საქართველოს სამოციქულო ეკლესია 1 ივნისს ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს, საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. წმინდა ნინო კაბადოკიიდან იყო. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ და შვილიც ღვთის სიყვარულითა და ლოცვით აღზარდეს.
როდესაც წმინდა ნინო 12 წლის გახდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, თავი უფლისთვის მიეძღვნათ. გაყიდეს ყველაფერი და ასულთან ერთად იერუსალიმს მიაშურეს, მთელი ქონება კი გლახაკებს დაურიგეს.
ნინოს მამამ, ზუბოლონმა, პატრიარქისგან კურთხევა ითხოვა, გამოემშვიდობა ცოლ-შვილს და უდაბნოში ბერად აღიკვეცა. დედა სოსანამ კი უძლურთა მსახურება დაიწყო და ასეთ ღვაწლში გარდაიცვალა. იერუსალიმის პატრიარქმა, რომელიც ნინოს ბიძა იყო, ბავშვი თავისთან წაიყვანა და აღსაზრდელად ერთ ღვთისმოსავ ქალს მიაბარა. სწორედ მისგან შეიტყო ნინომ, როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი საქართველოში.
მოისმინა რა, გულმხურვალე ლოცვა აღავლინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი, იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გამხდარიყო, უკერავი პერანგის, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს.
მისი ვედრება შეისმინა ღვთისმშობელმა, სიზმარში გამოეცხადა ნინოს და უთხრა: "წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი." ყოვლადწმინდა ღვთისმშობლემა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს. გამოღვიძებულს მართლაც ჯვარი ეჭირა ხელში, რომელიც საკუთარი თმებით შეკრა.
ნინომ პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევა აიღო და საქართველოსკენ გამოეშურა. გზად უამრავი დაბრკოლება და გასაჭირი გადაიტანა. სომხეთში მისული უფლის ნებით გადაურჩა სიკვდილს. მარტოდმარტომ განაგრძო კვლავ გზა.
ზაფხულის დამდეგს ნინო ჯავახეთის მთებიდან ფარავნის ტბას მიადგა, სადაც მწყემსები ნახა. მათ უთხრეს, რომ მცხეთიდან იყვნენ. მცხეთის ხსენებაზე წმინდა ნინოს ნუგეში მიეცა, დაიძინა და მძინარეს წარმოუდგა ნათლის სახე კაცისა, რომელმაც ნაწერი გადასცა და უთხრა, მცხეთაში წასულიყო და ეს წერილი მეფისთვის მიეცა.
გამოღვიძებულმა ნინომ ლოცვა აღავლინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი და ქართლისკენ გაემართა. სწორედ აქედან დაიწყო ღვთის ნებით ქართლის გაქრისტიანება. ტანჯვა-წამებით მიაღწია ქალაქ ურბნისადმე. ნინო იქ ერთი თვე გაჩერდა, არმაზის კერპის თაყვანისმცემელ ქართველებს შეუერთდა და ჩავიდა მცხეთაში.
ნახა "მეფენი და მთავარნი და ყოველი ერი შიშით ძრწოდა კერპის წინაშე. უფალო, მოხედე წყალობით ამათ ზედა, რათა ყოველმან ერმან მხოლოისა ღმრთისა თაყვანი გცენ იესოს მიერ ძისა შენისა" - შეჰღაღადა ნინომ ღმერთს. ამ დროს დაუბერა საშინელმა ქარმა, წამოვიდა სეტყვა და შეიმუსრა კერპები.
წმინდა ნინო სამეფო ბაღში დასახლდა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა. უშვილოებს უფლის მადლით ეწეოდა, დედოფალი ნანა განკურნა. ილოცა, ჯვარი გადასახა და მოარჩინა. ამის შემდეგ აღიარა ქრისტე დედოფალმა.
წმინდა ნინომ მეფე მირიანიც მოაქცია უფლის სასწაულებრივი ხილვის შემდეგ. სულ მალე კახეთიც მოაქცია. ამიტომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს როგორც მოციქულთა სწორს ისე იხსენიებს. წმინდა ნინოს ცხოვრება მისივე მონათხრობით ჩაწერეს სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა.
ყოველი წლის 1 ივნისს ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავად წირვა ტარდება. წირვის შემდეგ მორწმუნეები ფეხით იწყებენ მსვლელობას და გადიან იმ გზას, რომელიც ქართლის გაქრისტიანებამდე წმინდა ნინომ გაიარა. ამ მსვლელობას წმინდა ნინოს გზას უწოდებენ.
გზა შეუწყვეტლივ გრძელდება და ბოლოს - 12 ივლისს სრულდება მცხეთაში თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს. მსვლელობის მონაწილეები ხატებით და ბაირაღებით დაივლიან ჯავახეთს, შედეგ - ქართლის სოფლებს. მათთან ერთად არის სამღვდელოება. ინათლებიან ადამიანები, იკურთხება სოფლები და სახლები.