ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ახლო პერსპექტივაში სირიის პრობლემის დარეგულირებას არ უნდა ველოდოთ
ნინო ქეთელაური
20.06.2017

 "თუ მსგავსი ფაქტი აშშ-ის მხრიდან განმეორდება, მაშინ შესაძლოა, სირიის ინტერესები მხოლოდ რუსულმა ავიაციამ დაიცვას", - ასე აფასებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე აშშ-ის კოალიციური ძალების მიერ სირიის მთავრობის სამხედრო თვითმფრინავის, რუსული "სუ-22"-ის, ჩამოგდების ფაქტს.

მისი თქმით, სირიაში, ზოგადად, რუსეთსა და დასავლეთს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება და პოზიციები მკვეთრად განსხვავდება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ კონფლიქტს ხანგრძლივი პერსპექტივა აქვს.

ამირან სალუქვაძე: როგორც ამერიკის მხარის მიერ ცხადდება, თვითმფრინავის განადგურება თავდაცვის მიზნით მოხდა, რადგან ის აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციური დაჯგუფების პოზიციებს ბომბავდა ქალაქ რაქას მახლობლად.

ცეცხლის გახსნამდე ამერიკის მხარემ რუსეთის ინფორმირება მოახდინა სპეციალური კავშირის მეშვეობით, რუსეთმა კი აშშ-ს მოუწოდა, თავი შეიკავოს სირიის ტერიტორიაზე მსგავსი ქმედებებისგან. როგორც ცნობილია, კრემლი მხოლოდ საკუთარი ჯარების კანონიერებას აღიარებს სირიის მიწაზე.

ფაქტს ასე შევაფასებ: სირიაში რუსეთსა და დასავლეთს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება და პოზიციები მკვეთრად განსხვავდება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ კონფლიქტს ხანგრძლივი პერსპექტივა აქვს.

"რეზონანსი": რა გართულების გამოწვევა შეუძლია ამ ფაქტს?

ა.ს: აქამდე აშშ არ მიმართავდა მსგავს ქმედებებს და არც სირიის, არც რუსეთის ავიაციის წინააღმდეგ ცეცხლი არ გაუხსნია. შესაძლოა, შემდგომში ვითარება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის კონფლიქტების სცენარით განვითარდეს.

თუ მსგავსი ფაქტი აშშ-ის მხრიდან განმეორდება, მაშინ შესაძლოა, სირიის ინტერესები მხოლოდ რუსულმა ავიაციამ დაიცვას. ამ შემთხვევაში ამერიკა უშუალოდ რუსეთის თვითმფრინავების საწინააღმდეგოდ ცეცხლს არ გახსნის, ამიტომ ფორმალურად ალბათ ოპოზიციას შეაიარაღებს საჰაერო თავდაცვის საშუალებებით და რუსული თუ სირიული სამხედრო ავიაციის წინააღმდეგ ოპოზიციური დაჯგუფებები გახსნიან საზენიტო კომპლექსებიდან ცეცხლს.

მე მხოლოდ სამხედრო, კერძოდ ჰაერსაწინაღმდეგო ბრძოლის კუთხით ვსაუბრობ. ეს გარემოება კი პოლიტიკურ დარეგულირებაზეც მოახდენს ზეგავლენას.

"რ": რუსეთი აშშ-ს მოუწოდებს, არ მიიღოს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ცალმხრივი გადაწყვეტილება, რაც კიდევ ერთი გართულების მიზეზი ხომ არ გახდება აშშ-რუსეთის ურთიერთობაში?

ა.ს: რა თქმა უნდა. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ კრემლისა და თეთრი სახლის პოზიციები სირიასთან მიმართებით ისევ მკვეთრად განსხვავდება. ამაზე რუსეთის ლიდერის ბოლო ინტერვიუებიც მეტყველებს, განსაკუთრებით ოლივერ სტოუნის ახალ დოკუმენტურ ფილმში. ის აკრიტიკებს ამერიკის ახლოაღმოსავლურ პოლიტიკას. შესაბამისად, ახლო პერსპექტივაში სირიის პრობლემის დარეგულირებას არ უნდა ველოდოთ.

"რ": რუსეთის მხრიდან რა ტიპის ჩარევაა მოსალოდნელი?

ა.ს: რუსეთმა აშშ-ის მოქმედებები სირიის წინააღმდეგ აგრესიად შეაფასა და სირიის საჰაერო სივრცეში ინციდენტების არდაშვების მიზნით ამერიკასთან გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით თანამშრომლობას წყვეტს.

გადაწყვეტილება ძალაში 19 ივნისიდან შევიდა. ეს ნიშნავს, რომ დაახლოების ნაცვლად რუსულ-ამერიკული პოზიციები ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო შორდება ერთმანეთს. სხვა რამე განსაკუთრებულ ჩარევას არ ველოდები, გარდა რუსული ავიაციის გააქტიურებისა სირიის სამთავრობო ძალების ინტერესებისათვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×