ალექსანდრე ბატონიშვილი, ერეკლე მეორის ძე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლოდ იქცა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის რუსეთის იმპერიის მარწუხებში მოქცეული ქართლ-კახეთის სამეფო სულს ღაფავს, ქვეყანა მორჩილად შეგუებია იმპერიულ თამაშებს, რუსეთი იმ რანგის პოლიტიკურ სვლებს აკეთებს, ერეკლე და მისი შთამომავლობა უძლურია, რაიმე იღონონ, ბუნებრივია, წინააღმდეგობრივი მოძრაობა თითოეული ქართველის განწყობაშია ჩაბუდებული, მაგრამ გათითოკაცებულ პროტესტს, სამწუხაროდ, აღარაფერი შეუძლია.
ამ ფონზე ალექსანდრე ბატონიშვილის სახება დიდი იმედია ქართველობისთვის, იგი ის გმირია, რომლის მეშვეობითაც უნდა დაიბრუნოს საქართველომ ბაგრატიონთა მმართველობა. ბაგრატიონები ხომ ის დინასტიაა, რომელიც ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნიდან აღზევდა და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე - 12 საუკუნის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. საცნაურია, რომ ის ერთადერთი სამეფო დინასტიაა მსოფლიოში, საკუთარი ხალხი რომ არ აჯანყებია.
საიდან იღებდა სათავეს ალექსანდრე ბატონიშვილის ანტირუსული განწყობა
ალექსანდრე ბატონიშვილი იყო ის კაცი, რომელსაც არასდროს უღალატია თავისუფლებისათვის, რომელიც არასდროს შეგუებია რუსეთის პოლიტიკურ არტახებს. ის მომსწრე და თვითმხილველი იყო იმ ინტრიგებისა, რასაც რუსეთის საიმპერატორო კარი ქართლ-კახეთის სამეფოს წინააღმდეგ ხლართავდა. სწორედ აქედან იღებს სათავეს მისი ანტირუსული განწყობა, რაც ჯერ ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვას, შემდეგ კი თავისუფლებისათვის ბრძოლას ნიშნავდა.
სალმასტი ირანის ის დიდი ოლქია, ალექსანდრე ბატონიშვილი რომ განაგებდა, სწორედ აქედან სურდა საქართველოდან გადახვეწილ ბაგრატიონს ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა. ირანის პოლიტიკური ელიტა მას მხარს უჭერს, რამდენადაც კარგად ხვდება, საქართველოზე წაქეზებით და კრწანისის ომის პროვოკაციით როგორ გააბითურა რუსეთმა ირანი და როგორ ათამაშა საკუთარი პოლიტიკური თამაში, რის შემდეგაც მოგებული მხოლოდ სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარი დარჩა.
რატომ არ ჩანს კრწანისის ომისას ალექსანდრე ბატონიშვილის კვალი
ალექსანდრე მამამისს, ერეკლე მეორეს, გამორჩეულად ერთგულებდა, ის არაერთ მნიშვნელოვან სახელმწიფო საქმეს უძღვება წარმატებით. მისი უშუალო მონაწილეობით ხდება სახელმწიფო ადმინისტრაციული მმართველობის დახვეწა, სასამართლო რეფორმა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება.
ბუნებრივია, ამ ყველაფრისთვის სათანადო განათლებაა საჭირო. ალექსანდრე თავისი ეპოქის შესაბამის საფუძვლიან განათლებას იღებს.
ერეკლე მეორის გადაწყვეტილებით, ალექსანდრე ბატონიშვილს 1794 წელს საუფლისწულო მამულად შულავერი დაუმტკიცდა. ეს საკმაოდ ფასეული სტრატეგიული პუნქტია, ქვეყნის სამხრეთის კარიბჭის შეუცვლელი როლი აქვს საქართველოს თავდაცვის სისტემაში.
ასე გახდა სამხრეთის მიმართულებიდან ქართლ-კახეთის თავდაცვა ალექსანდრე ბატონიშვილის ზრუნვის საგანი. ამ რეალობაში, ბუნებრივია, საკმაოდ დისონანსურად ჟღერს ის ფაქტი, რომ კრწანისის ბრძოლაში ბატონიშვილი არ მონაწილეობს. ამ ფაქტმა საბჭოთა ისტორიოგრაფიაში სათავე დაუდო იმ მცდარ მოსაზრებას, თითქოსდა რუსეთის მომხრე ერეკლე მეორეს შვილი განუდგა.
ეს ყველაფერი საბჭოთა იდეოლოგიაზე მორგებული სქემა იყო, რომელსაც სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა იმ უბრალო მიზეზით, რომ კრწანისის ომისას, 1795 წლის სექტემბერში, ალექსანდრე ბატონიშვილი სიკვდილს ებრძოდა - მას სახადი ჰქონდა შეყრილი, სარეცელს იყო მიჯაჭვული და, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა ბრძოლის ველზე. როცა ქართლ-კახეთის სამეფო კარი დადგა აუცილებლობის წინაშე, რომ თბილისი დაეტოვებინა და თელავში გადასულიყო, ბატონიშვილი საკაცით გაიყვანეს სასახლიდან. მას დამოუკიდებლად სიარული არ შეეძლო.
სწორედ მისი ასეთი მძიმე ფიზიკური მდგომარეობა იყო იმის მიზეზი, რომ მის კვალს კრწანისის ბრძოლაში ვერ ვხედავთ.
რატომ ვერ მოერია ალექსანდრე ბატონიშვილს რუსული აგენტურა
ის პოლიტიკური ვაკჰანალია, რაც ქართლ-კახეთის სამეფო კარზე ტრიალებს, მიუღებელია ალექსანდრე ბატონიშვილისთვის. ხედავს რუსული დაზვერვა, რომ ალექსანდრე მნიშვნელოვანი ძალაა სამეფოსათვის, რაც სწორედ იმის ნიშანია, რომ მის განეიტრალებაზე იფიქროს.
ის მოდელი, რაც ერეკლეს პირველ შვილთან მიმართებით გაითამაშა რუსეთმა, რასაც ლევანის მოწამვლა და შემდგომ სიკვდილი მოჰყვა, აქ უკვე აღარ გამოდგება. ერთი და იმავე სცენარით მეფის ორი ვაჟის სიკვდილი ნამეტანი აფიშირება იქნება რუსეთის საიმპერატორო კარის ბინძური ზრახვებისა, ამდენად, რუსული აგენტურა სულ სხვა მიმართულებით იწყებს მუშაობას.
ალექსანდრე ბატონიშვილმა, რომელსაც საკმაო გავლენა აქვს სამეფოში, უნდა დატოვოს საქართველო და პეტერბურგს სრული კარტ-ბლანში უნდა მიეცეს თბილისსა და თელავში.
ეს ის დროა, როცა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი საქმეა - გიორგი მეთორმეტე უნდა ავიდეს სამეფო ტახტზე. 1785 წელს საეჭვო ვითარებაში სრულიად ახალგაზრდა მეფისწულის ჯანმრთელობა გაუარესდა, არის ეჭვი, რომ ისიც მოწამლეს - სწორედ ავადმყოფობის გამო მოიმატა წონაში საგრძნობლად. 40 წლის ასაკში, ბრძოლას ვინ ჩივის, ცხენზე ჯდომაც კი უჭირდა. აქაც ჩნდება ეჭვი, ხომ არ იყო ეს ყველაფერი რუსული სპეცსამსახურების მუშაობის შედეგი. ეს არ უნდა გამოირიცხოს, თუმცა მთავარი შედეგი ის იყო, რომ მეფის ტახტის მომლოდინე გიორგი ყველაფერს საკუთარი პრიზმიდან უყურებს და სამეფოსა და ქვეყნის ინტერესებს უგულებელყოფს.
ამბავი გიორგი მეთორმეტის უხეირო გამბიტისა
აშკარაა, რომ მეფის რანგში უკეთესი იყო ქვეყნისთვის ალექსანდრეს ზეობა. და აქ კიდევ საკმაოდ გულმოდგინედ იქარგება ინტრიგათა ქსელი - სამეფო კარზე მყოფი რუსები არწმუნებენ გიორგის, რომ მხოლოდ მათთან მჭიდრო კავშირის შედეგად უზრუნველყოფს საკუთარი შვილის - დავითის, როგორც მეფის, მემკვიდრეობას. რუსებმა ამ დაპირებით, ფაქტობრივად, მარიონეტად აქციეს მეფე გიორგი. ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად უდიდესი მცდელობისა, მათ მაინც ვერ მოახერხეს, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე დაეყოლიებინათ სამეფოს ნებაყოფლობით გაუქმებაზე, რასაც რუსებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მათი მმართველობის ლეგიტიმაციისათვის.
კიდევ ერთი სახასიათო მომენტი უნდა მივანიშნოთ - როცა სამეფო ტახტზე გიორგი მეთორმეტე ავიდა, ალექსანდრე ბატონიშვილი თელავში არ იყო, მეფეს ერთგულება ყველამ შეჰფიცა, მათ შორის - ბატონიშვილებმაც. მიუხედავად არასასურველი, დაძაბული ურთიერთობისა, ალექსანდრე დემონსტრაციულად მიდის სამეფო სასახლეში და საქვეყნოდ ერთგულების ფიცს აძლევს მეფეს. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ალექსანდრე ბატონიშვილისთვის ყველაზე ფასეული სწორედ სამშობლოა და არა სამეფო ტახტი.
რუსეთის ინტრიგებმა თავისი ქნა - ვერ მოინელა გიორგიმ ალექსანდრესთან არცთუ სასურველი ურთიერთობა და კიდევ უფრო დაამძიმა სამეფო მამულების გადანაწილებისას. სწორედ ეს იყო ბოლო წერტილი, რამაც ალექსანდრე საქართველოს დატოვების გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. უკვე ხვდება მეფე გიორგი, რომ ეს არ არის სასურველი სცენარი, ამიტომაც დაადევნა მხედრები უფლისწულს და თელავში დაბრუნება სთხოვა, მაგრამ ალექსანდრე ბატონიშვილს უკვე გამოეტანა ვერდიქტი საკუთარი თავისთვის.
რატომ იყო ალექსანდრე ბატონიშვილისთვის იდეა-ფიქსი მხოლოდ ქვეყნის თავისუფლება
მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის ქართულმა საზოგადოებამ და სხვადასხვა სოციალურმა ფენამ ვერ გაიცნობიერეს ბაგრატიონთა მმართველობის დამხობა, მათთვის ბაგრატიონები სულ სხვა, ღმერთთან ნაზიარები სიმაღლეა, ამიტომაც იმედის თვალით შეჰყურებს რუსეთის ხიშტქვეშ დაკნინებული ქართველობა ალექსანდრე ბატონიშვილს.
საგულისხმოა, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი თავად არ მიისწრაფვოდა მეფობისკენ, მეფობა მისი იდეა-ფიქსი არასდროს ყოფილა, ის რუსეთის მარწუხებისგან სამშობლოს გათავისუფლებას ესწრაფვოდა ჯერ, უმთავრესი სწორედ ეს იყო და არა მეფური ამბიციები.
სწორედ ამიტომაც განსაკუთრებულად შეიყვარა ხალხმა ეს გმირი, ხალხისთვის ალექსანდრე მეფეა, რომელსაც თავისი კონცეფცია აქვს. ეს კონცეფცია ეფუძნება იმ იდეოლოგიურ პოსტულატებს, ქართველთა სამეფო კარი რომ ერთგულებდა ყოველთვის. საქართველოს თავისუფლება შეუძლებელია ერთიანი კავკასიის თავისუფლების გარეშე. ამიტომაც ალექსანდრესთვის ქართული რეალობა მოწყვეტილად არ განიხილება, ეს რეალობა გლობალურად, ერთიანი კავკასიის კონტექსტში უნდა იქნეს მოაზრებული.
მსგავსი დასკვნა, ბუნებრივია, რუსეთის საიმპერატორო კარის იდეოლოგებსაც აქვთ და ზრუნავენ იმაზეც, რომ სათავისოდ გაანეიტრალონ კავკასიური კოზირი - დაშალონ და დაანაწევრონ ერთიანი გეოსტრატეგიული მხარე და სწორედ ასე შექმნან მათთვის სასურველი პოლიტიკური რეგიონი, რომლის მართვაც იოლი იქნება.
ამბავი კავკასიის უკვდავების ფორმულისა
ამ განზრახვას უპირისპირებს ალექსანდრე ბატონიშვილი ერთიანი კავკასიური სახლის იდეას, სადაც მხოლოდ საქართველო ვერ იქნება თავისუფალი, სადაც აქ მცხოვრები ვერც ერთი ერი და ეთნოსი ვერ შეძლებს უშფოთველად ცხოვრებას, თუკი ერთიანი კავკასიური იდეალები რეალური ცხოვრების ნაწილად არ გაიხადა. ეს პოლიტიკური თეზა დღემდე რჩება იმ ორიენტირად, რომელსაც კავკასიაში მცხოვრებთათვის ალტერნატივა არ გააჩნია.
სწორედ ამ განწყობისა და დამოკიდებულებისთვის ალექსანდრე ბატონიშვილი არა მარტო ქართველთა, არამედ მთიელ კავკასიელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის კავკასიის გმირია. სწორედ კავკასიიდან იღებს სათავეს მისი მითოლოგიური სახებაც.
ალექსანდრე ბატონიშვილი მონაწილეობდა საქართველოსთან დაკავშირებულ ყველა შეთქმულებასა თუ გამოსვლაში, ხშირად უკიდურესად მძიმე ვითარებაშიც აღმოჩენილა, რუსებს არაერთხელ მოუმწყვდევიათ ის ალყაში, საიდანაც იოლად დაუღწევია თავი.
ასეთი არაერთი შემთხვევა გახდა საფუძველი კავკასიური ლეგენდისა, რომლის მიხედვითაც, ალექსანდრე ბატონიშვილს ჰყავდა მფრინავი ცხენი და მისი წარმატების ფორმულაც ამ მფრინავი ცხენით აიხსნება.
რატომ არის ალექსანდრე ბატონიშვილი ტატოს "მერანის" ადრესატი
ალექსანდრე ბატონიშვილის ყოვლისშემძლე მფრინავი ცხენი ის რეალობაა, რამაც პოეტურ აღქმაშიც უნდა ჰპოვოს ასახვა. სწორედ ნიკოლოზ ბარათაშვილი გახლდათ ის გენიოსი, ვინაც თავისი "მერანით" უკვდავყო ალექსანდრე ბატონიშვილის სახება.
ოფიციალური ვერსიით, "მერანის" ადრესატი ილიკო ორბელიანია, მისმა დატყვევებამ უბიძგა ტატო ბარათაშვილს, შეექმნა ეს უნიკალური შედევრი, თავად პოეტიც საკუთარ წერილებში მიუთითებს, რომ ლექსი ილიკო ორბელიანს უძღვნა, თუმცაღა ჯერ კიდევ პავლე ინგოროყვამ შენიშნა, რომ ისეთი გაორებული პიროვნება, როგორიც ილიკო ორბელიანია, არ შეიძლებოდა ყოფილიყო თავისუფლებისათვის ბრძოლის იდეალი. ერთადერთი ადამიანი, რომელიც იმ ეპოქაში იტევდა შეუპოვარი ეროვნული იდეალებისათვის მებრძოლის სახებას, მხოლოდ ალექსანდრე ბატონიშვილია თავისი მფრინავი ცხენით, ამიტომაც ტატოს "მერანის" ადრესატი ის უნდა ყოფილიყო. ამას ოფიციალურად ბარათაშვილი ვერ აღიარებდა სათანადო ცენზურის გამო, რამდენადაც რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი ბაგრატიონის დადებით კონტექსტში წარმოსახვას ოფიციოზი ვერ შეეგუებოდა. ამიტომაც დასჭირდა ტატოს იმის მინიშნება, რომ "მერანი" ილიკო ორბელიანს უძღვნა.
ეს გენიალური პავლე ინგოროყვას მოსაზრებაა და ვფიქრობთ, საკმაოდ მართებული.
საცნაური სწორედ ისაა, რომ ირანში უკიდურეს გაჭირვებაში გარდაცვლილი ალექსანდრე ბატონიშვილი სწორედ ასეთი, ტატოს "მერანის" მსგავს შეუდრეკელ, თავისუფლებისათვის მებროლის სახით შემორჩა ქართველთა მეხსიერებასა და ისტორიის ანალებს.