დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ საქართველოს ხუთ უმაღლეს სასწავლებელში ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევაში პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
კვლევის თანახმად, ახალგაზრდა მამაკაცები დღე-ღამეში ინტერნეტზე ხარჯავენ 10 საათსა და 20 წუთს, ხოლო ახალგაზრდა ქალები - 9 საათსა და 45 წუთს.
თოთაძე ამ შედეგებს საგანგაშოს უწოდებს, რადგან ახალგაზრდობა გართობისთვის ძალზე დიდ დროს, ტელევიზორს, მობილურ ტელეფონსა და კომპიუტერს უთმობს. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გამოკითხულთა ძირითადი ნაწილი იძინებს პირველ ან ორ საათზე, ყოველი მეხუთე კი - სამ საათზე და უფრო გვიან.
თოთაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ახალგაზდრობა ამ მხრივ ურთულეს მდგომარეობაშია. დღე-ღამის ამ უდიდეს დროს, თოთაძეს განმარტებით, ახალგაზრდები თამაშში ატარებენ.
"თუ ახალგაზრდობა დროის ყაირათიანად ხარჯვას არ მიეჩვია, ის პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება. ეს ყველაფერი ბოლო პერიოდში ელექტრომედიის გავრცელებამ გამოიწვია. ფაქტობრივად, ჩვენი ახალგაზრდობა და უფროსი თაობაც კი მედიაშია ჩაშტერებული. ეს გახლავთ ტელევიზია, ტელეფონი და ინტერნეტი.
"ხუთი უმაღლესი სასწავლებლის პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტები გამოვკითხეთ. შედეგი შემაშფოთებელი აღმოჩნდა. ყოველდღიურად სტუდენტი ბიჭი ინტერნეტისთვის ხარჯავს 10 საათსა და 20 წუთს, ქალი კი - 9 საათსა და 45 წუთს. სტუდენტები თავისუფალ დროს ინტერნეტს უთმობენ.
"ერთი პრობლემა ისაა, რომ ჩვენი სტუდენტებისგან ყოველი მეოთხე დილის 5 საათის შემდეგ იძინებს, ხოლო მათი ძირითადი მასა - ღამის პირველ-ორ საათზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მეორე დღეს ლექციებზე აგვიანებენ ან საერთოდ აცდენენ, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება წავიდნენ, მაგრამ დაღლილი არიან და მათი საგნის შეთვისება ძალზე დაბალია.
"მეორე პრობლემა ჯანმრთელობას ეხება. ეს ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს და პრობლემამ თავი შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში იჩინოს", - გვითხრა ანზორ თოთაძემ.
ფსიქოლოგმა ია ახვლედიანმა ინტერნეტდამოკიდებულებასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ ინტერნეტთან ახალგაზრდების კავშირი შემეცნებითი სახის იქნება, ჯანმრთელობაზე ცუდად არ აისახება.
"სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული არიან, თუმცა გააჩნია, ინეტრნეტს რა მიზნით იყენებენ, რადგან ინტერნეტით ძალიან კარგი და ხარისხიანი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. სასწავლო პროცესებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოძიება შეუძლიათ. ამ მხრივ ვთვლი, რომ საზიანო არაა. რაღაც გარკვეულ გავლენას ახდენს.
"იმდენად საზიანოა, რამდენადაც სხვა რამეზე დამოკიდებულება. მაგალითად, თუ ინტერნეტი არ ექნებათ, ამ დროს ქუჩაში უაზროდ ყოფნაში გაფლანგავენ. თუ მთელ ამ დროს თამაშებს უთმობენ და მცირე ხნით სძინავთ, რა თქმა უნდა, საზიანო იქნება და ჯანმრთელობას დაინგრევენ. მაგალითად, ვიღაცისთვის დღის განმავლობაში დახარჯული ძალების აღსადგენად შეიძლება 5 საათი ძილი საკმარისი იყოს, ვიღაცისთვის კი - 8.
"ის, რომ დღის რეჟიმი შეცვლილია, ღამით ცხოვრობენ და დღე სძინავთ, ბუნებრივია, ნერვულ სისტემაზე აისახება. ეს ადვილად გაღიზიანებასა და აგზნებულობაში გამოიხატება", - ამბობს ია ახვლედიანი.