"აშშ უკვე იურიდიულად იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ უკრაინის უსაფრთხოებას დაიცავს", - აცხადებს ანალიტიკოსი, "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი "რეზონანსთან" საუბრისას.
მისი თქმით, აშშ ერიდება პირდაპირ მკვეთრ ქმედებებს, ისეთს, რასაც ჰქვია უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, მაგრამ იმ მთავარ შედეგს, რისი მოტანაც გაწევრიანებას შეუძლია, აშშ ორმხრივი ხელშეკრულების დონეზე დებს.
ირაკლი კიკიანი: ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს საქართველოსთანაც. თუმცა, სამწუხაროდ, ქართული დიპლომატია არ არის სათანადოდ აქტიური იმისთვის, რომ პროცესი ინტენსიური და მძლავრი ტემპით წარმართოს.
ეს ყველაფერი კი, ისევ და ისევ უსაფრთხოების უზრლველყოფას ემსახურება და ხელშეკრულების სახეს იღებს. ჩრდიოატლანტიკური ალიანსის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის.
"რეზონანსი": აშშ-ის მხრიდან მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება კონკრეტულად რას ემსახურება?
ი.კ: ეს ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან არის მკაფიო გზავნილი რუსეთისთვის, რომ უკრაინის ინტერესები იქნება დაცული ისეთი სახელმწიფოს მხრიდან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და რომ უკრაინა არ არის მარტო. აშშ უკვე იურიდიულად იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ დაიცავს უკრაინის უსაფრთხოებას.
"რ": ჩვენ გვახსოვს საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში საქართველოსაც დაეხმარებიან...
ი.კ: როგორც აღვნიშნე, სამწუხაროდ, ეს პროცესი ჩვენთან შენელებული ტემპით ვითარდება. თუმცა, თავის მხრივ, აშშ ამით ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს, რითიც რუსეთს ეუბნება, რომ საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის, ინტერესები იქნება უფრო მეტად დაცული.
აშშ ერიდება პირდაპირ მკვეთრ ქმედებებს, ისეთს, რასაც ჰქვია, მაგალითად, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, მაგრამ იმ მთავარ შედეგს, რისი მოტანაც გაწევრიანებას შეუძლია, აშშ ორმხრივი ხელშეკრულების დონეზე დებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და გაზრდის უკრაინის უსაფრთხოებას.
"რ": როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფერს რა შეფასება მიეცემა რუსეთის მხრიდან და რა საპასუხო ნაბიჯებია მისგან მოსალოდნელი?
ი.კ: ბუნებრივია, აშშ-ის მხრიდან ყველა ის მკაფიო გზავნილი, რაც უსაფრთხოების გარანტიებს ემსახურება, რუსეთს აღიზიანებს. დასავლეთისგან განსხვავებით, რუსეთი კვლავ ყოფს მსოფლიოს გავლენის სფეროებად, მაშინ, როდესაც ევროპა ამას კატეგორიულად ემიჯნება.
რეგიონების გავლენის სფეროებად დაყოფა არის იმპერიული აზროვნების თვალსაჩინო მაგალითი, რომელსაც დასავლეთი ყველანაირად შეებრძოლება. ეს ცივილური სამყაროს სასიცოცხლო ინტერესია, რასაც არავითარ შემთხვევაში არ დათმობს და რუსეთს, ადრე თუ გვიან, მოუწვევს ამასთან შეგუება.