერგა, რასაც რეგიონის მოსახლეობის დაბალი დონით ამართლებდა - ისინი ამისთვის მზად არ არიანო.

საქართველოს მოწინავე საზოგადოებას არაერთხელ მიუმართავს თხოვნით რუსეთის იმპერიისთვის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების თაობაზე.

იმდროინდელი მოწინავე ქართველი საზოგადოება ილიას თაოსნობით არ ენდობოდა რუსეთის იმპერიის სასამართლოს და იმედით უყურებდა ფართო მასების მონაწილეობას მართლმსაჯულების განხორციელებაში. ილიას თავისი შეხედულებებიც ჰქონია, თუ როგორ უნდა ემუშავა ამ სისტემას საქართველოში. გაზეთის ფურცლებზე თავისი მოსაზრებაც გამოუთქვამს:

"მსაჯული ის რჩეული კაცია, რომელსაც აბარია ჩვენი ღირსება, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი სული და ხორცი. ერთი სიტყვით, ჩვენი კაცური-კაცობა, ჩვენი ადამიანობა. იგი განსაკუთრებული სინდისია მთელი ერისა. უწინარესად თვითონ მოსამართლენი უნდა იყვნენ ქართული ენის მცოდნენი. აბა, ერთი მიბრძანდით, მოსამართლენი აქაური ენის მცოდნენი არ იყვნენ, რომ ადვოკატებმა და ბრალდებულებმა მჭერმეტყველების ყაბახით გამართონ სასამართლოში რუსულად, ქართველმა ნაფიცმა მსაჯულებმა მარტო ბუზები მოიგერიოს თუ რა ქნან. და თუ ნაფიც მსაჯულებს კანონად დაუდებენ რუსული ენის ცოდნას, მარტო ჩინოვნიკებმა იცის ჩვენში რუსული, მაშინ სამართალი ხომ მართლაც ჩინოვნიკების სამართალი იქნება და არა ერისა".

თბილისში პირველი ტელეფონის ხაზის გაყვანის შესახებ სწორედ "ივერიამ" ამცნო საზოგადოებას. ეს ამბავი ასე ყოფილა. ივანე მაჩაბელს 1880 წელს გაზეთ "დროებაში" გამოუქვეყნებია წერილი პირველი ტელეფონის შესახებ:

"დიდი ხანი არ არის, რაც ტელეფონი მოიგონეს. ეს ისეთი მაშინაა, რომლის შემწეობით შეიძლება კაცმა თავისი ხმა ძალიან შორს გაიგონოს. ეს მაშინა მოიგონეს თუ არა, მაშინვე ამერიკაში ზოგიერთს აზრათ მოუვიდა ქალაქებში გამოეყენებინათ. მოუვიდათ აზრათ და შეასრულეს კიდეც".

მაშინ ბევრ თბილისელს უარი უთქვამს ტელეფონზე და ამიტომ 50 - ნომრიანი სატელეფონო სადგური ქალაქში არ დაიდგა.

პირველი სატელეფონო ხაზი გამგეობასა და ავჭალას შორის 1886 წელს ამუშავდა. გაზეთი "ივერია" ამის თაობაზე წერდა:

"ქალაქის გამგეობიდან ავჭალამდე გაყვანილი ტელეფონი უკვე მოქმედებს. ამ ტელეფონის საშუალებით ქალაქის გამგეობა და წყლის მილების გამყვანი ერთმანეთს ელაპარაკებიან საჭირო საგნებზედ. ხმები გარკვევით მოისმის".

1887 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ "ივერიის" პირველ გვერდზე დაიბეჭდა ინფორმაცია: "კვირას, 25 ოქტომბერს, სტავროპოლიდან მიღებული დეპეშა იუწყება, ამ დილით დიმიტრი ყიფიანი მოკლული ნახეს თავის სადგურში, გამოძიება სწორმოებს".

იმავე საღამოს მეორე დეპეშა მოსულა: "გამოძიებით ჩნდება, რომ ყიფიანის გაძარცვა სდომებიათ და ამ განზრახვით მოუკლავთ".

ილია ჭავჭავაძემ "ივერიის" რამდენიმე ნომერში ზედიზედ უძღვნა სტატიები დიმიტრი ყიფიანს. ერთ-ერთ პირველ ნომერში კი წერდა: "რა უნდოდათ, რას დახარბდნენ ბოროტმოქმედები - მის გახუნებულ და დაძველებულ ტანსაცმელს? რას მოელოდნენ ამ ღარიბ და დღემილეულ კაცისგან? მისი სიმდიდრე ხომ ამ წუთისოფელში დარჩენილი მხოლოდ ორიოდე დღე ღა იყო. თითქოს ესეც შეშურდათ და წაართვეს. რაც სწორედაც რომ ჰქონდა დიმიტრი ყიფიანს, მისი ღვაწლია, რომელიც მაგარს ციხეშია და იმ ციხეს ხსოვნა ჰქვიან, ვერავინ შემოამტვრევს, ვერავინ შეანგრევს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×