დედაქალაქში ბოლო დროს ძალიან გახშირდა საგზაო დარღვევები, თუმცა არსებობს კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც განსაკუთრებით ყურადსაღები და მნიშვნელოვანია. მაგალითად, შუქნიშნის წითელზე გავლას უკვე ყურადღებაც აღარ ექცევა. უამრავ ადგილებში, სადაც გაჩერება აკრძალულია, თვითნებური პარკინგია მოწყობილი. ის კი არადა, მანქანებით გადაჭედილ ქუჩაში შვილის "მოყვარულ" მძღოლს კალთაში უზის პატარა ბავშვი და შუა ქალაქში ცდილობს, ატარებინოს მანქანა.
რამდენად უსაფრთხოა ეს ყველაფერი, ამაზე საუბარი ზედმეტია. მსგავს სიტუაციებში საფრთხე არა მარტო იმ ადამიანებს ემუქრებათ, ვინც კანონს არღვევს, არამედ სხვისი სიცოცხლეც მომეტებული რისკის ქვეშაა. ასეთ დარღვევებზე პატრული ბოლო დროს ნაკლებად რეაგირებს.
ბავშვის საჭესთან დასმა, თუნდაც მეთვალყურესთან ერთად, კატეგორიულად გამორიცხული და ძალიან საშიშია. მძღოლს რომ თავი დავანებოთ, ეს ყურადღებას უფანტავს გარშემო მყოფებსაც, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, როგორიც ქალაქის ცენტრი და გადატვრთული ქუჩებია. გიორგი ზარანდია 32 წლის ტაქსის მძღოლია და ერთ-ერთი მათგანია, ვინც ეს ფაქტი რამდენჯერმე დააფიქსირა:
"დაახლოებით 20 წლიდან მძღოლი ვარ და მყავს მანქანა. სულ მხვდებოდნენ მსგავსი ადამიანები, ვინც ვერ იაზრებს, რამდენად დიდი საფრთხეა პატარა ბავშვის საჭესთან დაჯდომა, მაგრამ ბოლო დროს ნამდვილად გაოცებული ვარ. უკვე სამი შემთხვევა იყო, როდესაც პირდაპირ შუა ქალაქში მძღოლს კალთაში ეჯდა პატარა და მანქანის მართვას ანდობდა. ძალიან გამიკვრდა ამის ნახვა გადატვრთულ გზაზე, თითქმის საცობშია კაცი და კალთაში უზის 4 წლამდე ბავშვი, რომელიც საჭეს აქეთ-იქით ატრიალებს.
ამ დროს არავინ იცის, რა მოხდება. ქალაქში უკვე ისეთი ქაოსია, რომ გამოცდილ მძღოლებსაც უჭირთ მანქანის ტარება. უამრავია გამოუცდელი მძღოლი და პატარა ბავშვის დასმა ხომ საერთოდ არაადეკვატურ მოვლენად მეჩვენება. ის მანქანა რომ საფრთხეშია, სადაც ბავშვი ზის, გასაგებია, მაგრამ მე, როგორც მძღოლი, ძალიან ვიბნევი, როდესაც ასეთ ფაქტს წავაწყდები. ვფიქრობ და ვაკვრდები მთელი ყურადღებით ასეთ მანქანებს, ეს კი ყურადღებას მიფანტავს. დარწმუნებული ვარ, ჩემ დღეში ძალიან ბევრია.
არათუ საჭესთან, 12 წლამდე ბავშვის წინა სავარძელზე დასმაც კი არ შეიძლება, რადგან ეს პირდაპირ კანონშია მითითებული. ამ დროს მე პირადად რამდენიმე შემთხვევა ჩემი თვალით ვნახე, როდესაც ერთი ციდა ბავშვები საჭეს უსხედან. ეს არ არის მხოლოდ ერთი დარღვევა, უკვე ძალიან გახშირდა. მაინტერესებს, როგორც მოქალაქეს, ასეთი ქაოსი რატომ არის? რატომ არავინ აქცევს ყურადღებას? სწორედ ასეთი მძღოლების გამო ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები", - განუცხადა "რეზონანსს" გიორგი ზარანდიამ.
ხალხი ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევებზე მკაცრი რეაგირება აუცილებელია, რადგან აშკარაა, რომ დედაქალაქში საგზაო მოძრაობა ქაოსისკენ მიექანება. თამარ გეწაძე 28 წლისაა და ორი წელია, რაც ავტომობილით გადაადგილდება. მისი აზრით, თბილისში მანქანით მოძრაობა ისედაც სახიფათოა და ამ დროს არიან ისეთი მძღოლები, რომლებიც არ დაგიდევენ საგზაო წესებს:
"მანქანას ბავშვობიდან ვატარებ, მაგრამ ორი წლის წინათ ავიღე მართვის მოწმობა. აქამდე მივიჩნევდი, რომ ქალაქში სასიარულოდ სათანადოდ არ ვიყავი მზად. ჩემი და სხვისი უსაფრთხოებისთვის ვამჯობინე მოცდა.
როდესაც ქუჩაში დავიწყე მანქანით მოძრაობა, მაშინვე მივხვდი, რომ მხოლოდ ჩემი ცოდნა არ იყო უსაფრთხოებისთვის საკმარისი, განცვიფრებული ვიყავი, ისეთ რაღაცებს წავაწყდი. წესების ცოდნა კი არა, საერთოდ არ მესმოდა, როგორ აიღო მძღოლების უმეტესობამ მართვის მოწმობა.
პატარა ბავშვი საჭესთან, სიმართლე გითხრათ, არასდროს შემიმჩნევია, მაგრამ ეს რომ დამენახა, აუცილებლად რამე რეაგირება მექნებოდა ან იმ მძღოლს დაველაპარკებოდი, ვისაც ბავშვი უზის, ან სადმე დავრეკავდი და მანქანის ნომერს ვეტყოდი. ასეთ შემთხვევას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება და ერთხელ რომ დააჯარიმებენ, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საგზაო უსაფრთხოებას. მეც მყავს 6 წლის ძმისშვილი და ძალიან ხშირად მთხოვს საჭესთან დასმას, უზომოდ უხარია, თუნდაც ხელს რომ შეავლებს, მაგრამ არასდროს მიცდია, მოძრაობის დროს დამესვა თუნდაც ღამით, როცა მოძრაობა აბსოლუტურად შეწყვეტილია.
სხვა დარღვევებზე საუბარს აღარ დავიწყებ, არ მინდა, რამე შემეშალოს, მაგრამ ქალაქში რომ სრული განუკითხაობაა და ყველა თავის ნებაზე დადის, ამას ჩემი თქმა აღარ სჭირდება. მგონი, ეს ყველაფერი მაკონტროლებელი ორგანოების მოდუნებამ და არაადეკვატურმა რეაგირებამ გამოიწვია. საბოლოოდ კი ვხედავთ, რამდენად გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თამარ გეწაძემ.
2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, სტატისტიკა 2017 წელსაც ნელ-ნელა იზრდება და თითქმის ყოველდღე სავალალო შემთხვევებს ვიგებთ საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით. სტატისტიკა გამაოგნებელია, რეაგირება კი ნამდვილად არ არის სათანადო. იმის ნაცვლად, რომ დარღვევების შემთხვევები დღითი დღე შემცირდეს, პირიქით, ნელ-ნელა იზრდება.