გასულ კვირას, ლონდონში მომხდარი ხანძრის შემდეგ, რომელსაც ოთხმოცამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აქტუალური გახდა კითხვა, რამდენად არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და წესები საქართველოში. "საქსტატის" მონაცემებით, ხანძრის რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 2016 წელს 3300-ით მეტი ხანძარი გაჩნდა, წინა წელთან შედარებით. სპეციალისტების აზრით, საქართველოში მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმები საერთოდ იგნორირებულია.
ევაკუაციის გეგმა, სახანძრო უსაფრთხოება და ტრენინგი ხანძრის დროს ევაკუაციის შემთხვევაში ის აუცილებელი წესებია, რომლებიც ყველა შენობაში უნდა იყოს დაცული, თუმცა საქართველოში უსაფრთხოების ნორმების დაცვა, პრაქტიკულად, არ ხდება.
სახანძრო უსაფრთხოებას ქვეყანაში "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" კანონი არეგულირებს, რომლის თანახმად, ხალხმრავალი ადგილები, სავაჭრო ცენტრები, მრავალფუნქციური შენობები და 300 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის სხვა ობიექტები სახანძრო უსაფრთხოებაზე სახელმწიფო საზედამხედველო ორგანომ უნდა შეამოწმოს. მოქალაქეები და ექსპერტები დარღვეულ ნორმებსა და ზედამხედველობის არარსებობაზე საუბრობენ.
გასულ კვირას დიდ ბრიტანეთში მომხდარ ხანძარს, მინიმუმ, 80 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა მიუხედავად იმისა, რომ, სფეროს ექსპერტების თქმით, უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო. რთული სათქმელია, რამდენად დიდი იქნება მსხვერპლი წესებისა და ნორმების აბსოლუტური შეუსრულებლობის პირობებში. საქართველოში ამ მხრივ სრული განუკითხაობაა, არადა, ხანძრის რაოდენობა მატულობს - 2016 წელს 14440 შემთხვევა მოხდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3300-ით აღემატება.
ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე სახანძრო აუდიტის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, რადგან ამ დროისათვის ქვეყანაში არ არსებობს არც შესაბამისი წესები, ნორმები და არც უკვე არსებული ან მშენებარე ნაგებობების კონტროლი მიმდინარეობს.
"ლონდონის ტრაგედია, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ იქნებ ამ ფაქტმა მაინც გამოგვაფხიზლოს. ვაჟა-ფშაველას #16-ში საოფისე შენობადაა ქცეული ფართი, სადაც ორი კიბეა. ერთით ჩვეულებრივად სარგებლობენ ადამიანები, ხოლო მეორე არათუ ჩარაზულია, არამედ რკინით არის დადუღებული. ეს ნიშნავს, რომ ხანძრის შემთხვევაში შიგნით ამოიხოცება ყველა, ერთი ადამიანიც ვერ შეძლებს გამოსვლას.
არაერთი ასეთი შენობაა თბილისში. სწორედ ამიტომ სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სახანძრო აუდიტის სამსახური, რომელიც რეალურად გააკონტროლებს უსაფრთხოების წესებს, განსაკუთრებით მაღალსართულიან შენობებში. გარდა ამისა, გამოსარკვევია, დედაქალაქში არსებულ მაღალსართულიან შენობებს მისწვდება თუ არა სახანძრო რაზმები. არის კიდევ ერთი ტექნიკური ფაქტორიც, რაც ხანძრის ფატალურად დასრულების წინაპირობაა - გადატვირთული გზები და საცობები, რის გამოც ეკიპაჟი იგვიანებს ან ვერ მიდის შემთხვევის ადგილზე", - ამბობს ლადო ვარდოსანიძე.
ასოციაციის - "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების წესები აბსოლუტურად უგულებელყოფილია.
"როცა შენობა შენდება, მთელი რიგი ნორმები უნდა იქნეს დაცული, რათა ხანძრის შემთხვევაში უსაფრთხო ევაკუაცია იყოს შესაძლებელი და გარდა ამისა, ხანძრის გაჩენის რისკი მინიმუმამდე დავიდეს.
გარდა შიგა კომუნიკაციისა, სახანძრო მანქანა თითოეულ შენობას გარს უნდა უვლიდეს. მხოლოდ ამითაც კი ნათელი ხდება, რა დონეზეა სტანდარტები იგნორირებული საქართველოში. არათუ გარს შემოვლა, ზოგიერთ კორპუსამდე მისასვლელი გზაც კი არ არის დატოვებული სამაშველო სამსახურებისათვის, იმდენად მიჯრითაა აშენებული მაღალსართულიანი სახლები.
სახანძრო ნორმების აბსოლუტური გვერდის ავლა ყველა ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა არა მხოლოდ საცხოვრებელ სახლებში, არამედ ბაზრობებზე, სამთავრობო შენობებში და სკოლებსა და ბაღებშიც კი.
საბჭოთა ეპოქაში მუშაობდა უსაფრთხოების შემოწმების ორმაგი სტანდარტი. კომისია, რომელიც ახალ აშენებულ საცხოვრებელ სახლებსა და სამთავრობო შენობებში მიდიოდა, ამოწმებდა ხანძრის დროს გასასვლელებს, საევაკუაციო გეგმებს და სათადარიგო გასასვლელებს, რაც დღეს შენობების უმეტესობაში საერთოდ არ არსებობს და არც არავინ ზრუნავს სტადარტების აღდგენაზე", - ამბობს საკანდელიძე.
მისი თქმით, კანონით გათვალისწინებულ წესებსა და ნორმებს არავინ იცავს, რადგან სახელმწიფო არ უწევს შესაბამის ზედამხედველობას. კანონმორჩილება აღსრულების რეალური მექანიზმით მიიღწევა.
"რა თქმა უნდა, სრულად ვერაფრისაგან იქნები დაცული, რადგან ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც ბრიტანეთია, სადაც კანონი კანონობს, ხანძარს დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ იმავე მასშტაბის მოვლენა ჩვენთან ბევრად ფატალური იქნებოდა და მეტ მსხვერპლს გამოიწვევდა", - განუცხადა ანზორ საკანდელიძემ "ბიზნეს-რეზონანსს".
მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი კი ამბობს, რომ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოების დაცვაზე ბევრად დიდი პრობლემა ზედამხედველობის არარსებობაა სკოლებსა და ბაღებში და ასევე საჯარო თავშეყრის ადგილებში.
"სახანძრო უსაფრთხოებას სისტემური მიდგომა სჭირდება. განსაკუთრებით საყურადღებოა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლებსა და ბაღებში არსებული ვითარება. უსაფრთხოება არ არის თავისთავადი მოვლენა, მას ვითარების შესწავლა, მონიტორინგი და ზედამხედველობა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან.
არის კორპუსები, სადაც ვერ შევა სახანძრო მანქანა, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არაა. თუ მანქანა ვერ მივა, მისწვდება წყლის მილი. ამაზე გაცილებით დიდი პრობლემაა, აქვს თუ არა მუნიციპალიტეტს შესაბამისი აღჭურვილობა ძალიან მაღალსართულიან შენობებში ცეცხლის ჩასაქრობად. სწორედ ამიტომ არ გაიცემოდა კომუნისტების დროს 20-30-სართულიანი ნაგებობის მშენებლობის ნებართვა.
როგორც ვიცი, დღესაც არ გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა ქვეყანაში, რომ მაღლივი შენობების ბოლო სართულებზე გაჩენილ ხანძარს გაუმკლავდეს სახანძრო ეკიპაჟი. არადა, ქვეყნის მასშტაბით ცათამბჯენების მშენებლობის ნებართვები, ფაქტია, რომ გაიცემა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ირაკლი როსტომაშვილმა.