"ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს - ხალხის პროტესტს ვერაფერი შეაჩერებს
ნინო ქეთელაური
13.06.2017

 "ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს და ხალხის პროტესტს ვერაფერი შეაჩერებს. პუტინი რაც უფრო მეტად მოინდომებს რეპრესიების გატარებას, უკმაყოფილების მუხტი მით უფრო გაიზრდება", - ასე აფასებენ ანალიტიკოსები რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს, რომელიც მასობრივი დაპატიმრებით დასრულდა.

როგორც რუსული მედია იუწყება, 50-მდე ადამიანი სანკტ-პეტერბურგში დააპატიმრეს, მოსკოვში კი - 121.

საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში დააკავეს ასევე რუსი ოპოზიციონერი, "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" ხელმძღვანელი ალექსეი ნავალნი, რომელიც აქციის ორგანიზატორია.

მოსკოვის მერიის განცხადებით, პოლიცია უკანონო აქციის ჩატარების აღკვეთის ღონისძიებებს კანონის სრული დაცვით ატარებს.

"ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები არაადეკვატურად იქცევიან. ისინი პროვოკაციაზე წავიდნენ და აქცია ქალაქის ცენტრში გამართეს", - განაცხადა ქალაქ მოსკოვის რეგიონული უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ჩერნიკოვმა.

აქციები ასევე გაიმართა: ვლადივოსტოკში, ბლაგოვეშენსკში, ყაზანში, სანკტ-პეტერბურგში, სამარაში და სხვა ქალაქებში, სადაც მომიტინგეები სკანდირებდნენ "სირცხვილი".

ანალიტიკოსი, "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, რა ფასეულობებს და ღირებულებებსაც დასავლური სამყარო ირჩევს, რუსეთის მოქალაქეების პროტესტი ბუნებრივია.

"რუსეთში სერიოზული პრობლემებია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და მოსახლეობა ნელა, მაგრამ მაინც ცდილობს, მდგომარეობა შეცვალოს. ეს ბუნებრივი პროცესია, როდესაც მოქალაქეებს თავისუფლება უნდათ.

"მით უმეტეს, როდესაც არსებობს საქართველოს პრეცედენტი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად მიიჩნეოდა და მან ამ მდგომარეობას თავი დააღწია, ბუნებრივია, რუსეთის მოქალაქეებსაც უჩნდებათ პროტესტი, მათ ქვეყანაშიც რატომ არ ხდება ასე. აგრეთვე პოზიტიური ძვრებია უკრაინაშიც და, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი შიგნიდან ანგრევს რუსულ მიდგომას", - ამბობს ირაკლი კიკიანი და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, აქციებმა კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს.

"ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობაა, რომელიც ებრძვის სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებას. ამის მაგალითია ის ფაქტი, რომ 400-მდე ჟურნალისტი პუტინის რეჟიმის წყალობით ფიზიკურად ლიკვიდირებულია. ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს და ხალხის პროტესტს ვერაფერი შეაჩერებს.

"პუტინი რაც უფრო მეტად მოინდომებს რეპრესიების გატარებას, პროტესტის მუხტი მით უფრო გაიზრდება იმიტომ, რომ საღად მოაზროვნე რუსეთის მოქალაქეებს აქვთ სურვილი, თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრონ", - აცხადებს ირაკლი კიკიანი.

პოლიტოლოგისა და თსუ-ს პროფესორ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, ფაქტია, რომ რუსეთში ენდემური კორუფციის პრობლემა მოსაგვარებელია და, რაც მთავარია, საზოგადოების უკვე ძალიან ფართო ფენები მიიჩნევენ, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში ამის მოგვარება შეუძლებელია.

"ეს მცდელობა სწორედ აქედან გამომდინარეობს, რათა საზოგადოებამ პროტესტის მეშვეობით აიძულოს ხელისუფლება, შეცვალოს დამოკიდებულება სისტემური კორუფციისადმი.

"თუმცა, როგორც ჩანს, თავად ხელისუფლება მაინც ცდილობს, რომ პროტესტი არ გადაიზარდოს მასობრივ მღელვარებაში. მიუხედავად იმისა, რომ აქციები სხვადასხვა ქალაქშია, ჯერჯერობით ვერ აღწევს იმ ტემპერატურას, რომელიც ხელისუფლებას დაანახებს, რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა და არა ცალკეული ჯგუფების სურვილი", - ამბობს კორნელი კაკაჩია და აღნიშნავს, რომ თუ ეს მოძრაობა მიიღებს მასობრივ ხასიათს, მაშინ რუსეთის ხელისუფლება ამ პროცესს უფრო სერიოზულად შეხედავს.

"ამავე დროს, ხელისუფლებას ძალიან ეშინია, რომ ამ ყველაფერმა ანტისახელმწიფოებრივი, ანუ რეჟიმის საწინააღმდეგო, ხასიათი არ მიიღოს, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ კორუფციის პრობლემა სერიოზულად არსებობს.

"უბრალოდ, ფიქრობენ, რომ თუ ხელისუფლებამ დემონსტრანტებთან სისუსტე აჩვენა, ამან შეიძლება აქციების თვალსაზრისით ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. ამიტომ მოსკოვი ცდილობს, დროულად ჩაახშოს პროტესტი, რათა მასობრივი ხასიათი არ მიიღოს", - აცხადებს კორნელი კაკაჩია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×