ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" პერიოდულად აქვეყნებს სტატიებს, სადაც მისი ავტორები მკითხველს ურჩევენ, რომელი წიგნი წაიკითხონ დასვენების დღეებში. 2015 წელს გამოქვეყნებულ ერთ ასეთ სარეკომენდაციო სტატიაში ბრიტანელი ნოველისტი და სცენარისტი უილიამ ბოლიდი მკითხველს სამი წიგნის წაკითხვას ურჩევდა, რომელთაგან ერთ-ერთი მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე" იყო.
ბრიტანელი მწერალი უილიამ ბოლიდი წერდა, რომ სამი საოცრად შთამბეჭდავი წიგნი გამოიცა წელს, მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე", რომელიც მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის სარდონულ-ავანტურისტული შედევრია და, როგორც იქნა, ხელმისაწვდომი გახდა ინგლისურ ენაზე, რომელიც თარგმნა დონალდ რეიფელდმა.
დღევანდელ სტატიაში მიხეილ ჯავახიშვილის ამ შედევრის განხილვას არ ვაპირებთ, მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ამბავი, გვინდა, შევახსენოთ მკითხველს.
რომანის ორი თავის - "ამბავი საიდუმლო ვალდებულებისა" და "ამბავი უდიდეს სამხედრო საქმის გაიმასქნებისა" მთავარი გმირის ერთ-ერთ პროტოტიპად რუსეთის სამხედრო მოხელე, ცნობილი ავანტიურისტი და რასპუტინის ნდობით აღჭურვილი პირი მიხეილ ანდრონიკაშვილი მოიაზრებოდა. გერონტი ქიქოძის მოგონებებზე დაყრდნობით კი, "კვაჭი კვაჭანტირაძის" მთავარი გმირის ერთ-ერთი პროტოტიპი ქართველი აზნაური, ფინანსისტი, ცნობილი ავანტიურისტი სკანდალური კარიერით რუსეთის სამხედრო სამინისტროში და საიდუმლო დიპლომატიური საქმიანობით, ვასილ დუმბაძე უნდა ყოფილიყო.
ვასილ დუმბაძე დაიბადა გურიაში, სოფელ შემოქმედში, მღვდლის ოჯახში. მისი უფროსი ძმა რუსეთის იმპერატორის ამალის წევრი, გენერალ-მაიორი ივანე დუმბაძე ქალაქ იალტის თავი იყო და ყირიმში დიდი ძალაუფლებით სარგებლობდა.
ვასილ დუმბაძე სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე. მისი სადიპლომო ნაშრომი იყო კვლევები ბაქოს ნავთობსარეწებზე, სადისერტაციო თემა კი - "ნავთობის ინდუსტრია კავკასიაში და მისი ამერიკის ნავთობთან შედარება".
იგი მეცნიერებას არ გაჰყვა და კომერციული საქმიანობა აირჩია. იმდენად გაითქვა სახელი, რომ მორგანთა რუსეთ-ამერიკის ბანკის დამფუძნებელთა შორის, გრაფ ვორნცოვ-დაშკოვის და აშშ-ში რუსეთის ელჩ ბარმეტოვის გვერდით მოხვდა.
შემდეგ იყო რუსეთის სამხედრო მინისტრ სუხამლინოვის ნდობით აღჭურვილი პირი და სამინისტროში სამეურნეო საქმეებს განაგებდა. 1915 წელს კი ჩართული აღმოჩნდა რუსული არტილერიისათვის გამოუსადეგარი, ამერიკაში შეძენელი ჭურვების სკანდალში, რის გამოც სუხამლინოვი თანამდებობიდან გადააყენეს, დუმბაძე კი გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებით დააპატიმრეს.
ეს ამბავი კი ასე ყოფილა: რუსეთის სამხედრო უწყებამ ამერიკაში 15 მილიონი ოქროს მანეთის ყუმბარების შეკვეთა ვასო დუმბაძეს მიანდო. 1915 წელს პეტროგრადში ფარულად ჩასულმა გიორგი მაჩაბელმა ვასილ დუმბაძე დაიყოლია და იმ ფარულ გეგმაში ჩართვა მოახერხა, რომელიც რუსეთის არმიის დამარცხებისათვის ხელის შეწყობას და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას ითვალისწინებდა.
1915 წლის დასაწყისში რუსეთის იმპერიის სამხედრო მინისტრმა ვასილ დუმბაძეს ფული და შესაბამისი დოკუმენტაცია ჩააბარა და აშშ-ში გაისტუმრა, სადაც მას ამერიკელი მეწარმეებისაგან 15 მილიონი ოქროს მანეთის ღირებულების ჭურვები და ტყვია-წამალი უნდა შეეკვეთა. მგზავრობის მარშრუტი სტოკჰოლმზე გადიოდა, სადაც რუსეთის იმპერიის ქართველ ჩინოვნიკს გიორგი მაჩაბელი ელოდა.
ერთი თვის შემდეგ ვასილ დუმბაძე რუსეთში დაბრუნდა და სამხედრო მინისტრს და შესაბამის სამსახურებს 15 მილიონის ქვითრები და დოკუმენტაცია ჩააბარა.
პროდუქცია რუსულ მხარეს სამი თვის შემდეგ ჩაბარდა, რომელიც სამინისტრომ უმალვე სხვადასხვა ფრონტს დაუგზავნა, მაგრამ რამდენიმე დღეში პეტროგრადში სეტყვასავით წამოვიდა დეპეშები - "არც ერთი ყუმბარა არც ერთ ზარბაზანს არ ადგება, ყველა ერთი მილიმეტრით უფრო მსხვილია ლულაზედ."
ატყდა ალიაქოთი, რუსეთის მთავრობამ მისწერა ამერიკის მთავრობას. აღმოჩნდა, რომ "ამერიკულ ფირმებს" არც კი გაუგიათ, სიზმარშიც არ უნახავთ არც ფული და არც შეკვეთა, არც დუმბაძე და არც სხვა ვინმე რწმუნებული. გამოძიებით კი დადგინდა, რომ დუმბაძის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ქვითრები ყალბია; 15 მილიონი მანეთი ოქროთი ჩააბარა არა აშშ-ს, არამედ რუსეთის მტერ გერმანიას. შეკვეთილი ჭურვები გერმანიამ დაამზადა, რომელიც სხვადასხვა კალიბრის ჭურვების სტანდარტით გათვალისწინებულ ზომას ერთი მილიმეტრით აღემატებოდა.
უცხოური პრესა კი წერდა, რომ გერმანიის დაზვერვის სამსახურის და ქართველი პატრიოტების მიერ ჩატარებულმა ერთმა ოპერაციამ კარპატებამდე მისულ რუსეთის არმიას კატასტროფულად უკან დაახევინა და რუსეთის იმპერიის ფრონტი საგრძნობლად დაასუსტა.
ვასილ დუმბაძე დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, რაც შემდეგ ნიკოლოზ მეორის ბრძანებით კატორღით შეუცვალეს. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ვასილ დუმბაძე გიორგი მაჩაბლის ძმა ილიამ გამოიხსნა და თავის თეატრ "ბი-ბა-ბოსთან" ერთად კიევში წაიყვანა, შემდეგ კი ემიგრაციაში წავიდა და 1924 წელს ამერიკაში ჩავიდა.
1926 წელს ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ვასილ დუმბაძე აშშ-ში კონსულად დაინიშნა. მისი თაოსნობით და სენატორ ჰენრი ვილსონის ძალისხმევით დაარსდა "ამერიკული საზოგადოება კავკასიისთვის".
1929 წელს ცნობილი დიპლომატის - ლეონ ფილსონის თავმჯდომარეობით შეიქმნა "საქართველოს უფლებების დაცვის კომიტეტი", რის შემდეგაც ამერიკის კონგრესში საქართველოს საკითხი რამდენჯერმე განიხილეს.
1931 წელს ნიუ-იორკში დაარსდა ქართული სათვისტომო, რომელშიც მონაწილეობდა ვასილ დუმბაძეც, საკუთარი სახსრებით კი 1938 წელს აისლიპში სათვისტომოსთვის სახლი შეიძინა. ცოლად შეირთო ამერიკელი ქალი, რომელიც ცნობილი ამერიკული გაზეთის, "ჩიკაგო ტრიბუნის," ერთ-ერთი მეწილე იყო.
ვასილ დუმბაძე წლების განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ჯონ მორგანის, იმპერიის წამყვანი ფინანსისტი იყო.
იგი გარდაიცვალა 1942 წელს. მემკვიდრე არ დარჩენია და თავისი ქონება ანდერძით დაუტოვა საქართველოში დარჩენილ ოჯახს. ერთ-ერთი ვერსიით, დუმბაძის გარდაცვალების შესახებ ცნობა მის მშობლიურ სოფელ შემოქმედში 1945 წელს ჩავიდა. მემკვიდრეობა დუმბაძის დებს უნდა მიეღოთ, დაახლოებით 27 მილიონი აშშ დოლარი. ფული საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკში გადაირიცხა, მაგრამ მემკვიდრეებს არაფერი მიუღიათ.
ანდერძი ასე იწყებოდა: "ჩემს ძვირფას ნენას! ჩემს ძვირფას დებს, დისშვილებს, ჩემი უძრავ-მოძრავი ქონება". ანდერძში დასახელებელი იყო 27 მილიონი აშშ დოლარი. შემდეგ ეწერა, რომ თუ არავინ ცოცხალი არ იქნებოდა, ამ ფულით უნდა აშენებულიყო სკოლა ან საავადმყოფო.
ანდერძი წაუღია მილიციის უფროსს, ვინმე შალამბერიძეს, და დღემდე უცნობია ამ ანდერძის ბედი, თუმცა ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ მისი მეორე დედანი მორგანის ბანკში უნდა ინახებოდეს.
ვასილ დუმბაძე დაკრძალულია ნიუ-იორკში. ამერიკაში ანსამბლ "სუხიშვილების" ერთ-ერთი გასტროლების დროს ნინო რამიშვილისთვის გიდს უჩვენებია ვასილ დუმბაძის ვილა. შესვლით ვერ შესულან, მაგრამ იქ ნამყოფ ხალხს უთქვამს, ფოიეში კიბის ერთ-ერთ მხარეს ჩიხტიკოპსა და ქართულ კაბაში გამოწყობილი დედის სურათი ეკიდა, მეორე მხარეს - ანაფორაში შემოსილი მამის სურათიო.