რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბალტიის საჰაერო სივრცეში ნატოს ავიაგამანადგურებელმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის - სერგეი შოიგუს თვითმფრინავთან მიახლოება სცადა, პენტაგონი პასუხობს და აცხადებს, რომ რუსულმა "სუ 27"-მა აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავ "RC-135"-ის ქვეშ სახიფათო მანევრირება მოახდინა.
შემთხვევის ამსახველი კადრები რუსულ მედიაშივე გავრცელდა, რომელიც ბორტიდან არის გადაღებული და კადრებში ნატოს ავიაგამანადგურებელთან ერთად რუსული "სუ-27"-იც ჩანს, რომელიც თვითმფრინავებს შორის დგება.
"ბი ბი სის" ინფორმაციით, ინციდენტს გამოეხმაურა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაც. ნატოს განცხადებით, მათ მოგვიანებით მიაგნეს რუსულ თვითმფრინავებს, მაგრამ მათი ამოცნობა ვერ მოახერხეს. მათი ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავის ვიზუალურ იდენტიფიცირებას ახდენდა და სტანდარტულ დისტანციაზე მიფრინავდა. ნატოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ქმედება იყო რუტინული და "ა-16"-ს არ დაურღვევია უსაფრთხო დისტანცია.
პენტაგონი კი ინციდენტს განიხილავს, როგორც "ჩარევას" და "რუსული მფრინავის" ცუდ კონტროლს. ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ უფრო ადრე რუსულმა მფრინავმა 1,5 მეტრის მანძილზე ჩაუფრინა მათ აგენტ თვითმფრინავს. აშშ-მა საფრთხის შემცველ უცაბედ შეხვედრაში რუსეთი დაადანაშაულა.
ოფიციალური ვაშინგტონის ბრალდებას უპასუხა მოსკოვმა და განაცხადა, რომ ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავმა "პროვოკაციული" ნაბიჯი გადადგა.
პოლონეთის საჰაერო ძალების ოპერატიული სარდლობის განმარტებით, ამ ოპერაციაში მონაწილეობდნენ პოლონელი მფრინავები და მათი ქმედება დადგენილ პროცედურებს შეესაბამებოდა.
"21 ივნისს კომბინირებული ოპერაციების ცენტრმა განგაში გამოაცხადა მორიგე პოლონური "ა-16"-ისთვის, რომელიც მისიას ასრულებდა ბალტიის ზღვის თავზე საჰაერო პატრულირების ფარგლებში. მათ გამოავლინეს სამი სამიზნე, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის.
პირველი იყო შეიარაღებელი "ტუ-154", დანარჩენი ორი კი "სუ-27", შეიარაღებული საჰაერო ტიპის რაკეტებით. აღნიშნული ქმედება ნატოს მიერ დადგენილი პროცედურების თანახმად განხორციელდა", - ნათქვამია პოლონეთის საჰაერო ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.
როგორც ბრიტანული "ბი ბი სი" იუწყება, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში ათობით მსგავსი ინციდენტი გამოვლინდა - ნატო და რუსეთი ერთმანეთს აგრესიულ სვლაში ადანაშაულებენ.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ "რუსეთის მოქმედებები ატარებს პროვოკაციულ ხასიათს". "თითქოს რუსეთი ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ მას არ ეშინია ნატოს სამხედრო გაფართოების.
"ასეთ ვითარებაში, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი პროვოკაციები გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს. რუსეთი შეშფოთებულია იმით, რომ ნატო აფართოებს თავის სამხედრო კონტინგენტს ბალტიისპირეთში ისევე, როგორც პოლონეთში და ცდილობს, საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინოს.
"მეორე მხრივ, რუსეთი აცხადებს, რომ ნატოს ავიაგამანადგურებელი რუსეთის თვითმფრინავს მიუახლოვდა, მას რუსეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია. ეს კი პოლონეთის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ნატოს ძალები პოლონეთის ხელისუფლების ნებართვის საფუძველზე იმყოფებიან", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.