ია აბულაშვილი
21.06.2017

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, უძველესი ქართული ლიტერატურული ძეგლებიდან ცნობილი ხდება, რომ მე-7 და მე-8 საუკუნეებში საქართველოში ჭადრაკის თამაშსა და საჭადრაკო ტერმინოლოგიას კარგად იცნობდნენ.

ჭადრაკს საქართველოში დიდი ხნის ისტორია რომ აქვს, ამის შეხსენება ჩვენს მკითხველს არ სჭირდება, თუმცა დღევანდელ სტატიაში რამდენიმე საინტერესო ამბავი გვინდა, გავიხსენოთ ქართული ჭადრაკის ისტორიიდან.

პირველად ჭადრაკი მოხსენიებულია ბასილი დიდის თხზულებაში "ექუსთა დღეთა", რომელიც მე-9 საუკუნის ცნობილმა მოღვაწე გიორგი ათონელმა ქართულ ენაზე თარგმნა. დღემდე შემორჩენილია მე-12 საუკუნის შესანიშნავი საჭადრაკო კომპლექტი, რომელსაც ქართული ორნამენტები ამშვენებს.

აყველაზე მდიდარი მასალა კი ქართული ჭადრაკის შესახებ მე-17 საუკუნიდან მოგვეპოვება. ჭადრაკი გვხვდება თეიმურაზ მეორის, მეფე არჩილის, ბესიკის პოეზიაში, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებში. სამწუხაროდ, შემორჩენილი არ არის ცნობები ქართველ მოჭადრაკეთა შესახებ.

მე-19 საუკუნის მეორე ნახვრიდან ჭადრაკი მეტად პოპულარული გახდა საქართველოში. 1877 წლის სექტემბერში თბილისში ექვსმა პიროვნებამ ჭადრაკის მოყვარულთა წრე დააფუძნა. პირობის თანახმად, ისინი კვირაში ერთხელ იკრიბებოდნენ თითოეული მათგანის ბინაში.

ერთ-ერთი დამფუძნებელი სავარაუდოდ თბილისის სასამართლო პალატის წევრი, შემდგომში მისი თავმჯდომარე ალექსანდრე სმიტინი უნდა ყოფილიყო.

ამ ამბის შესახებ წერდა 1878 წელს "შახმატნი ლისტოკი", რომლის ერთ-ერთ ნომერში ეწერა, რომ "შარშანდელი წლის სექტემბრიდან თბილისში დაარსდა ჭადრაკის მოყვარულთა წრე, რომელიც კვირაში ერთხელ იკრიბება დამფუძნებელთა ბინაში".

ამავე ნომერში გამოქვეყნებული იყო ცნობა იმის თაობაზეც, რომ "თბილისში გაიმართა მატჩი სმიტენსა და მოსკოველ ოსტატ სოლოვცოვს შორის". ხოლო 1878 წლის "შახმატნი ლისტოკის" მე-5 და მე-6 ნომრებში იუწყებოდნენ, რომ "თბილისში გაიმართა მატჩი სმიტენსა და დადიანს შორის, რომელიც დადიანის გამარჯვებით დასრულებულა. რამდენიმე ხნის შემდეგ დადიანს სოლოვცოვისთვისაც მოუგია.

ჭადრაკის დიდი მოყვარულები ყოფილან: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვანო მაჩაბელი, ნიკო ნიკოლაძე და სხვა გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები.

გაზეთი "ივერია" თავის ფურცლებზე ხშირად აშუქებდა ჭადრაკის ამბებს. "ჩიგორინ-ტარაშის" მატჩის შემაჯამებელი სტატია კი თავად ილია ჭავჭავაძეს დაუწერია "ივერიაში". მე-19 საუკუნის ცნობილი ქართველი მოჭადრაკეები იყვნენ: ანდრია სირბილაძე, მამია გურიელი, გიორგი ბებურიშვილი და ქალბატონი ფოტინე ჩიქოვანი-ასათიანისა.

მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან კი ჭადრაკი სახალხო თამაში გახდა, ტარდებოდა ტურნირები, მატჩები. თბილისში ხშირად ჩამოდიოდნენ ცნობილი რუსი მოჭადრაკეები: სმოროდინსკი, სოროკინი და სხვები.

1922 წელს გაიხსნა თბილისელ მოჭადრაკეთა პირველი ტურნირი, 1923 წელს კი - საჭადრაკო კლუბი. 1926 წელს თბილისში მოეწყო ტურნირი, რომელშიც 600 მოჭადრაკე მონაწილეობდა. იმავე წელს გამოვიდა პირველი საჭადრაკო წიგნი ქართულ ენაზე.

1928 წელს თბილისში ჩატარდა ამიერკავკასიის რესპუბლიკების პირველი ჩემპიონატი, 1930 წელს კი გაიმართა მატჩი ცნობილ ქართველ მოჭადრაკე ვიქტორ გოგლიძესა და მოსკოველ ვლადიმერ ნენაროკოვს შორის. ქართველმა მოჭადრაკემ ეს მატჩი 7:4 მოიგო და პირველს ქართველთაგან მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება.

პირველი ქართველი მოჭადრაკე ანდრია დადიანი

პირველი ქართველი მოჭადრაკისა და ჭადრაკის მეცენატის ანდრია დადიანის სახელი კარგად იყო ცნობილი მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში. უცხოურ პრესაში მუდმივად იბეჭდებოდა მის მიერ შესრულებელი პარტიები, რომლებიც დღესაც დადიანის პარტიის სახელწოდებით არის ცნობილი.

ანდრია დადიანი დაიბადა 1850 წელს, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის ოჯახში. ჭადარაკის თამაში პატარა ანდრიას დედამ, ეკატერინე ჭავჭავაძემ ასწავლა. დავით დადიანის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ ეკატერინე ჭავჭავაძე შვილებით პეტერბურგში გაიწვია.

დადიანების ოჯახი ჯერ პეტერბურგში ცხოვრობდა, შემდეგ - პარიზსა და გერმანიაში. 1873 წელს ანდრია დადიანმა დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მსახურობდა ცარსკოე სელოში, ლაიბგვარდიის პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში.

ბალკანეთის ნახევარკუნძულის გათავისუფლებისას გამოჩენილი მამაცობისთვის ანდრია და თავისი ძმა ნიკო ოქროს ხმლებით დაჯილდოვდნენ. 1879 წლიდან ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას რომში.

ანდრია დადიანი ხშირი სტუმარი ყოფილა დიდი რუსი მწერლის ივანე ტურგენევის სალონისაც, სადაც მწერალი საჭადარკო საღამოებს მართავდა.

1881-1882 წლებში ქართველმა მოჭადრაკემ მონაწილეობა მიიღო პეტერბურგის საჭადრაკო კლუბის მიერ გამართულ მოყვარულთა ორ ტურნირში და ორივეგან პირველ ადგილზე გავიდა. 1892 წლის ინგლისური ჟურნალის "ჩესს მანსლის" მე-6 და მე-7 ნომრები მთლიანად დადიანის პიროვნებასა და მის შემოქმედებას მიეძღვნა.

ფრანგულ ჟურნალ "სტრატეჟუში" კი მუდმივად იბეჭდებოდა მისი შესრულებული პარტიები. 1897 წლის ერთ-ერთი ინგლისური ჟურნალი წერდა, რომ "სამეგრელოს თავადის, დადიანის საჭადრაკო პარტიები საუცხოოა და საჭადრაკო ლიტერატურაში დარჩება, როგორც შედევრი".

საყოველთაო აღიარება კი ანდრია დადიანმა 1903 წელს მონტე-კარლოს საერთაშორისო ტურნირის დროს მოიპოვა, რომლის პრეზიდენტიც თავად იყო. სატურნირო ფონდში მას 600 ფრანკი შეუტანია, ცნობილ ბანკირ როტშილდს კი - 500 ფრანკი. მისი თაოსნობით დაწესდა რამდენიმე პრიზიც "ლამაზი პარტიებისთვის".

1903 წელს კიევში ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა წიგნი, რომელშიც ანდრია დადიანის 100 საუკეთესო საჭადარკო პარტია შევიდა. წიგნის წითელ ყდაზე ოქროს ასოებით ამოტვიფრული იყო წარწერა "სამეგრელოს პრინც დადიანის პარტიები".

ცნობილი ჭადრაკის დიდოსტატი ემანუელ ფიშერი ამ წიგნის წინასიტყვაობაში წერდა: "წიგნს, რომელიც მისი ბრწყინვალების, სამეგრელოს პრინცის ანდრია დადიანის 100 უდიდეს საჭადარკო პარტიას შეიცავს, ვუძღვნით ჭადრაკის ყველა მოყვარულს. ვინც პრინცის ოსტატობასა და მის პიროვნებას იცნობს, წიგნს მღელვარებით ელის. ჭადრაკის მოყვარულები მადლიერნი დაგვრჩებიან იმისათვის, რომ ეს პარტიები შევკრიბეთ და გამოვაქვეყნეთ".

პირველი ქართველი მოჭადრაკე ანდრია დადიანის პორტრეტი კი ევროპაში საფოსტო ბარათზე იყო აღბეჭდილი. გერმანიის ერთ-ერთ გამომცემლობას მისი ფოტო ფერად საფოსტო ბარათზე დაუბეჭდავს და დიდი ტირაჟით ვრცელდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×