მოსალოდნელია, რომ ე.წ ახალი ტერორიზმი კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს და კონტინენტები მოიცვას, - ასეთია ანალიტიკოსების მოლოდინი ბოლო დროს გახშირებულ ტერორისტულ აქტებზე, რამაც განსხვავებული სახე მიიღო და მთელი დასავლური საზოგადოება პანიკაში ჩააგდო.
თუკი მანამდე საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო ქუჩაში დატოვებულმა ჩანთამ საზოგადოება ისე შეაშინა, რომ დაღუპულთა მემორიალის გადავლით შეეცადნენ, იქაურობისთვის თავი დაეღწიათ, ახლა უკვე ლონდონში მომხდარი ტრაგედიით გამოწვეულმა პანიკამ პიკს მიაღწია.
ტურინში ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ ე.წ პიტარდის აფეთქებამ ხალხში ისეთი ქაოსი გამოიწვია, რომ ჭყლეტას დაახლოებით ათასი ადამიანის დაშავება მოჰყვა. მათ შორის იყვნენ საქართველოს მოქალაქეებიც.
ხალხი სან-კარლოს მოედნის ცენტრისკენ გავარდა, რომელიც პოლიციის ბარიერით იყო შემოსაზღვრული. დაშავებულთა შორის არის 7 წლის ბავშვი, რომელსაც თავისა და გულის არეში სერიოზული დაზიანებები აქვს.
ამის პარალელურად, აშშ-მა "ისლამურ სახელმწიფოსთან" საბრძოლველად ფილიპინებს იარაღი გადასცა, რაზეც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტერორისტების წინააღმდეგ კიდევ უფრო რადიკალური ზომების მიღებაა საჭირო.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, რაც უფრო პატარავდება "ისლამური სახელმწიფო", მით უფრო მოედება მსოფლიოს ტერორისტული იატაკქვეშა ორგანიზაციების სახით.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია კი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დაიშის მთავარი მიზანი სოციუმში მასობრივი შიშის დანერგვაა და ამისთვის ტერორიზმის განსხვავებულ ფორმას - ე.წ ახალ ტერორიზმს იყენებს.
"ტერორისტები მრავალფეროვან მეთოდებს იყენებენ, ამას ჰქვია ახალი ტერორიზმი. ისინი მიმართავენ ისეთი ტიპის ქმედებებს, რაც მორგებულია მსოფლიოში შექმნილ რეალობასთან, მაგალითად, როგორიცაა ე.წ. რეიდები, რომლისთვისაც იყენებენ სამგზავრო მანქანებს ან სატვირთოებს და ამით უსწორდებიან მოქალაქეებს.
"ეს არის ახალი ტაქტიკა, რომელიც ადრე არ იყო. ასევე იყენებენ მეორე-მესამე თაობის ჯიჰადისტებს, მათ, ვინც დაბადებული არიან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და კარგად იციან სოციუმის ქცევა. ამდენად, სხვებისგან მათი გამორჩევა და იდენტიფიკაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამ თაობაში ისინი შესაბამის იდეოლოგიურ საწყისებს დებენ და ავითარებენ სოციალური ქსელებისა და მედიის თუ კიბერსივრცის ელემენტების მეშვეობით.
"როგორც ვიცი, მათ ონლაინ სივრცეში თამაშებიც კი შემოაგდეს, რაც ფარულად დაიშის პროპაგანდაა. ისინი ასევე მიმართავენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რის ტრანზიტს და რეალიზაციას იმიტომ კი არ ახდენენ, რომ ფინანსები მოიპოვონ, არამედ, პირველ რიგში, მოწინააღმდეგე დაამარცხონ სტრატეგიულად სიღრმისეული გათვლების საფუძველზე. ეს, ერთიანობაში, საკმაოდ სერიოზულ გარემოებას ქმნის", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბოლოდროინდელი ტერორისტული აქტების ბევრმა შემსრულებელმა მომზადება ისლამური სახალიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიარა.
"ესეც საგულისხმო მომენტია. დაიში საკუთარი ორგანიზაციის წევრებს აბრუნებს თავის სამშობლოში და ეუბნება, რომ იქ განახორციელონ ჯიჰადი.
"ეს ხდება იმიტომ, რომ დაიში გაერთიანებულ სამხედრო კოალიციას ვერ გაუწევს სერიოზულ წინააღმდეგობას, შესაბამისად, ეძებს ისეთ გზებს, რომლითაც ამის საპირწონედ მოახერხებს შეწინააღმდეგებას.
"რაც ახლა ხდება, სწორედ ასეთი ტიპის ქმედებაა და, სამწუხაროდ, მოსალოდნელია, კიდევ უფრო გახშირდეს, მასშტაბური ხასიათი მიიღოს და მოიცვას მთელი ევროპის სახელმწიფოები და მსოფლიოს კონტინენტები. ფილიპინების მაგალითმა ეს თვალსაჩინოდ აჩვენა", - ამბობს ვახტანგ მაისაია.