სოფო ჩხიკვაძე
16.06.2017

 ქვეყანაში გარემოს დაბინძურების შედეგად წარმოშობილმა პრობლემებმა საზოგადოება გაააქტიურა. მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია ცდილობს, ენთუზიაზმის საფუძველზე დაასუფთავოს ტერიტორიები. განსაკუთრებით აქტიურობენ სტუდენტები. ისინი უქმე დღეებში ჯგუფებად იყოფიან და ქალაქგარეთ მიდიან სხვადასხვა ადგილის დასასუფთავებლად. აქტივისტების მიზანია, შეინარჩუნონ სუფთა ბუნება ნარჩენების გარეშე.

"რეზონანსის" ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს საზაფხულო აქცია სახელწოდებით "ერთად გადავარჩინოთ ჩვენი წარსულიდან გადმონაშთი სიმდიდრე", რომელშიც აქტიურად ჩაერთო რამდენიმე უნივერსიტეტი.

ეს ღონისძიება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. დასუფთავების აქციები ჩატარდება 9 სხვადასხვა ტერიტორიაზე თბილისსა და მიმდებარე რეგიონებში: თბილისის ზღვაზე (3 ლოკაცია), ლისის ტბაზე (2 ლოკაცია), მამკოდაში, კავთისხევში, ბაზალეთის ტბაზე, ჯვრის მონასტერთან (მცხეთა). აქციებში მონაწილეობას მიიღებს 500-მდე მოხალისე, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებიც.

რამდენიმე დღის წინ გაერთიანდა სამი უნივერსიტეტი და მცხეთის ჯვრის მონასტერი დაასუფთავეს. სტუდენტები ამბობენ, რომ ამით მაგალითს აძლევენ მომავალ თაობას.

"ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ ეკოლოგიაზე და გარემოზე, ტურისტი საერთოდ არ გაუფრთხილდება მას. არაფერია იმაზე კარგი, როდესაც წარსულის ძვირფას ძეგლს უვლი და ასუფთავებ. თავიდან არც ისე ბევრნი ვიყავით, ახლა 70 ადამიანი მაინც ვართ გაერთიანებული. ვცდილობთ, როდესაც სკოლები სრულდება და ექსკურსიები იწყება, ის ადგილები დავასუფთავოთ, სადაც ბავშვები ყველაზე ხშირად დადიან. რამდენიმე ასეთი ადგილიც მოვაწყვეთ, ურნებიც დავაყენეთ. ექსკურსიაზე მყოფ მშობლებსა და ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ, ნარჩენები ურნაში ჩაყარონ", - განუცხადა "რეზონანსს" სდასუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტმა მარიამ დუმბაძემ.

უფროსი თაობა მიესალმება ახალგაზრდების შემართებას. ისინი მოხარულნი არიან, რომ ჯერ კიდევ შემორჩა ისეთი თაობა, რომელსაც ანაღვლებს ბუნების ბედ-იღბალი. მარინა დარსაველიძე ამბობს, რომ სიამოვნებით შეუერთება ახალგაზრდებს და შეეცდება მათ დახმარებას.

"მიხარია, რომ ჩვენი ახალგაზრდები ასეთი შემართებით ცდილობენ გარემოს დასუფთავებას. ყველა ისტორიული ძეგლი ძვირფასია ჩვენთვის და ნამდვილად სჭირდება მათ გაფრთხილება. თუ ხშირად ჩატარდება ასეთი აქციები და მათ დასჭირდებათ ჩემი გვერდით დგომა, აუცილებლად დავეხმარები და შევეცდები, მეც მივიღო მონაწილეობა ბუნების დასუფთავებასა და ისტორიული ძეგლების მოწესრიგებაში", - აღნიშნა მარინა დარსაველიძემ.

გაზეთმა "რეზონანსმა" დედაქალაქის ქუჩებში მცირე გამოკითხვა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების უმეტესობამ არ იცის დასუფთავების ღონისძიების შესახებ და არასდროს მიუღია მსგავს აქციებში მონაწილეობა.

"დრო ნამდვილად არ მაქვს, რომ გარემოს დასუფთავებაზე ვიფიქრო. ზოგადად, დადებითი წამოწყებაა და კარგია, რომ ჩემი თანატოლები ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობაზე ფიქრობენ. უმჯობესი იქნება, თუკი ამაზე სახელმწიფო იფიქრებს და არა - ჩვენ", - განაცხადა ბექა სიმონიშვილმა.

ბოლო დღეებში სტუდენტებმა ასევე დაასუფთავეს ლისის ტბის შემოგარენიც. "ხალხმრავლობის გამო ხშირად ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაბინძურებულია. არ ითვალისწინებენ, რომ ნარჩენების მოთავსება შეიძლება სანაგვე ურნაში. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოხალისე სტუდენტებთან ერთად ყოველ მეორე შაბათს ავიდეთ ლისზე და დავასუფთაოთ იქაურობა. სასიამოვნოა, როდესაც სუფთა ადგილებში სეირნობ", - განაცხადა გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტმა ანანო მუშკუდიანმა.

ბოლო ერთობლივი აქცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეებმა და სტუდენტებმა 13 ივნისს გამართეს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოსდაცითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ეროვნული საშენი მეურნეობისა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა 13 ივნისის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×