ნატოსა და რუსეთს შორის დაპირისპირების მორიგი ტალღა გორდება - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან ბალტიისპირეთში სამხედრო ბაზების განთავსებას კრემლის მყისიერი რეაქცია უკვე მოჰყვა - რუსეთმა საკუთარი არმია მზადყოფნაში მოიყვანა.
ეს ყველაფერი მივა თუ არა სამხედრო კონფლიქტამდე, უცნობია. ქართველ პოლიტოლოგებს ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებები აქვთ. ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას თქმით, ძალიან მძიმე სიტუაცია ვითარდება და ექსპერტთა ნაწილი სამხედრო კონფრონტაციაზე უკვე აქტიურად საუბრობს.
აღსანიშნავია, რომ 2 დღის წინ ნატომ ბალტიისპირეთსა და პოლონეთში 4 მრავალეროვნული ბატალიონი განალაგა. 4 ახალი ქვედანაყოფი აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსმა რუსეთის შესაკავებლად ჩამოაყალიბა.
პროცესი დღეს გერმანიის სამხედრო კონტინგენტის განლაგებით დასრულდება. ცერემონიას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პირადად დაესწრო. ლიტვაში ნატოს გენერალური მდივანი ლატვიიდან გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღო კანადის კონტინგენტის დახვედრის ცერემონიალში.
ლატვიაში დისლოცირებულ მრავალეროვნულ ბატალიონს კანადა უხელმძღვანელებს. სტოლტენბერგის განცხადებით, 4 ახალი ბატალიონი 4 ათასზე მეტი სამხედროსგან ჩამოყალიბდა და მათი რიცხვის გაზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება.
ამასთან დაკავშირებით რუსეთმა შეშფოთება უმალვე გამოთქვა და ბალტიისპირეთში საკუთარი არმიაც მზადყოფნაში მოიყვანა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, სიტუაცია რუსეთის დასავლეთ საზღვართან ნატოს აქტივობის გამო გართულებულია.
"სიტუაციას, რომელიც ახლა ჩვენს საზღვართან არის, თან ახლავს გართულების ტენდენცია. ეს დაკავშირებულია აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს აქტივობასთან. ალიანსი ბალტიის ქვეყნებში თავის წარმომადგენლობას ზრდის. ახორციელებს მათი სამხედრო აპარატების, აეროდრომების და სხვა სამხედრო ობიექტების ინფრასტრუქტურის სრულყოფას", - განაცხადა სერგეი შოიგუმ.
მისივე თქმით, რუსეთს ნატოს გააქტიურების გამო დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებით სამხედრო შემადგენლობა სრულყოფაში მოჰყავს. მინისტრის თქმით, პოლიტიკური, საინფორმაციო და ეკონომიკური წნეხის პარალელურად, ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს, სამხედრო ძალა გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
"ჩვენი დასავლელი კოლეგების ამ ქმედებებს მსოფლიოში უსაფრთხოების სისტემის ნგრევამდე მივყავართ. ეს ყველაფერი ზრდის ერთმანეთისადმი უნდობლობის ხარისხს და იძულებულს გვხდის, საპასუხო რეაგირება მოვახდინოთ, პირველ რიგში, დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებით, სრულყოფაში მოგვყავს ჯარების საბრძოლო შემადგენლობა და მათი ბაზირების სისტემა", - განაცხადა შოიგუმ.
მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისათვის რუსეთის დასავლეთით 30-ზე მეტ ბატალიონსა და დანაყოფში სწრაფი სამხედრო რეაგირებისთვის სრული მზადყოფნაა.
ამასთან, რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ნატოს ავიაგამანადგურებელმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თვითმფრინავის ბორტთან მიახლოება სცადა ბალტიისპირეთის ნეიტრალური წყლების ცაზე, მაგრამ მას გზა რუსულმა "სუ-27"-მა გადაუჭრა.
ამერიკულმა გამანადგურებლებმა შოიგუს თვითმფრინავის თანხლება სცადეს, რომელიც რუსეთის კალინინგრადის ოლქში საზღვაო ავიაციის ავიაგამანადგურებლების ესკორტით მიფრინავდა.
ეს ყველაფერი მივა თუ არა სამხედრო კონფლიქტამდე, უცნობია. ქართველ პოლიტოლოგებს ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებები აქვთ. ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას თქმით, ძალიან ცუდი სიტუაცია ვითარდება და ექსპერტთა ნაწილი სამხედრო კონფრონტაციაზე უკვე აქტიურად საუბრობს.
"დაპირისპირებამ არამარტო ბალტიისპირეთის აკვატორიაში, არამედ უკვე აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლა. სერიოზულად საუბრობენ სამხედრო კონფრონტაციაზე. ამერიკელებმა ჩამოაგდეს სირიული ბომბდამშენი "სუ-22", ასევე, ირანული უპილოტი თვითმფრინავი.
"ბალტიისპირეთში, კერძოდ ლიტვაში, ჩატარდა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომელშიც ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ძალები მონაწილეობდნენ - ამან გამოიწვია რუსეთის საშინელი რეაქცია.
"ამიტომ რუსეთი აპირებს, სირიაში ჩაატაროს 20-ათასკაციანი სამხედრო წვრთა "დასავლეთის ფარი", რომელშიც რუსეთის სამხედრო ძალების გარდა, ბელარუსის ძალებიც მიიღებენ მონაწილეობას. ანუ, პრაქტიკულად, რუსეთი აფართოებს და ნატოს უპირისპირებს არა უშუალოდ სამხედრო არმიას, არამედ ამას ალიანსური დაპირისპირების ფორმას აძლევს.
"თანაც რუსულმა სტრატეგიულმა გამანადგურებელმა ამერიკის სადაზვერვო თვითმფრინავი "დაიჭირა" და გააძევა ბალტიისპირეთის სივრციდან. ასეთი ტენდენცია საკმაოდ გახშირდა, ინტენსიური ხასიათი მიიღო, რაც ძალიან ცუდია", - გვითხრა მაისაიამ.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით კი, რუსეთი ნატოსთან სამხედრო დაპირისპირებას ვერ გაბედავს და ეს ყველაფერი მხოლოდ ძალის დემონსტრირებაა.
"რუსეთის გაღიზიანება და მკვეთრი განცხადებები სიახლე არ არის. მაგრამ როდესაც ბალტიის ქვეყნები უკვე ნატოს წევრნი არიან, მოსალოდნელი აღარ არის პირდაპირი სამხედრო აგრესია.
"იქნება რბილი ძალა, პროვოკაციები, მაგრამ რაც შეეხება სამხედრო აგრესიას, ეს არ არის მოსალოდნელი, იმიტომ, რომ ნატოს წევრობა მათ ნებისმიერ შემთხვევაში იცავს. დღეს რუსეთი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესიას მიმართოს.
"სხვადასხვა პროვოკაცია, სირთულეები, ეკონომიკური ზემოქმედება იქნება რბილი ძალის გამოყენებით, თუმცა ბალტიელები ამისთვის მზად არიან.
"რუსეთმა კალინინგრადის ოლქში "ისკანდერი" კი დააყენა, მაგრამ ეს ჯერჯერობით დემონსტრაციაა, პირდაპირი აგრესია, არა მგონია, განხორციელდეს. არ მჯერა, რომ რუსეთი ნატოს წევრი რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ ჯარს შეიყვანს", - გვითხრა ცინცაძემ.