გაიაფების ნაცვლად, სააფთიაქო ქსელები მედიკამენტებს სისტემატურად აძვირებენ. მართალია, მომხმარებლების მოსაზიდად აფთიაქები ფასდაკლების აქციებს აქტიურად მიმართავენ, მაგრამ ამ "შეღავათს" რეალურად ვერც ერთი მომხმარებელი ვერ გრძნობს. აქციის ფარგლებშიც კი, კლიენტებს მედიკამენტების ყიდვა უწევთ იმ ფასად, რასაც ჩვეულებრივ დღეებში იხდიან.
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მედიკამენტების გაძვირებას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ფარმაცევტული ბაზარი ძირეულ რეგულაციას საჭიროებს. ერთეულებისთვის წამლების ბიზნესი შემოსავლის უდიდეს წყაროდაა გადაქცეული, რის გამოც მოსახლეობა ზარალდება. ექსპერტები სხვა ქვეყნის მაგალითზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ რეგიონში ანალოგიური წამლები 2-ჯერ იაფად იყიდება, რაც საქართველოში არაჯანსაღ სისტემაზე მიუთითებს.
მედიკამენტებზე ფასების ზრდა "რეზონანსს" მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტმა სერგო ჩიხლაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, წამლების გაძვირება მოსახლეობაში მსყიდველუნარიანობას ამცირებს. იგი რეგიონში არსებულ მდგომარეობასაც შეეხო და განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყნებში ანალოგიური მედიკამენტები ბევრად ნაკლები ღირს.
"2013 წლამდე პერიოდს რომ შევადაროთ მედიკამენტების ფასები, დიდ სხვაობას დავინახავთ, წამლები საგრძნობლადაა გაძვირებული. რასაკვირველია, ეს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე უარყოფითად აისახება. გასაკვირია ის ფაქტიც, რომ რეგიონში იგივე მედიკამენტები, რაც ჩვენთან იყიდება, 2-ჯერ უფრო იაფი ღირს. მედიკამენტების საფასო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ის უზარმაზარი მოგებაა, რაც კომპანიებს რჩებათ. ამიტომაცაა, რომ ფასნამატის მიხედვით ჩვენი ფარმაცევტული კომპანიები მთელ რეგიონში პირველ ადგილზე არიან. გაურკვევლია ვითარება, რა იქნება სამომავლოდ სააფთიაქო ბაზარზე. როგორც ცნობილია, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და საუბარია იმაზეც, რომ შეიძლება ფარმაცევტულ ბიზნესს აეკრძალოს სადაზღვევოსა და სხვა კომპანიების ფლობა. სწორედ ამის გამო ცდილობენ, ძალიან სწრაფად გავიდნენ მაქსიმალურ მოგებაზე და თითქმის ყოველდღიურად აძვირებენ პროდუქციას", - განუცხადა "რეზონანსს" ჩიხლაძემ.
გაძვირებულ მედიკამენტებს ფარმაცევტული ბაზრის კომერციას უკავშირებს არასამთავრობო ორგანიზაციის - "გვახსოვდეს ჰიპოკრატე" წარმომადგენელი მარინა ბერაძეც. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, თუ სახელმწიფომ მკაცრი რეგულაცია არ გაატარა, ფასების ზრდა მუდმივ პრობლემად იქცევა და ამით სარგებელს მხოლოდ ერთეულები ნახავენ.
"ყველაზე კარგი დამკვირვებელი და შემფასებელი არის თავად მომხმარებელი. ექსპერტებმა რაც უნდა ვამტკიცოთ, რომ ფასი იკლებს და აქციები ხელმისაწვდომობის ზრდისკენაა მიმართული, ვერავის მოატყუებენ, რადგან მომხმარებელი სიძვირეს აშკარად ამჩნევს. ფაქტობრივად, ჩვენ ვადასტურებთ, რომ მედიკამენტების ფასი კიდევ გაიზარდა. მე პირადად არ მაქვს საკონტროლო შესყიდვა ჩატარებული, ამიტომ არ შემიძლია, ამაზე ერთპიროვნულად ვისაუბრო. თუმცა ის, რომ ყველა ადამიანი უჩივის ფასების ზრდას, რეალობაა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რა რეფორმა ჩატარდება, როგორი იქნება საკანონმდებლო ბაზა და რა ცვლილებებს შეიტანენ მასში. ფასების დაკლებას, რაც რეალურად შესაძლებელია, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ველოდოთ. სანამ სახელმწიფო რეგულაციები არ იქნება გამართული, ფარმაცევტულ ბაზარს არაფერი ეშველება. საქართველოში სანამ ერთი სუბიექტის ხელში იქნება სააფთიაქო სფერო, სადაზღვევო და კლინიკები, ჯანსაღი კონკურენციის მოლოდინი არც უნდა გვქონდეს. როგორც ვიცით, ცვლილებები კანონმდებლობაში გარკვეულწილად კლინიკების კუთხით შედის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ფარმაცია არ შეიძლება იყოს კომერციული სფერო. ამიტომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს რეგულაციები. ჩვენ უნდა გავყვეთ იმ პრინციპებს, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვიწოდებს. მხოლოდ ამის შემდეგ დაბალანსდება ფარმაცევტულ ბაზარზე მდგომარეობა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ბერიძემ.
წამლების გაძვირებაზე საუბრობენ მომხმარებლებიც, რომლებიც უსახსრობის გამო საჭირო მედიკამენტების შესაძენად ფასდაკლების დღეებს ელოდებიან. თუმცა, როგორც თავად ამჩნევენ, ბოლო დროს ამ მხრივ შეღავათი იშვიათადაა.
თამარ გურგენიძე გვიამბობს, რომ ფასდაკლების დღეს უშედეგოდ ელოდებოდა, რადგან საჭირო წამლის შესაძენად მან იმდენი დახარჯა, რა ფასსაც სხვა დღეებში იხდიდა. მისი თქმით, აფთიაქების მიერ დაწესებული "ფასდაკლების დღეები" სიცრუეა.
"თითქმის ყველა მედიკამენტი გაძვირებულია, თუმცა მე ყურადღება გავამახვილე იმ წამლებზე, რომლის შეძენაც სისტემატურად მიწევს (წნევისა და კუჭის მოქმედების წამლები). გამოდის, რომ ყოველ ჯერზე 2 ლარით მეტს ვიხდი. ამ ბოლო დღეებში იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც მუდმივად მოვიხმარ, საგრძნობლადაა ფასი გაზრდილი. ფასდაკლების დღის გარეშეც 4 ლარით მეტი ღირს. რაც მთავარია, წამლის შესაძენად მივდივარ იმ დღეებში, როდესაც აფთიაქებში გამოცხადებულია ფასდაკლება. თუკი ადრე ფასდაკლების გარეშე ვყიდულობდი მედიკამენტს, პირობითად, 8 ლარად, დღეს მისი შეძენა ისევ 8 ლარად მიწევს, თანაც იმ დღეს, როდესაც საყოველთაო ფასდაკლება აქვთ აფთიაქებს გამოცხადებული. სხვა დღეებში 13 ლარი ღირს ჩემი წამალი ანუ ორ თვეში 4 ლარით გაძვირდა. აფთიაქს სპაციალურად სტუმრობს ადამიანი ფასდაკლების პერიოდში, მაგრამ ვერანაირ შეღავათს ვერ ხედავს. ფარმაცევტული არითმეტიკა ჩემთვის გაუგებარია და მგონია, რომ მათი მხრიდან სიყალბეა," - ამბობს უკმაყოფილო მომხმარებელი.