"ეს საინტერესო თამაში ტიფლისელ პუბლიკას ისევე შეუყვარდება, როგორც თავის დროზე ჭიდაობა"
ია აბულაშვილი
22.06.2017

 სად და როდის გაიმართა საქართველოში პირველი საფეხბურთო მატჩი, ამაზე განსხვავებული ვერსიები აქვთ ქართული ფეხბურთის მესვეურებს, მაგრამ ფაქტია, რომ სპორტის ეს სახეობა საქართველოში ინგლისელებმა შემოიტანეს და ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში ჩამომდგარი გემების მეზღვაურები ხშირად თამაშობდნენ "ფუტბოლს".

"ფოთის ნავსადგურში ინგლისური გემი დგას, დგომა კი დიდხანს მოუწევს. არავინ იცის, რამდენი დღე გაგრძელდება მარგანეცის ჩატვირთვა. ჰოდა, ეს მეზღვაურებიც დროის მოსაკლავად ბურთს აგორებენ, რაც ადგილობრივი ბიჭების ყურადღებას იპყრობს.

თამაში, რომელსაც ისინი თამაშობდნენ, ფოთელებს არასდროს უნახავთ. თანდათან ამ ცქერა-ყურებაში თამაშის არსიც გაიგეს" - ასე აღწერს სპორტული ჟურნალისტი ოთარ გაგუა მე-20 საუკუნის დასაწყისში ფოთის პორტში შემოსული ფეხბურთის ისტორიას.

როგორც ჩანს, ფოთელებს თამაში მოსწონებიათ და 1906 წელს ქალაქში პირველი ფეხბურთის გუნდიც შეიქმნა ნიკო ნიკოლაძის ვაჟის - გიორგი ნიკოლაძის თაოსნობით.

ორ წელიწადში მის ბაზაზე ჩამოყალიბდა ოფიციალური გუნდი ყოფილი ფეხბურთელის, ინგლისური მარგანეცის კონცესის წარმომადგენლის, ოსკარ ზივერტის ხელმძღვანელობით, რომელიც გუნდსაც მფარველობდა და თან გუნდის კაპიტანიც იყო.

ქართული ფეხბურთის პირველი მერცხლები კი იყვნენ: ალექსანდრე კაჭარავა, ვიქტორ ყურუა, ვანიჩქა დიდია, ვანიჩქა კვაჭაძე და სხვები. მათ შორის იყო ორი იტალიელი - გლაჯიო და ლუიჯი. მალე ოსკარ ზივერტმა ტრავმა მიიღო და გუნდის კაპიტანი მისი ვაჟი ედუარდი გახდა. ფოთელები ხშირად ამარცხებდნენ ინგლისელებს. მოგებულს წაგებულის ფორმა რჩებოდა ჯილდოდ.

ფეხბურთი იმდენად პოპულარული გახდა საზღვაო ქალაქში, რომ სხვა გუნდებიც შეიქმნა - ნავსადგურის მუშათა გუნდი "ურანი" "რემელასი", გემთმშენებლობის ქარხნის და რკინიგზელთა გუნდები.

გაზეთი "ივერია" კი წერდა: "პოპულარული ინგლისური თამაში "ფუტბოლი", ჩვენებურად ფეხბურთი, მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე მთელს ევროპაში იკიდებს ფეხს. ამ მოვლენას არც ქართველები ჩამორჩნენ. ქალაქ ფოთში შეიქმნა ფეხბურთის მოთამაშეთა გუნდი".

ფეხბურთის მოედანი ფოთში ერთ-ერთი საუკეთესო ყოფილა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში.

"ჩემს ბავშვობაში ფოთის პორტში მსოფლიოს ყველა ქვეყნის გემს ნახავდით. გაჰქონდათ და გაჰქონდათ ქართული მარგანეცი. მაშინ მარგანეცს პირდაპირ გოდრებით ტვირთავდნენ, ამიტომ გემები თვეობით რჩებოდნენ. ძირითადად ინგლისური გემები შემოდიოდნენ, თუმცა იყვნენ ფრანგები, იტალიელები და ბერძნებიც.

"პორტის ახლოს ინგლისელმა მეზღვაურებმა სტადიონი მოაწყვეს და ყოველდღე, როცა თავისუფალი დრო ჰქონდათ, ფეხბურთს თამაშობდნენ. ის სტადიონი მეც კარგად მახსოვს, ისეთი დრენაჟი ჰქონდა, რაც უნდა ეწვიმა, გუბე მაინც არ დარჩებოდა მოედანზე" - ასე იხსენებდა წლების შემდეგ ვეტერანი ფეხბურთელი აკაკი იმნაძე ფოთში ინგლისელების მიერ მოწყობილ პირველ სტადიონს.

ზღვისპირეთიდან ფეხბურთი სწრაფად გავრცელდა და სპორტის ამ ახალი სახეობის ცენტრი დედაქალაქი გახდა. 1906 წელს თბილისში ჩამოყალიბდა "ბურთის ფეხით მოთამაშეთა" პირველი გუნდი. ამ საქმის მოთავე იყო ავსტრიელი ადოლფ ელინზგერი, საზოგადოება "სოკოლის" პრეზიდიუმის წევრი. მანვე თარგმნა ინგლისურიდან ფეხბურთის წესები.

1907 წლის 23 თებერვალს კი შეიქმნა პირველი საფეხბურთო გუნდი საქართველოში, რომელსაც ჰქონდა თავისი წესდება, ფინანსები, ფორმა და მოედანი, რომლის სახელიც იყო "კომეტა". კლუბის წევრები იყვნენ: იზმაილოვი, მაიერი, ადოლფ ელზინგერი, გიგუშა ბარათაშვილი, კონსტანტინე რუსტანბეკოვი, სიხარულიძე და სხვები.

პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი თბილისში 1912 წლის 26 მარტს გაიმართა, თბილისის პლაცაზე "შევარდენმა" ბაქოში მომუშავე ინგლისელთა გუნდს უმასპინძლა. აი, რას წერდა ამ მატჩის შესახებ 1912 წლის 1 აპრილის ნომერში გაზეთი "კავკაზი".

"1912 წლის 23 მარტს თბილისს ინგლისელი ჯენტლმენი, ბატონი ტვიდი ეწვია, ვისაც კლუბ "შევარდენის" მესვეურებთან ერთად მომავალი საფეხბურთო დაპირისპირების საორგანიზაციო საკითხები უნდა მოეგვარებინა.

მასპინძლებმა ბაქოდან ჩასული ბრიტანელი სტუმარი ქალაქის მთავარ მოედანზე, პლაცაზე (ახლანდელი დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), წაიყვანეს, სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს და პაექრობა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მეორე დღეს - 26 მარტს დათქვეს.

ბაქოში მომუშავე ინგლისელები ნელ-ნელა ესტუმრნენ თბილისს. თამაშის დღეს გაწვიმდა და ერთი პირობა, ისტორიული მატჩი კინაღამ გადაიდო, თუმცა შუადღით გამოიდარა და გუნდებიც მოედანზე გავიდნენ" - წერდა გაზეთი "კავკაზი".

გაზეთ "კავკაზის" ცნობით, ინგლისელებმა მუქლურჯ ტრუსებში და თეთრი მაისურებით ითამაშეს, "შევარდენს" კი თეთრ-წითელი ფორმა ეცვა. მსაჯობა ფეხბურთის წესების საუკეთესო მცოდნემ, ბატონმა ტვიდმა ითავა.

თბილისის "შევარდენის" ღირსებას ინგლისელთა წინააღმდეგ იცავდნენ მეკარე ვანო მაჭავარიანი; მცველები ტროშსენკოვი და რუსტანბეკოვი; ნახევარდაცვაში პიშკოვი, საპოჟნიკოვი. თავდამსხმელები იყვნენ: გაგუა, მაიერი, თავადი ბარათოვი (გიგუშა ბარათაშვილი) მიხოვი, კობეტი. ბაქოს ინგლისური კლუბის მეკარე იყო კლეიველი. მცველები მორი და გარდინერი, ნახევარმცველები შერპანტიე, გუნდის კაპიტანი მიჩელი. თავდამსხმელები ბეკერი, ლი, ბრაუნი, ჰინსონი და ფოტერინგტომი.

სანახაობას დაახლოებით 80 ადამიანი დაესწრო. თავდაპირველად "შევარდენი" დაწინაურებულა. პირველი ტაიმი ფრედ - 2:2 დასრულებულა. მეორე ტაიმში კი, როგორც გაზეთი წერს, გამოცდილებამ თავისი გაიტანა და ინგლისელებს 5:4 მოუგიათ.

ერთი ინციდენტიც მომხდარა მატჩის დროს. სტუმართა ნახევარმცველი შერპანტიე თბილისელთა ვიცე-კაპიტანს, თავად ბარათოვს ძლიერ დასჯახებია, რის შემდეგაც ქართველ ფეხბურთელს ფეხი ისე დაუშავდა, რომ მატჩის შემდეგ სიარული ვეღარ შეძლო.

პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი მსაჯს, ინგლისელ ტვიდს 18 საათსა და 15 წუთზე დაუსრულებია. როგორც გაზეთი წერს, მაყურებელს ორივე გუნდი მოედნიდან ტაშით გაუცილებია. "მესამე ტაიმი" კი "შევარდენის" ხელმძღვანელთა ინიციატივით თბილისის ერთ-ერთ რესტორანში გაგრძელებულა და ორივე გუნდის ფეხბურთელებს დილის 4 საათამდე კარგად მოულხენიათ.

აქვე გადაწყვეტილა, რომ მეორე დღეს მატჩი კვლავ გაგრძელდებოდა, თუმცა ტვიდს ბაქოდან დეპეშა მიუღია და გუნდი სასწრაფოდ ბაქოში დაბრუნებულა.

"26 მარტს გამართულ მატჩზე შეუძლებელია არ ვივარაუდოთ, რომ ფეხბურთს თბილისსა და, ზოგადად, კავკასიაში ბრწყინვალე მომავალი აქვს.

ამ თამაშისთვის აუცილებელ კარგ კლიმატურ პირობებს თავი რომ დავანებოთ, ფეხბურთში ყველაფერი თავმოყრილია, რაც ასე იზიდავს ჩვენი მხარის აზარტის მოყვარულ და ფეთქებადი ბუნების ხალხს: სისწრაფე, ამტანობა, მოქნილობა, ერთმანეთის მხარდაჭერა, გონებამახვილობა. მუდმივად იცვლება მომენტები, თამაში მონაწილეებს გარისკვას აიძულებს. ეს ყველაფერი კი ვერავის ტოვებს გულგრილს.

სავარაუდოდ, ეს საინტერესო თამაში ტიფლისელ პუბლიკას ისევე შეუყვარდება, როგორც თავის დროზე ჭიდაობა და ალბათ ახლო მომავალში მათთვის ფეხბურთიც საყვარელი სანახაობა და გასართობი გახდება"- წერდა გაზეთი "კავკაზი".

საუკუნის წინ გაზეთ "კავკაზის" პროგნოზი მართლაც გამართლდა და დღეს საქართველოში ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×