თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემას მოქალაქეები გამუდმებით უჩივიან. ეს ძირითადად მიკროავტობუსებს ე.წ. "მარშრუტკებს" ეხება. მგზავრების უმეტესობა ტრანსპორტის გრაფიკით არის უკმაყოფილო, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი გადაჭედილი ტრანსპორტია, სადაც ხშირად დაშვებულზე ბევრად მეტი ადამიანი დგას ფეხზე. ზაფხულში ამ ყველაფერს კონდიცირების პრობლემაც ემატება ხოლმე, რასაც მასშტაბური ხასიათი აქვს.
2014 წელს ყვითელ მიკროავტობუსებში ფეხზე მდგომ მგზავრთა რაოდენობა 5 ადამიანით განისაზღვრა. ცხადია, ეს რეგულაცია არ მოქმედებს და განსაკუთრებით პიკის საათში ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არ რჩება. მიუხედავად ამისა, მძღოლები მაინც უჩერებენ ყოველ ახალ მგზავრს. მუდმივი პრობლემაა მოუწესრიგებელი გრაფიკი, როცა ადამიანი ტრანსპორტს 30 წუთი ელოდება და შემდეგ შეიძლება 2 წუთის ინტერვალით ორი მოვიდეს. მგზავრები მძღოლების მხრიდან სიგარეტის მოწევასაც უჩივიან უშუალოდ მოძრაობის დროს და ამ ყოველივეს ზაფხულში ემატება კონდიციონერების ჩაურთველობა, რაც ხშირად იწვევს კონფილიქტს ტრანსპორტში.
ია მელაძე ამბობს, რომ თბილისში შიდა ტრანსპორტის მოუწესრიგებლობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა არა მხოლოდ მიკროავტობუსის მგზავრებისათვის, არამედ მთელი ქალაქისთვის, რადგან საცობს უმთავრესად "მარშრუტკების" მძღოლები ქმნიან.
"პიკის საათებში მიკროავტობუსები ისეა გადაჭედილი, ფეხზე დასადგომი ადგილიც აღარ რჩება. მიუხედავად ამისა, მძღოლები მაინც უჩერებენ ხალხს და მერე ყვირიან - გადაიწიეთ, გადაიწიეთო. ეს ყველაფერი ზამთარშიც ძნელი ასატანია, მაგრამ ზაფხულში, როცა ამას კონდიციონერების ჩაურთველობაც ემატება, უკვე გაუსაძლისი ხდება.
რამდენიმე დღის წინ მძღოლმა და მგზავრმა #34 მიკროავტობუსში ერთმანეთს აგინეს ამის გამო. მგზავრი ეუბნებოდა, რომ ვალდებულია, ჩართოს კონდიციონერი. მძღოლმა ჯერ წაუყრუა, მერე თავის მართლება დაიწყო, გაფუჭებულია და ამიტომ ვერ ვრთავო. ყველა ამას ამბობს, როგორ შეიძლება, ერთად ფუჭდებოდეს ყველგან? თანაც, ხომ იციან, რომ ზაფხული მოდის და მზად უნდა იყვნენ, უნდა შეაკეთონ.
გეგონება, ეს ყველაფერი არ იყოს საკმარისი და ყვითელი "მარშრუტკების" მძღოლები მრბოლელების სისწრაფით დადიან. მარჯვნიდან უსწრებენ მსუბუქ ავტომობილებს, არ იცავენ არავითარ წესს და თუ ვინმე გზას არ უთმობს, მძღოლი განწირული ხმით აგინებს. ეს მხოლოდ მიკროავტობუსით მოსარგებლეთა პრობლემა არ არის. დედაქალაქში საცობები დიდწილად სწორედ "მარშრუტკების დამსახურებაა". არ ვამბობ, რომ უკლებლივ ყველა ასეთია, მაგრამ დიდი უმრავლესობა ნამდვილად ასე იქცევა და ვინმე უნდა ზრუნავდეს ამ ყველაფრის მოწესრიგებაზე." - განაცხადა ია მელაძემ.
მოუწესრიგებელ გრაფიკთან, კონდიცირების უქონლობასთან და გადაჭედილ მიკროავტობუსებთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მოძრავ ავტომობილში სიგარეტის მოწევას მიიჩნევს სოფო ნაზღაიძე.
"მქონია შემთხვევა, როცა ნახევარი საათი ველოდე "მარშრუტკას", როცა, გრაფიკის მიხედვით, ყოველ 10 წუთში უნდა მოდიოდეს და შემდეგ 2 წუთის ინტერვალით ზედიზედ მოვიდა ორი. არავინ აკონტროლებს და მიშვებულები არიან თავიანთ ნებაზე. კონდიციონერზე როგორც კი ეტყვი, მომენტალურად იწყებენ წუწუნს, რომ მათი გადასახდელია საწვავის ფული და სხვა ხარჯებიც. ადამიანურად შეიძლება გაუგო კიდეც, მაგრამ მე საფასურს ვიხდი და არც ისე ცოტას. ასე რომ, კეთილი უნდა ინებონ და შესაბამისად მოგვემსახურონ.
სამსახურიდან დაღლილი რომ მოვდივარ, ნამდვილად არ მაქვს მიკროავტობუსებში კინკლაობის მოსმენის თავი, რაც თითქმის ყოველდღე ხდება და ლანძღვა-გინებით მთავრდება. ეს ყველაფერი კიდევ ასატანი იქნებოდა, რომ არა სიგარეტის გამუდმებით მოწევა მძღოლთა მხრიდან. ალერგიული ვარ და ამ დროს ვიგუდები. მგონია, რომ ვიხრჩობი, მაგრამ როცა ჩაქრობას ვთხოვ, რა თქმა უნდა, არ აინტერესებთ. მე მთელი დღე საჭესთან ვზივარ და, აბა, რა ვქნა, არ მოვწიოო? რატომ უნდა ეწირებოდეს ჩემი ჯანმრთელობა მათ ხუშტურებს?" - კითხულობს სოფო ნაზღაიძე.
"თბილისის მიკროავტობუსის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნათია მიქიაშვილი ამბობს, რომ მძღოლის მიერ სიგარეტის მოწევის ან ნებისმიერი შეუფერებელი ქცევის შემთხვევაში მგზავრებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე და შეატყობინონ მათ მიკროავტობუსის სახელმწიფო ნომერი. მისივე თქმით, კონდიციონერით გამოწვეულ დამატებით ხარჯს კომპანია ფარავს და არა მძღოლები.
"ყველა მიკროავტობუსში გამოკრულია ცხელი ხაზის ნომერი და სიგარეტის მოწევის ან ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში მგზავრს შეუძლია, დარეკოს და შეატყობინოს კომპანიას. ხშირია მძღოლების მხრიდან არგუმენტი, თითქოს კონდიციონერს იმიტომ არ რთავენ, რომ დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ეს სიმართლეს არ შეეფერება. სინამდვილეში, სხვაობას "თბილისის მიკროავტობუსი" ანაზღაურებს.
აყოველწლიურად ვატარებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რათა ტექნიკური გაუმართაობის გამო მგზავრებს დისკომფორტი არ შეექმნათ და 1-ლი ივნისიდან მოხდეს კონდიცირების ჩართვა. შარშან ამ სამუშაოებისათვის 15 000 ლარი დაიხარჯა", - განუცხადა "რეზონანსს" ნათია მიქიაშვილმა.
გამოდის, რომ მძღოლებიც თავს იმართლებენ და სატრანსპორტო კომპანიაც. არც ერთი მათგანი ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზების გამოსწორებაზე არ ზრუნავს. მგზავრებისთვის კი წლიდან წლამდე არაფერი იცვლება და ყოველ ზამთარ-ზაფხულს ერთი და იგივე პრობლემა უდგათ.