მოსკოვი ვაშინგტონთან მემორანდუმს წყვეტს, რომელიც სირიის საჰაერო სივრცეში ინციდენტების ასაცილებლად გაფორმდა
გვანცა ღვედაშვილი
21.06.2017

 "ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჩამოგდებული თვითმფრინავის პილოტი რუსი მფრინავია და ამიტომ იყო მოსკოვი ასეთი აღშფოთებული და მის მიერ მიღებული მკაცრი გადაწყვეტილებაც შესაძლოა, სწორედ ამას უკავშირდებოდეს", - აღნიშნულ შეფასებას სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამერიკის მიერ რაქას პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალების კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით აკეთებს.

აღნიშნული მოვლენის შემდგომ, მოსკოვმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთი წყვეტს ვაშინგტონთან თანამშრომლობას, იმ მემორანდუმს, რომელიც 2015 წელს სირიის საჰაერო სივრცეში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად გაფორმდა.

ვახტანგ მაისაია: სირიის "სუ 22" ტიპის თვითმფრინავის ჩამოგდება მოხდა ამერიკის კოალიციის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ანუ სირიის დემოკრატიული ძალების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

რის შემდეგაც მოსკოვმა განაცხადა, რომ თუ ამერიკის თვითმფრინავები მოხვდება მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შესაძლებელია, რუსეთმაც ჩამოყაროს მათი თვითმფრინავები. პირდაპირ ასე არ უთქვამთ, თუმცა მოსკოვმა განაცხადა, რომ კონტროლზე აიყვანდნენ მათ გადაადგილებას. ასე რომ, მოსკოვის გადაწყვეტილება სწორედ ზემოაღნიშნულს უკავშირდება.

ჩამოგდებული თვითმფრინავის პილოტი აღმოჩნდა დაიშის ტერიტორიაზე და მისი ბედი უცნობია. ამასთან, სირიის პილოტთან დაკავშირებით სხვადასხვა წყაროში განსხვავებულმა ვერსიებმა გაიჟღერა.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჩამოგდებული თვითმფრინავის პილოტი რუსი მფრინავია და ამიტომ იყო მოსკოვი ასეთი აღშფოთებული და მის მიერ მიღებული მკაცრი გადაწყვეტილებაც შესაძლოა, სწორედ ამას უკავშირდებოდეს.

"რეზონანსი": სადამდე შეიძლება მივიდეს ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობის გამწვავება?

ვ.მ.: ბუნებრივია, მათი ურთიერთობა გამწვავდება და როგორც ჩანს, მძიმედ დამთავრდება, რადგან საკმაოდ სერიოზული ტენდენცია მიიღო ამ ყველაფერმა. ხოლო, როგორ გავითარდება სიტუაცია, ამას დრო გვიჩვენებს.

"რ": შესაძლოა ჩავთვალოთ, რომ რუსეთისთვის ამერიკის ქმედება მასთან ახალი დაპირისპირების მიზეზად იყოს გამოყენებული, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკაში რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესება ხდება?

ვ.მ.: რასაკვირველია, ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, რადგან ამერიკამ რუსეთის სახალხო სექტორს დაარტყა, რომელიც ის სექტორია, სადაც რუსეთი ყველაზე მტკივნეულად აღიქვამს ასეთი ტიპის დარტყმას.

"რ": თუკი განმეორდა მსგავსი მოვლენა, ამერიკის ან მოსკოვის მხრიდან რას გამოიწვევს ეს?

ვ.მ.: მოსკოვმა კომუნიკაციაც შეწყვიტა ამერიკასთან და ამასთან გააფრთხილა კიდეც, რომ ყველა ღონეს მიიღებენ იმასთან დაკავშირებით, რომ შემდგომში ამერიკის თვითმფრინავი ჩამოგდებული ან განადგურებული ყოფილიყო.

ყოველ შემთხვევაში, განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ იქნება აყვანილი, ამაზე იყო საუბარი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაცია ნამდვილად დაიძაბა.

რა თქმა უნდა, საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედებს ეს მოვლენები საერთო სურათზეც, ფაქტობრივად გამოდის, რომ დაიწყო ცივი ომი ამერიკულ და რუსულ პოზიციებს შორის - რუსეთის მიერ 2015 წლის მემორანდუმიდან გამოსვლა ცალსახად, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე სწორედ ამის მანიშნებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×