"ამით მხოლოდ ბიუჯეტს გავამდიდრებთ - არ მგონია, ბილეთი იმის გამო აიღოს ვინმემ, რომ ჯარიმა გაიზარდა"
გვანცა ღვედაშვილი
20.06.2017

 საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმა, შესაძლოა, 20 ლარამდე გაიზარდოს, რასაც საეჭვოდ მიიჩნევს როგორც ექსპერტების, ისე მოქალაქეების ნაწილი და აცხადებენ, რომ ჯარიმის გაზრდით თბილისის საქალაქო სატრანსპორტო კომპანიას დამატებითი შემოსავლის მიღება სურს.

როგორც თბილისის საქალაქო სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, უბილეთო მგზავრებისთვის თანხის მომატების ინიციატივა პარლამენტში შარშან შეიტანეს, თუმცა, მათი თქმით, ამ დრომდე უცნობია, როდის განიხილება ეს საკითხი ან რა გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თუკი, დღევანდელი კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისთვის 5 ლარით დაჯარიმდა მოქალაქე და მან აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში არ გადაიხადა, 50-ლარიანი ჯარიმა ეკისრება.

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ პირველადი ჯარიმის 5 ლარიდან 20 ლარამდე გაზრდა სურთ, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ მოქალაქეს, 50 ლარის მაგივრად, 40 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.

"ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ უბილეთოდ მგზავრობისთვის საჯარიმო თანხა საკმაოდ დაბალია, მაგრამ მას მაინც აქვს ეფექტი, რადგან მისი გადაუხდელობის შემთხვევაში მოქალაქეს ჯერ თანხა ეზრდება, შემდგომ კი შესაძლოა, ყადაღაც იყოს გამოყენებული.

ამიტომ ახლა 20-ლარიანი ჯარიმის დაკისრება ბადებს ეჭვს, რომ ამით სატრანსპორტო კომპანიას დამატებითი შემოსავლის მიღება სურს.

"მთავარია, რეალურად, რა გახდა იმის მიზეზი, რომ მერიამ 5- ლარიანი ჯარიმის 20 ლარამდე გაზრდა გადაწყვიტა, რადგან ბილეთის ღირებულებასთან 5-ლარიანი ჯარიმა პროპორციული და სავსებით ადეკვატურია. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 50 თეთრი ღირს, შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა ათმაგია.

"თუ ეს თანხა არ ატარებდა ერთგვარი სანქციის დატვირთვას, მაშინ თბილისის მერიის მხრიდან გარკვეული სტატისტიკა უნდა იყოს წარმოდგენილი, რა პრობლემას ქმნის 5-ლარიანი ჯარიმა.

"რეალურად რომ შევაფასოთ, 5 ლარი საკმაოდ მცირე თანხაა, თუმცა გასათვალისწინებელია ის საზოგადოებრივი კატეგორია, რომელიც ყოველდღიურად მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და რომლის შემოსავალიც ძალიან დაბალია.

"რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი ამ შემთხვევაში. ფაქტია, 5 ლარი საკმაოდ დაბალი ჯარიმაა, თუმცა თუ ერთი თვის განმავლობაში არ გადაიხდი, ეს თანხა იზრდება და ხდება ჯერ 50, შემდგომ 150 ლარი. ამის მერე უკვე აღსრულების ბიუროს გადაეცემა მონაცემები და ხდება ქონების დაყადაღება და ა.შ. ანუ ამ 5-ლარიან ჯარიმას პრევენციის სახე მაინც აქვს.

"ვფიქრობ, პირველ ეტაპზე საჯარიმო თანხის 10 ლარამდე გაზრდა უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა. შემდგომ კი, თუ შედეგს არ გამოიღებდა, კიდევ შეიძლებოდა მომატება.

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ სატრანსპორტო საქალაქო სამსახური ორიენტირებულია ჯარიმის სახით დამატებით შემოსავალზე და ეს არ არის პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

მოქალაქე ანა ჩხეტიას განცხადებით, საჯარიმო თანხის გაზრდა ეფექტის მომტანი არ იქნება და ამით მხოლოდ ბიუჯეტი გამდიდრდება.

"ვფიქრობ, 5-ლარიანი ჯარიმა საკმარისია და მოქალაქეებისთვის მისი გადახდაც არაა სირთულე. 20-ლარიანის შემთხვევაში კი ისევ ისე მოიქცევიან, როგორც ახლა, როდესაც კონტროლიორის დანახვის შემდეგ იღებენ ბილეთს და თავიდან იცილებენ დაჯარიმებას.

"ამით მხოლოდ იმას მივიღებთ, რომ ბიუჯეტს გავამდიდრებთ, თორემ, შედეგის თვალსაზრისით, არ მგონია, ბილეთი იმის გამო აიღოს ვინმემ, რომ ჯარიმა გაიზარდა."

როგორც მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ "ინტერპრესნიუსთან" აღნიშნა, სატრანსპორტო კომპანიამ უბილეთოდ მგზავრობისთვის სანქციების გამკაცრების ინიციატივით მერიას უკვე მიმართა და საკითხი ამჟამად განხილვის ეტაპზეა.

"იმისთვის, რომ უბილეთოდ მგზავრობაზე მონიტორინგი იყოს უფრო გაძლიერებული, სატრანსპორტო კომპანია საჯარიმო სანქციების გადახედვის ინიციატივით შემოვიდა. ამჟამად საკითხი განხილვის ეტაპზეა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე მნიშვნელოვანი განხილვა სჭირდება. კომპანიის ინიციატივა გულისხმობს საკითხის პრევენციას, ანუ იმას, რომ გამოირიცხოს ბილეთის აუღებლობის შემთხვევები", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, საჯარიმო სანქციების გამკაცრება არ შეეხება კეთილსინდისიერ მგზავრებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში 26 კატეგორიაზე გათვალისწინებული შეღავათით კვლავ შეძლებენ მგზავრობას.

ამ ეტაპზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 5 ლარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×