25 წელიწადში საქართველოს ტყის საფარი დაახლოებით 25-30%-ით შემცირდა. როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით დასტურდება, რომ ტყეები მასობრივად ნადგურდება. არსებული მონაცემით, ჩვენი ქვეყნის ტყეებიდან პირწმინდად გაქრა 9500 ჰა, რაც რამდენიმე მილიონი ძირი ხეა.
ასეთია კვლევის შედეგი, რომელიც "გლობალ ფორესტ ვოჩმა" გამოაქვეყნა. საქართველოში არსებულ მდგომარეობას იგი 2001 წლიდან იკვლევს. ორგანიზაციის მონაცემებით, ამ პერიოდიდან მოყოლებული, ქვეყნის მასშტაბით 8 917 ჰექტარი ტყეა გაჩეხილი.
აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მესამე ადგილს იკავებს. რუსეთისა და თურქეთის შემდეგ ტყის ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოში განადგურდა. სომხეთში ამ მონაცემმა - 2 000 ჰექტარი, აზერბაიჯანში კი 7 223 ჰექტარი შეადგინა.
საქართველოს ტყის ფონდი სულ 2 629,6 ათასი ჰექტარია. "საქსტატის" მონაცემებით, აქედან ტყით დაფარული მიწის ნაკვეთი 2 015,4 ათას ჰექტარს შეადგენს.
საქართველოში არის სოფლები, სადაც ადრე ტყე იყო, დღეს კი აღარ არის; არის ტყეები, სადაც მხოლოდ მკვდარი ხეებია; ტერიტორიები, სადაც წითელი ნუსხის წაბლის ტყე მთლიანად გაჩეხილია; ტერიტორიები, სადაც ასწლოვანი უნიკალური, ასევე წითელი ნუსხის კოლხური ბზის 90% დაავადების გამო გამხმარია. საქართველოს ტყეები მცირდება (როგორც გარემოს დამცველები აცხადებენ, "საგანგაშო სურათია" შექმნილი) და ამ ყველაფრის მიზეზი არასათანადო მოვლა და ტყის არასწორი კონტროლია.
საქართველოში ტყის ჩეხვა საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა დანაკარგის აღდგენა ნაკლებად ხდება. ეკოლოგიური აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ვეკუა ტყეებთან დაკავშირებულ პრობლემას უცხოელებზე ხე-ტყის მოპოვების მრავალწლიანი ლიცენზიების გაცემას უკავშირებს.
"ბოლო 25 წელიწადში ტყის საფარი საქართველოში დაახლოებით 30%-ით შემცირდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უცხოელებზე ლიცენზიის გაცემაა. ბუნებრივი რესურსების, ტყეების მოხმარების ლიცენზიების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოურ კომპანიებზეა გაცემული. ეს ნიშნავს, რომ თუ ცოტა რამ გვქონდა, ისიც უცხოელებს მივეცით. გვიხარია, ინვესტიცია თუ შემოვა, მაგრამ მოვა რომელიმე კომპანია, ჩადებს 5 მილიონ დოლარს, წაიღებს 25 მლნ დოლარის მოგებას და 50 მილიონი დოლარის ზიანს მიაყენებს ჩვენს ბუნებას. ეს არის დანაშაული და ამ მხრივ სახელმწიფო სტრუქტურებმა ძალიან შესცოდეს.
ჩვენ დაახლოებით იმდენივე ტყე გვქონდა, რამდენიც ავსტრიას, რომელიც 4 მლნ კბ/მ მერქანს ცივილურად ამზადებს, თუმცა რამდენი ხეც მოიჭრება, ახლით ხდება ჩანაცვლება. ავსტრიაში სისტემატურად გამოჰყავთ ახალი ჯიშები, რომლებიც ნაკლებად ავადდებიან. ვერავინ დამაჯერებს, რომ თბილისში 1 მლნ ხე დაირგო. მარტივი არითმეტიკა რომ ავიღოთ, 300 ჰა მიწის ფართი სჭირდება მილიონ ხეს და ამის საშუალება რეალურად არ არის.
ხეს შესაბამისი ნიადაგიც სჭირდება, რომ გაიხაროს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუკი ქარსაცავების აღდგენაზე ვიზრუნებთ. კლიმატური პირობების შეცვლა საქართველოში ნაწილობრივ ხეების განადგურებითაც არის გამოწვეული", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" თემურ ვეკუამ.
ტყეების განადგურება გარემოს დეგრადაციის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და მზარდი კომპონენტია. ტყიანი მასივების ადგილს იკავებს სხვა სივრცე: ნაკაფები (გაჩეხილი ტყეები), სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ნარჩენებით დაბინძურებული პოლიგონები და სხვ. სპეციალისტების შეფასებით, ტყის საფარის განადგურება უარყოფით ეფექტს ახდენს გარემოზე, კერძოდ, ტყე მონაწილეობს ნახშირბადისა და ჟანგბადის ბრუნვაში, მათი შემცირება კი იწვევს ატმოსფეროს დაბინძურებას.
"საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენელი რუსიკო სიმონიძე ადასტურებს, რომ საქართველოს ტყეებში არსებული მდგომარეობა არის მძიმე და დანაკარგის აღდგენა თითქმის შეუძლებელია.
"ძალიან დიდი რაოდენობით გაიჩეხა ბოლო 20-30 წლის განმავლობაში. დაკარგული აქვს ტყეს აღდგენის უნარი, რაც დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის. უმძიმესი სურათი გვაქვს, რასაც სახელმწიფოც არ უარყოფს. მიმდინარეობს მუშაობა, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, მაგრამ ეს დიდი ძალისხმევითაც შეუძლებელია, იმდენად დიდია დანაკარგი.
გაიჩეხა ტყეები სამრეწველო დანიშნულებით, შეშის მოსაპოვებლად, სხვადასხვა დაავადების გამო და სხვა, ეს პროცესი გრძელდება დღესაც. უმძიმესი სიტუაციაა საქართველოში ყველგან, სადაც ადამიანებს ხელი მიუწვდებათ ხე-ტყეზე. რაც შეეხება 2005 წელს იჯარით ტყეების გაცემას, ეს უკვე კომენტარსაც არ საჭიროებს", - აცხადებს სიმონიძე და დასძენს, რომ აუცილებელია პოლიტიკის შეცვლა, რათა ტყემ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეინარჩუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო, შესაძლოა, ბუნებრივი რესურსების გარეშე დარჩეს.
"ხე-ტყის უსისტემოდ გაჩეხვამ მრავალი უარყოფითი მოვლენა უკვე მოგვიტანა. ბევრგან წყაროები დაშრა, მდინარეები შეიცვალა. ნებისმიერ რეგიონში პატარა ხევიც კი უკვე ღვარცოფულია. ტყეები წყალმარეგულირებელ ფუნქციას ვეღარ ასრულებს.
ამიტომ პოლიტიკა არის შესაცვლელი. მართალია, მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს, მაგრამ სხვა სისტემური სამუშაოების შესახებ, რაც ტყის პრობლემას შეამსუბუქებდა, არ მსმენია. აუცილებელია ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა, რასაც ასოცირების ხელშეკრულებაც ითხოვს. გაზის მოსალოდნელი გაძვირების გამო, ვშიშობ, რომ ხალხი სათბობად კვლავ შეშის გამოყენებას შეეცდება, როგორც ამას აკეთებდა აქამდეც", - აცხადებს სიმონიძე.
მისი შეფასებით, საქართველოში ტყეს აქვს ნიადაგდამცავი, წყალმარეგულირებელი და უამრავი სხვა სასიცოცხლო ფუნქცია. რეგიონში ყველაზე დიდი ოდენობით ტყე გვაქვს და ეს დოვლათი როგორმე უნდა გადარჩეს!