ნოუთბუქებში ასაფეთქებლების დამონტაჟება "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების ახალი იარაღია, რისი აღმოჩენა აეროპორტებში დამონტაჟებულ სკანერებსაც კი არ შეუძლია.
როგორც "ნიუ-იუორკ ტაიმსი" იუწყება, ისრაელის დაზვერვამ იმ ქსელში შეღწევა მოახერხა, რომელიც ახალ მოწყობილობებს ამონტაჟებს და მათთვის ისიც ცნობილია, თუ რა მეთოდით ხდება აფეთქება.
სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზით აუკრძალეს აშშ-ში ჩამსვლელ ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მგზავრებს თვითმფრინავებში ელექტრონული მოწყობილობების შეტანა.
ჯერ კიდევ მანამდე, ამერიკული სპეცსამსახურები ვარაუდობდნენ, რომ ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" და სხვა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა ასაფეთქებელი მოწყობილობების დაყენების ახალი მეთოდი შეიმუშავეს.
აშშ-ის მედიის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვაში ფიქრობდნენ, რომ ტერორისტებმა ისეთი დანადგარი ჩაიგდეს ხელში, რომელიც აეროპორტებში გამოიყენება. მისი დახმარებით ამოწმებენ, რამდენად საიმედოდ შეუძლიათ ბომბები ნოუთბუქებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებში დამალონ.
21 მარტს ცნობილი გახდა ისიც, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ ეგვიპტის, იორდანიის, ქუვეითის, მაროკოს, ყატარის, საუდის არაბეთისა და თურქეთის მოქალაქეებს, რომლებიც ამერიკაში მიემგზავრებიან, მობილურ ტელეფონზე დიდი ზომის ელექტრონული მოწყობილობებით გადაადგილება აუკრძალა. მოგვიანებით, ასეთივე აკრძალვა შემოიღო დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამაც.
გაერო-ს ანტიტერორისტული კომიტეტის აღმასრულებელი მდივანი ჟან-პოლ ლაბორდი წლის დასაწყისშივე ვარაუდობდა, რომ შორს არ არის ის დრო, როდესაც ტერორისტები თვითმფრინავში ტერაქტის მოსაწყობად ნოუთბუქში ჩამონტაჟებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას გამოიყენებენ. "საკითხი უნდა დავსვათ ასე - როდის მოხდება ეს და არა - მოხდება თუ არა ეს", - აცხადებდა ლაბორდი.
გაერო-ს წარმომადგენლის აზრით, ევროპულ და ამერიკულ ავიარეისებზე მსგავსი ტერაქტის მოწყობის საფრთხე ძალიან დიდია. როგორც ლაბორდი აცხადებს, უკვე საკმაო ხანია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტები ცდილობენ, ასაფეთქებელი მოწყობილობები ნოუთბუქებით, პლანშეტებით, "დი ვი დი"-ფლეერებითა და სხვა ელექტრონული აპარატურით შენიღბონ, რაც მათ თვითმფრინავის ბორტზე შეუმჩნეველ გატანას უზრუნველყოფს.
ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ აეროპორტში კომპიუტერული მოწყობილებების შეტანის აკრძალვას ჯერჯერობით აშშ და დიდი ბრიტანეთი აპირებენ.
"საუბარია ნოუთბუქების, პლანშეტებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების თვითმფრინავის სალონში შეტანის აკრძალვაზე. თუმცა, გაურკვეველია, როგორ უზრუნველყოფს ეს ზომა უსაფრთხოებას, რადგან ნოუთბუკი სალონში აფეთქდება თუ სატვირთო განყოფილებაში, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
"ეს საკითხი ჯერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან შესწავლის სტადიაშია. ამერიკაშიც გადაწყვეტილი არაა, რომელ კომპანიებზე, რომელი ქვეყნებიდან განხორციელებულ რეისებზე განხორციელდება ასეთი აკრძალვები", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.
მისი თქმით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მოქმედებები სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება და მათი ფანტაზიის წინასწარ განჭვრეტა რთულდება.
"ადამიანი, ერთი მხრივ, ყველაზე სულგრძელი, მეორე მხრივ, ყველაზე ბოროტი არსებაა დედამიწაზე. არაა გამორიცხული, ნოუთბუქების შემდეგ დაიწყონ მობილური ტელეფონების, ელექტრონული ხელის სმარტფონ-საათებისა და სხვა პირადი მოხმარების ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება ტერაქტებისთვის.
"ამავე დროს ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებენ მარტივ და ეფექტიან მეთოდებს, როგორიცაა, მაგალითად, ავტოტრანსპორტის მეშვეობით ხალხმრავალ ადგილებში შევარდნა, რასაც არ ესაჭიროება სპეციალური მომზადება, აღჭურვილობა ან დიდი დანახარჯები", - აცხადებს ანალიტიკოსი.