თუ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ საქმიანობას არ შეწყვეტს, მისი საქართველოში ექსტრადირება იგეგმება. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოდესის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ექსპრეზიდენტის ექსტრადირების საკითხზე მოლაპარაკებას საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან მართავს. ამის შესახებ უკრაინის გენპროკურორის ყოფილმა მოადგილე დავით საყვარელიძემ ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან განაცხადა.
რამდენად შესაძლებელია, უკრაინამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს გადმოსცეს, მით უმეტეს, რომ კიევს ერთხელ საქართველოს მთავარი პროკურატურის ოფიციალურ მოთხოვნაზე უარი აქვს ნათქვამი?
იურისტები აცხადებენ, რომ, იურიდიულად, ექსპრეზიდენტის საქართველოში ექსტრადირება შეუძლებელია, რადგან ის დღეს არა საქართველოს, არამედ უკრაინის მოქალაქეა და საკუთარი მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა დაუშვებელია. გარდა ამისა, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევენ.
"ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, სააკაშვილმა კარგად "აჭამა" პოროშენკოს, როდესაც მიეკედლა და მოქალაქეობა "გამოსტყუა", რადგან საკუთარ მოქალაქეს ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადასცემს სხვას, ვერც მოქალაქეობას ჩამოართმევს და ვერც გააძევებს.
"რა სტატუსით მართავს მოლაპარაკებას? ბატონი ბიძინა არც საგარეო საქმეთა მინისტრია, არც შს მინისტრი, არც პრეზიდენტი და, აქედან გამომდინარე, პოროშენკო მასთან რა სტატუსით გამართავს მოლაპარაკებას?
"რაც საყვარელიძემ თქვა, სისულელეა. ფაქტი ერთია - სააკაშვილი ყველგან პრობლემაა უკვე და ეს ნათელია. თავისი ხასიათიდან და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ყველგან პრობლემა დაბადა.
"საყვარელიძის ეს განცხადება ემსახურებოდა მარტივ მიზანს. ეს პოპულისტური ძალა, რომელიც საერთაშორისო ავანტიურაშია ჩართული, ვერ იარსებებს დაპირისპირებისა და კონფლიქტის გარეშე. მას მუდამ სჭირდება მტრის ხატი, რომ ისაზრდოოს. ამიტომ პოროშენკოს ჯერ მიეკედლნენ, გამოსტყუეს მოქალაქეობა და თანამდებობები, შემდეგ კი დაუპირისპირდნენ.
"მარტივად რომ ვთქვათ, სააკაშვილმა "აჭამა" პოროშენკოს, როდესაც მიეკედლა და მოქალაქეობა გამოსტყუა, რადგან მან, როგორც იურისტმა, კარგად იცოდა, რომ არც უკრაინას და არც სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება, საკუთარი მოქალაქე სხვას გადასცეს.
"კონსტიტუციური სამართალი ასევე კრძალავს მოქალაქეობის ჩამორთმევას ან მოქალაქის გაძევებას. აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა გამოსტყუა მოქალაქეობა, მიიღო ამით სამართლებრივი გარანტია და იქცა ქვეყნის პრობლემად," - ამბობს ქუცნაშვილი.
ცნობისათვის, ორი დღის წინ ერთ-ერთ უკრაინულ ტელეგადაცემაში დავით საყვარელიძემ სააკაშვილის ოპოზიციური აქტიურობის გამო პეტრო პოროშენკოს მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან დაწყებულ მოლაპარაკებაზე ისაუბრა და მიზეზიც ახსნა.
"ყველა არხზე საუბრობენ, რომ თუკი სააკაშვილი არ შეაჩერებს პოლიტიკურ ოპოზიციურ საქმიანობას, საქართველოში მისი ექსტრადიცია მოხდება", - განაცხადა საყვარელიძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილსა და პოროშენკოს "ღირებულებების ბაზა" განსხვავდება და პოროშენკო არ იწვოდა სურვილით, "სააკაშვილი უკრაინულ პოლიტიკაში შეეშვა". ერთი იმის გამო, რომ ამით პუტინის კიდევ უფრო გაღიზიანება არ უნდოდა და მეორე - საყვარელიძის თქმით, პოროშენკოს ასევე აშინებდა სააკაშვილის პოპულარობა.
გენპროკურორის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი თანახმა იყო, ჩადგომოდა სათავეში უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს, თუმცა უკრაინის პოლიტიკურ ელიტაში ამასთან დაკავშირებით უთანხმოება იყო და საბოლოოდ სააკაშვილი პოროშენკოს ჩარევის შემდეგ ოდესის სამხარეო ადმინისტრაციის მეთაურად დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კიევიდან მიხეილ სააკაშვილის გადმოცემა 2015 წელს ოფიციალურად მოითხოვა, როდესაც ექსპრეზიდენტი უკრაინის პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო, თუმცა მაშინ პოროშენკოს ხელისუფლებისგან უარი მიიღო.
ხოლო 2015 წლის მაისში სააკაშვილმა, როდესაც ის ოდესის გუბერნატორად დაინიშნა, უკრაინის მოქალაქეობაც მიიღო და მისი საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნამ აზრი დაკარგა. ვერც ერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეს სხვა სახელმწიფოს ვერ გადასცემს.
2016 წელს უკრაინის პრეზიდენტსა და სააკაშვილს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. პოროშენკომ იგი ოდესის რეგიონში რეფორმების ჩაგდებაში დაადანაშაულა, რის გამოც ნოემბერში სააკაშვილი გადადგა თანამდებობიდან და უკრაინის ხელისუფლებას კორუფციული კლანების მხარდაჭერაში დასდო ბრალი.
გადადგომის შემდეგ სააკაშვილმა ოპოზიციური მოძრაობა ჩამოაყალიბა და დღეს ის უკრაინაში ოპოზიციური პარტიის ლიდერია.
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სს საქმე უკრაინაშიც დაიწყო, თუმცა უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმე მალევე დახურა.
საქართველოს პროკურატურაში კი სააკაშვილის წინააღმდეგ 4 სს საქმეა აღძრულია, ექსპრეზიდენტისთვის დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობაც მოთხოვნილია, თუმცა წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში ჩასმაზე თბილისს ინტერპოლმა უარი უთხრა.
სააკაშვილს სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად ბრალი 4 სს საქმეზე აქვს წარდგენილი: 2007 წლის 7 ნოემბრის მომიტინგეების დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის, სახელმწიფო დაცვის სამსახურის მეშვეობით 8,8 მილიონი ლარის არამიზნობრივად ხარჯვის, "პიჯაკის საქმეზე", ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირების შეწყალების საქმეებზე.