"პოლიკარპე კაკაბაძის პიესის - "ყვარყვარე თუთაბერის" დადგმის და შემდეგ, გახმაურების ვითარებაში, საქართველოში უკვე ლაპარაკობდნენ, ოღონდ ლაპარაკობდნენ კულუარულად, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ყვარყვარე თუთაბერის პროტოტიპი, რადგან ამაზე ხმამაღლა საუბარი ძალიან საშიში იყო" - ამბობს "მთელ კვირასთან" შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, მწერალი რეზო მიშველაძე.
როგორ მოახერხა პოლიკარპე კაკაბაძემ ბოლშევიკების ხანაში "ყვარყვარე თუთაბერის" დაწერა, ვინ იყო პიესის მთავრი გმირის პროტოტიპი და როგორ შემორჩა "ყვარყვარე" ქართულ სცენას - ამის შესახებ დღევანდელ სტატიაში რამდენიმე საინტერესო ამბავი გვინდა გავიხსენოთ.
რევაზ მიშველაძე: "პოლიკარპე კაკაბაძემ "ყვარყვარე თუთაბერი" 1928 წელს დაწერა და იგი 1929 წელს დადგა კოტე მარჯანიშვილმა. შეიძლება ითქვას, რომ კაკაბაძის ეს საეტაპო პიესა, უკვე 100 წელია, თითქმის არ ჩამოდის ქართული თეატრის სცენიდან.
პოლიკარპე კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერის" ტრიუმფის საიდუმლო კი ისაა, რომ "ყვარყვარეში" დასმული პრობლემა ერთი ლოკალური დროის ფარგლებში არ თავსდება. თუმცა პიესის დადგმის და შემდეგ, გახმაურების ვითარებაში, საქართველოში უკვე ლაპარაკობდნენ, ოღონდ ლაპარაკობდნენ კულუარულად, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო პროტოტიპი ყვარყვარე თუთაბერისა, რადგან ამაზე ხმამაღლა საუბარი ძალიან საშიში იყო. ფხიზელ "ჩეკას" შეეძლო, ასეთი "ჭორის" ავტორი და გამავრცელებელი გაეციმბირებინა.
"მაგრამ ჭორი მაინც აგორდა და ბევრმა ხელი გაიშვირა სერგო ორჯონიკიძისაკენ - რევოლუციის მიერ აღზევებული ავანტიურისტისკენ, რომელიც არც დიდი განათლებით გამოირჩეოდა, არც ორგანიზატორული ნიჭით, საქართველოს თავზე მოაჯდა თავისი "მაუზერისტებით" და მყვირალა, არათანმიმდევრული გამოსვლებით მიტინგებზე.
"იმდენად გაძვრა სერგო ორჯონიკიძე, რომ სანამ ასპარეზზე ბერია გამოჩნდებოდა და სათავეში ჩაუდგებოდა საბჭოთა საქართველოს, უკვე მოასწრო თავისი შავბნელი საქმეების გაკეთება. ისეთი საქმეების, რაც დღესაც სულს უხუთავს საქართველოს და რაც დრო გადის, მათი გამოსწორება უფრო და უფრო ძნელი ხდება.
"სერგო ორჯონიკიძემ ე.წ. მრავალი რევოლუციის ილუზორული აჩემებული იდეით, როგორც ამიერკავკასიის თავმჯდომარემ, გაასხვისა საქართველოს მიწები: სოჭის ოლქი რუსეთს დაუთმო, საინგილო - აზერბაიჯანს, ლორე - სომხეთს და ა.შ. ქართული მიწები ისეთი ხელაღებით გააჩუქა, აქაოდა, მალე მსოფლიო რევოლუცია მოხდება და სისულელეა ე.წ. საზღვრებზე ლაპარაკიო.
"მე თვითონ მილაპარაკია ბატონ პოლიკარპე კაკაბაძესთან. ვკითხე, ვის გულისხმობდა ყვარყვარეში, ამბობენ, თითქოს სერგო ორჯონიკიძე იგულისხმება-მეთქი. შემომხედა გამჭოლი მზერით, ახლაც ყურებში ჩამესმის მისი ნათქვამი - "არა მარტო სერგო ორჯონიკიძე. შენ ახალგაზრდა კაცი ხარ, კარგად მიიხედ-მოიხედე, ყმაწვილო, დღევანდელ ცხოვრებაში ცოტას ხედავ ყვარყვარე თუთაბერს?" ეს სიტყვები ჩემთვის საკმარისზე მეტი იყო.
"მე მომიწია სტუდენტებისთვის მესწავლებინა პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედება და დღესაც ვიხსენებ ამ ნათქვამს, როგორც გასაღებს მის ურთულეს შემოქმედებაში შესასვლელად და "ყვარყვარე თუთაბერის" პრობლემის ასახსნელად.
"ზოგიერთს "ყვარყვარე თუთაბერის" ძირითადი პრობლემა მარტივად ესმის - თითქოს მწერალმა ამ პიესით ამხილა მხოლოდ ერთი შემთხვევითი კაცი, აღზევებული, გაიძვერა, გააზნაურებული მდაბიო, ადამიანი არა თავის ადგილზე და მეტი არაფერი.
"მარტო ამ პრობლემის დაყენებაც კი დიდ ღირსებას მატებს "ყვარაყვარე თუთაბერს", მაგრამ ნაწარმოებს გაცილებით მეტი სოციალ-პოლიტიკური დანიშნულება აქვს. "ყვარყვარე თუთაბერის" გენიალური სახის შექმნით პოლიკარპე კაკაბაძემ გააკრიტიკა ის ისტორიული ვითარება, სადაც შეიძლება ყვარყვარიზმი განვითარდეს.
"ასე რომ, ამაოდ უკვირდათ ლოჟის სიღრმეში მიმჯდარ ცეკას მდივნებს - რა გვინდა, თებერვლის წინა დღეებში მომხდარა ეს ამბავიო. სინამდვილეში ყვარყვარე თუთაბერის აღზევება რევოლუციის შემდეგ მოხდა, ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭირა ყვარყვარე თუთაბერმა.
"50-იანი წლების ბოლოს პოლიკარპე კაკაბაძემ დაწერა ახალი პიესა, ეს იყო მისი ბოლო პიესა "ლოპიანე". სამწუხაროდ, ამ პიესას ქართულმა თეატრმა ჯეროვანი ყურადღება ვერ მიაქცია. იგი არ დადგმულა არც მწერლის სიცოცხლეში, არც - შემდეგ. თითქმის იგივე პრობლემა დგას "ლოპიანეში" - შემთხვევით აღზევებული კაცი ზის უზარმაზარ კაბინეტში და სწორედ რომ ყვარყვარეს მეთოდებით მართავს ქვეყანას. ისე, მკითხველს დღესაც არ გაუჭირდება ჩვენს ეპოქაში შემთხვევით აღზევებული არაერთი ყვარყვარეს პოვნა", - ასე იხსენებს რევაზ მიშველაძე პოლიკარპე კაკაბაძის უკვდავ პიესას.
პოლიკარპე კაკაბაძის ქალიშვილი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მანანა კაკაბაძე კი თავის მოგონებეში ამ პერიოდს ასე აღწერს:
"1928 წელს დაიწერა "ყვარყვარე თუთაბერი". მამამ მაშინვე კოტე მარჯანიშვილს მიუტანა. ის აღფრთოვანებულა, იღლიაში ამოუდვია,-ახლა წავალ სადაც საჭიროა და ნებართვას ავიღებ, რომ დავდგაო.
"შესულა თურმე ცეკაში და უთქვამს - პოლიკარპემ პიესა მომიტანა, ნამდვილი კონტრრევოლუციაა, მაგრამ რომ არ დავდგა, არ შემიძლიაო. ეს ისე უთქვამს, ყველას გადაუხარხარია და სანქცია მიუციათ. ალბათ გულში ფიქრობდნენ - დადგას და მერე ორივეს ერთად მოვუვლითო.
"მართლაც დაიდგა. სცენაზე ისეთი უცნაური, დროს გასწრებული სიუჟეტები ვითარდებოდა, რომ ადამიანები უყურებდნენ და ვერ იჯერებდნენ, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამის დაწერა ან დადგმა.
"სპექტაკლს ესწრებოდა მთელი ცეკა, მთავრობა, ბობოლა კომუნისტები, რომლებიც ქუჩაში თუ ვაგონებში ხალხს ხვრეტდნენ, სპექტაკლზე კი რევოლვერგარჭობილები მოდიოდნენ, მაგრამ ოვაციებში იძირებოდა მძლავრთა მრისხანება.
"სპექტაკლი ჯერ ბათუმში დაიდგა, შემდეგ - ქუთაისში, შემდეგ - თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე. "ყვარყვარე თუთაბერი" ლავრენტი ბერიას საყვარელი სპექტაკლი იყო. იგი ყველა წარმოდგენას ესწრებოდა. იჯდა თავის ლოჟაში და გულიანად ხარხარებდა. თავის მოწინააღმდეგეებს კი "ყვარყვარეს" ეძახდა.
"დასახვრეტთა სიაში პოლიკარპე კაკაბაძე ყოველთვის იყო, მაგრამ, რომ იტყვიან, სასწაულად გადარჩა. მამაჩემი რომ დაეხვრიტათ, ეს ალბათ უნდა გადაეწყვიტა სტალინს, მაგრამ მან იცოდა, რომ ყვარყვარე ზოგადსაკაცობრიო სახედ იქცა. ავტორი შეიძლება გაენადგურებინათ, მაგრამ ყვარყვარეს როგორ მოკლავდნენ?! მე რომ მკითხოთ, პოლიკარპე ყვარყვარემ გადაარჩინა", - იხსენებს მანანა კაკაბაძე.
"ყვარყვარე" თავის ყველაზე საუკეთესო სპექტაკლად მიაჩნდა რობერტ სტურუასაც, რომელმაც რუსთაველის თეატრში იგი 1974 წელს დადგა. როგორც ამბობენ, ხუთი წლის განმავლობაში უტრიალებდა რეჟისორი "ყვარყვარე თუთაბერის" დადგმის იდეას. დადგმამდე კი სპექტაკლმა ჯოჯოხეთური გზა გაიარა.
11-ჯერ მოეწყო "ყვარყვარეს" საჯარო განხილვა და მსახიობებმა 11-ჯერ ითამაშეს ცარიელ დარბაზში, ცეკას 3-4-კაციანი კომისიის წინ. ცეკას ემისრები ნახავდნენ სპექტაკლს, კრინტს არ ძრავდნენ და მიდიოდნენ. მერე კი თეატრის დირექტორს "ზევით" იბარებდნენ და კატეგორიულად ითხოვდნენ სპექტაკლის პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლას. მაგრამ თეატრი მტკიცე პოზიციაზე იდგა და მცირედი ცვლილებებით სპექტაკლი მაყურებელმა მაინც ნახა.