გვანცა წულაია
21.06.2017

"ამ ფორმით პროტესტის გამოხატვა პრეზიდენტის ინსტიტუტს არ შეეფერება, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სესია საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად.

"მე ვფიქრობ, ეს არ არის სერიოზული გადაწყვეტილება. ამ ფორმით პროტესტის გამოხატვა და საკუთარი უფლებამოსილების გამოყენება, რომ პარლამენტს შეუქმნა დროებით პრობლემა, არ მიმაჩნია, შეეფერებოდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

"თუმცა, რადგან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის აზღვევს კანონმდებლობა პარლამენტს, რომ პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება და თავად შეიკრიბოს. ამიტომ ჩვენ შევიკრიბებით და კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვას გავაგრძელებთ ამ კვირაში", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარი განაცხადა. მარგველაშვილის განცხადებით, მის უარს პოლიტიკური შინაარსი აქვს იმის გამო, რომ არ მიიღოს პარლამენტმა დაჩქარებული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში.

ვის სასარგებლოდ იწერება პოლიტიკური ქულები ამ დაპირისპირებაში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გივი სიხარულიძე (მწერალი და მსხიობი): არც ერთ პოზიციას პატივეს არ ვცემ. როდესაც პრეზიდენტი ხარ და პარლამენტი ისეთ მდგომარეობაში გაყენებს, რომ შენი არაფერი არ გადის, ვეტოს დადება არ გამოგდის და საერთოდ არაფრად არ გაგდებენ, მის ადგილზე ასეთ პრეზიდენტობას გადადგომა მერჩივნებოდა.

პარლამენტარებს რაც შეეხებათ, ძალიან ცუდად იქცევიან. არ შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი ასეთ დღეში ჩააგდო. თუ ის პრეზიდენტია, მის უფლებებს პატივი უნდა სცე. თუ მასხრად იგდებენ და არაფრად არ თვლიან, მაშინ მის პრეზიდენტობას რა აზრი აქვს. ეს არის მასხარაობა.

ბავშვები დაჭერობანას რომ თამაშობენ, ზუსტად ასეთი დამოკიდებულებაა პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის. იმ ქვეყანაში, სადაც პარლამენტსა და პრეზიდენტს ასეთი დამოკიდებულება აქვთ, საქმე ვერასდროს ნორმალურად ვერ წავა.

 ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): ცუდიც შემიძლია ვთქვა, მაგრამ არ ვიტყვი, იმიტომ, რომ არ მაქვს უფლება. უბრალოდ, არ შეიძლება იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელშიც დღეს საქართველოა. ერთმანეთში დაპირისპირება, ჩხუბი და გარჩევები არ შეიძლება.

ეს ალბათ ისევ და ისევ ხალხისთვის გადაგდებული სატყუარაა, რომ ხალხმა იფიქროს - ნეტა მშვიდობა იყოს, პრეზიდენტმა და პარლამენტმა ერთმანეთს დაუჯეროს. ქვეყნის სათავეში ვინც არ უნდა იყოს, პრეზიდენტულად უნდა მოიქცეს. ეს დაპირისპირება არ მომწონს.

თქვენ მეუბნებით, რამე ვთქვა, პრეზიდენტს არ უსმენენ და მე მომისმენენ? ყველაფერს ხალხს აბრალებენ, ხალხს კი არაფერს ეკითხებიან. ჯერ საზოგადოებას ჰკითხონ და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღონ.

 გია ბუღაძე (მხატვარი): ამ შემთხვევაში ქულები ვის სასარგებლოდ იწერება, არ ვიცი. ამ სიტუაციაში საქართველო ყველანაირად წაგებულია.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მარგველაშვილის მიმართ სიმპათიით არ გამოვირჩევი, ბევრად უფრო კონსტრუქციული და შეგნებულია. მას პოლიტიკოსის პოზიცია უჭირავს.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს და დღევანდელი პარლამენტის ხელმძღვანელობას, აქ უკვე პიროვნული, ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემების წინაშე ვდგავართ.

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): მგონი, რომ არც ერთის სასარგებლოდ არ არის. არა მგონია, საერთო ენის მონახვა შეუძლებელი იყოს. ეს ძალიან ცუდია, რადგან რაღაც ახალ ვერსიებს აჩენს. ახალი თემა წამოვიდა, პრეზიდენტი - არა, მონარქია.

ქართველ ხალხს ამისთვის არ სცალია. ეკონომიკა, სოციალური საკითხები, განათლება, ჯანდაცვა მისახედია. საზოგადოებაში პოლიტიკური შტორმი ყველაფერს ანგრევს. ერთი-ერთში დასხდნენ და მოილაპარაკონ, ამ ქვეყანას ემსახურებიან თუ თავის პოლიტიკურ ინტერესებს განამტკიცებენ? საზოგადოება ამ ვითარებაზე გაბრაზებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×