ზაფხულის ცხელ პერიოდში ჰაერში არსებული მომწამვლელი ნივთიერებების ზეგავლენა ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვნად იზრდება. ტემპერატურის მატებასთან ერთად, უფრო და უფრო მწვავედ დგება საკითხი, როგორ უნდა შეიცვალოს ქალაქში ვითარება. ეკოლოგების ინფორმაციით, დღესდღეობით ყოველი მეოთხე-მეხუთე ადამიანის გარდაცვალება ჰაერის დაბინძურებას და მისგან გამოწვეულ დაავადებებს უკავშირდება.
აყველა დიდ ქალაქში მეტ-ნაკლებად შეინიშნება ჰაერის დაბინძურება, რაც გამოწვეულია ადამიანის საქმიანობით. მრეწველობა, ტრანსპორტი და კომუნალური სამსახურები ატმოსფეროში გამოყოფს ადამიანისა და ცოცხალი გარემოსთვის საშიშ, ქიმიურად აქტიურ და ტოქსიკურ ნაერთებს.
იმისდა მიხედვით, თუ რა პირობებია ატმოსფეროში დედამიწის ზედაპირთან და ჰაერის რა დაჭუჭყიანების წყაროები არსებობს, შეიძლება წარმოიქმნას სმოგის სხვადასხვა ტიპი, რომელთაგანაც ყველა ზიანის მომტანია ჯანმრთელობისათვის.
დღეს თბილისის ჰაერის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია არ არსებობს. დედაქალაქში მისი ხარისხი მხოლოდ სამ ადგილას იზომება: აღმაშენებლის, წერეთლისა და მოსკოვის გამზირებზე, სამი სადამკვირვებლო სადგური კი საკმარისი არაა თბილისის ჰაერის მდგომარეობაზე სრული სურათის შესაქმნელად.
დღესდღეობით სამი სადგურის მონაცემებიც კი აჩვენებს, რომ ჰაერის ხარისხი თბილისში არ შეესაბამება სტანდარტებს. ჰაერი უფრო ცენტრალურ ადგილებშია დაბინძურებული, სადაც ტრანსპორტი ინტენსიურად მოძრაობს. ნახშირორჟანგის, აზოტის ორჟანგის, ტყვიის, გოგირდის ორჟანგის და მყარი ნაწილაკების (ანუ მტვრის) დონე აჭარბებს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. ამ ნაერთების ორგანიზმში მოხვედრა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის პრობლემას იწვევს.
რაც უფრო მცირეა მყარი ნაწილაკი, ანუ მტვერი, მით უფრო ღრმად იჭრება ის ადამიანის ორგანოებში. ტყვია აზიანებს ნერვულ სისტემას, მოქმედებს გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე, გოგირდის ორჟანგი კი ზედა სასუნთქ გზებს აღიზიანებს.
ზაფხულობით დედაქალაქში სიცხის გამო სუნთქვა უფრო და უფრო ჭირს და მომწამვლელი ნივთიერებებიც მეტად აქტიურდება. მიუხედავად დაპირებისა, სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია სმოგის შესამცირებლად პოლიტიკა და, სამწუხაროდ, ეს დღის წესრიგშიც არ დგას.
საქართველოში 2002 წლიდან 2015 წლამდე პირველადი დიაგნოზით დადგენილი სიმსივნის საერთო რაოდენობა 6,6-ჯერ გაიზარდა. ექიმისთვის მიმართა აღნიშნულ პერიოდში სულ 2,4-ჯერაა გაზრდილი.
ტოქსიკოლოგი ნინო ჩიღვინაძე ამბობს, რომ დაბინძურებული ჰაერი ორგანიზმში შეუმჩნევლად ილექება და თავის მძიმე შედეგს წლების შემდეგ აჩვენებს. მისი ინფორმაციით, საქართველოში უკვე შესამჩნევად გაზრდილია გულ-სისხლძარღვთა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა რიცხვი.
"მნიშვნელოვანია, რომ ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებები ძირითადად მიწიდან 1 მეტრის სიმაღლეზე კონცენტრირდება, რის გამოც ბავშვი უფრო მეტ მავნე ნივთიერებას ჩაისუნთქავს, ვიდრე ზრდასრული. ბავშვს თუ სუფთა ჰაერზე გავუშვებთ, მას ხველა იმ წამსვე გაუვლის. ეს არის სუფთა ჰაერის სინდრომი და სწორედ ამის დეფიციტია დღეს დედაქალაქში.
მაღალი ტემპერატურა, რა თქმა უნდა, უფრო ააქტიურებს მავნე ნივთიერებებს. წელიწადის სხვა დროს ისინი შეუმჩნევლად ილექება ჩვენს ორგანიზმში და დროთა განმავლობაში ანადგურებს ჯანმრთელობას. იმ პერიოდში კი, როცა ქალაქში ცხელა, ნათლად შეიმჩნევა, როგორი არაჯანსაღია ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნინო ჩიღვინაძემ.
ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი საგანგაშო ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ქვეყანაში ყოველი მეოთხე ან მეხუთე ადამიანის გარდაცვალება დაბინძურებული ჰაერით და სმოგის მაღალი მაჩვენებლით არის გამოწვეული.
"ცხელ პერიოდში გამონაბოლქვის ზეგავლენა ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვნად იზრდება, თბილისში კი ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ძალიან დიდია. ჩვენ გვახსოვს, რომ შარშან საქართველო დასახელდა სიმსივნური დაავადებებით სიკვდილიანობის რაოდენობის მხრივ პირველ ქვეყნად. მოგეხსენებათ, ამ დაავადების მთავარი მაპროვოცირებელი დაბინძურებული ეკოლოგიაა.
ფაქტია, რომ სიტუაცია არის კატასტროფული. დღეს ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რასაც რეალური მუშაობა სჭირდება ხელისუფლების მხრიდან. თუ პრობლემა ვერ აღმოიფხვრება, უნდა შემსუბუქდეს მაინც.
პირველ რიგში, აუცილებელია, საწვავის ხარისხის კონტროლის რეალური მექანიზმის შექმნა და არა - ფორმალურის. აქვე აუცილებლად უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულყოფა, რაც თბილისში ნამდვილად არ შეიმჩნევა. ყველას გვესმის, რომ რამდენიმე ახალი ავტობუსი სიტუაციას ვერ გამოასწორებს. თანაც მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტის მოდერნიზაცია ვერ შეცვლის მდგომარეობას. საჭიროა კონკრეტული მარშრუტების დამუშავება და ერთიანი სქემის შექმნა.
დღევანდელი მონაცემებით, ყოველი მეოთხე ან მეხუთე ადამიანის გარდაცვალება ჰაერის დაბინძურებასთან და მის მიერ პროვოცირებულ დაავადებებთანაა დაკავშირებული", - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
საშიშროების უმაღლესი დონის ნივთიერებების ზღვარი, საქართველოში გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროპასა და აშშ-ში. თუმცა O3, NO2, SO2 და შეწონილი ნივთიერებების - PM10-ისა და PM2.5-ის დონე ამ დაბალი სტანდარტის პირობებშიც კი აღემატება დასაშვებ ნორმას.