"რუსეთის ახალგაზრდა თაობას არ სურს, იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, რომელიც დაპირისპირებულია მთელი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან. მათ დიდ ნაწილს განათლება დასავლეთში აქვს მიღებული ან ახლა სწავლობს და მათთვის დასავლური ფასეულობები საკმაოდ ახლობელია", - ამბობს პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" საუბრისას.
მისი შეფასებით, ახალგაზრდებს სჯერათ, რომ რუსეთსაც შეუძლია, გახდეს დემოკრატიული ქვეყანა, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება და სწორედ ამიტომაც აქვთ ხელისუფლების მიმართ ასეთი კრიტიკული დამოკიდებულება.
კორნელი კაკაჩია: ფაქტია, რომ რუსეთში ენდემური კორუფციის პრობლემა მოსაგვარებელია და საზოგადოების უკვე ძალიან ფართო ფენები მიიჩნევენ, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში ამის მოგვარება შეუძლებელია.
ამიტომ ეს მცდელობა სწორედ აქედან გამომდინარეობს, რათა საზოგადოებამ ხელისუფლება პროტესტის მეშვეობით აიძულოს, რომ შეცვალოს დამოკიდებულება სისტემური კორუფციისადმი.
თუმცა, როგორც ჩანს, თავად ხელისუფლება მაინც ცდილობს, რომ პროტესტი არ გადაიზარდოს მასობრივ მღელვარებაში. მიუხედავად იმისა, რომ აქციები სხვადასხვა ქალაქშია, ჯერჯერობით ის ვერ აღწევს იმ ტემპერატურას, რომელიც ხელისუფლებას დაანახებს, რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა და არა ცალკეული ჯგუფების სურვილი.
თუ ეს მოძრაობა მიიღებს მასობრივ ხასიათს, მაშინ უკვე შეიძლება, რუსეთის ხელისუფლებამ უფრო სერიოზულად შეხედოს ამ პროცესს, რადგან ახლა ამ მოძრაობის სერიოზულად აღქმა უჭირს.
თუმცა, ამავე დროს, ხელისუფლებას ძალიან ეშინია, რომ ამ ყველაფერმა ანტისახელმწიფოებრივი, ანუ რეჟიმის საწინააღმდეგო, ხასიათი არ მიიღოს, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ კორუფციის პრობლემა სერიოზულად არსებობს.
უბრალოდ, ფიქრობენ, რომ თუ ხელისუფლებამ დემონსტრანტებთან სისუსტე აჩვენა, ამან შეიძლება აქციების თვალსაზრისით ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს.
რუსეთს ამის გამოცდილება საბჭოთა რეჟიმის ნგრევის და, ასევე, იმ ქვეყნების მაგალითზე აქვს, სადაც უკვე მოხდა რევოლუცია. ამიტომ მოსკოვი ცდილობს, დროულად ჩაახშოს პროტესტი და ამან მასობრივი ხასიათი არ მიიღოს.
"რეზონანსი": აღსანიშნავია, რომ წინა აქციების დროს დემონსტრანტების უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ. რითი შეიძლება აიხსნას ეს ფაქტი?
კ.კ: ასაკოვან თაობაზე ცოტა რთულია იმედის დამყარება, რადგან ისინი პუტინის ხელისუფლების პირობებში საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს და მიუხედავად იმისა, რომ მათაც ესმით, რა მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, ამას, თავიანთი წარსულიდან გამომდინარე, შეგუებულები არიან. შესაბამისად, უფრო ნაკლებად კრიტიკულები არიან არსებული რეჟიმის მიმართ.
სოციალური კვლევებიც ადასტურებს, რომ მიუხედავად იმ უკმაყოფილებისა, რაც რუსეთის საზოგადოებაში არსებობს, მაინც უფრო მეტად სტაბილურობის მომხრე არიან, ვიდრე რევოლუციური სცენარების განვითარების.
ალბათ ძირითადად ისევ ახალგაზრდებზე და ინტელექტუალებზე შეიძლება იმედის დამყარება.
"რ": ეს თაობა იძლევა თუ არა იმის თქმის საშუალებას, რომ მათ შეუძლიათ რუსულ საზოგადოებაში გარდატეხის მოხდენა და არსებული შეგუების პოლიტიკის მათთვის მიუღებელი რეალობის გაპროტესტებით შეცვლა?
კ.კ: გააჩნია, როგორ განვითარდება რუსეთი უახლოესი 10 წლის განმავლობაში და როგორ მოხდება არსებული რეჟიმის ტრანსფორმაცია. ყოველ შემთხვევაში, დღეს ჩანს, რომ პუტინი საკმაოდ მყარად არის საკუთარ სავარძელში და მას ამ მხრივ არაფერი ემუქრება.
ქვეყნის მომავალი განვითრებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რა გავლენას იქონიებს დასავლეთის სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე და, ზოგადად, შეცვლის თუ არა მოსკოვი საკუთარ საგარეო პოლიტიკას როგორც მეზობლების, ისე მსოფლიოს მიმართ. იმიტომ, რომ ახალგაზრდა თაობას არ სურს იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, რომელიც დაპირისპირებულია მთელი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან. მათ დიდ ნაწილს დასავლეთში აქვს განათლება მიღებული ან ახლა სწავლობს და მათთვის დასავლური ფასეულობები უფრო ახლობელია.
აქედან გამომდინარეა, რომ აქვთ ასეთ კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. მათ სჯერათ, რომ რუსეთსაც შეუძლია, გახდეს დემოკრატიული ქვეყანა, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება. ამ კუთხით ძალიან დიდი განსხვავებაა რუსეთში თაობებს შორის.