ია აბულაშვილი
23.06.2017

 ქართული ფეხბურთის ისტორიაში ბორის პაიჭაძის სახელი ოქროს ასოებით რომ არის ჩაწერილი, ამის შეხსენება ჩვენს მკითხველს არ სჭირდება, ამიტომ დღევანდელ სტატიაში რამდენიმე საინტერესო ამბავს გავიხსენებთ ლეგენდარული ფეხბურთელის სპორტული ცხოვრებიდან.

ბორის პაიჭაძემ - გასული საუკუნის 30-იანი წლების საუკეთესო ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც 1945 წელს რუმინულმა პრესამ "ფეხბურთის კარუზო" უწოდა, ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დაიწყო ფოთის ნავსადგურში თანატოლ ბიჭებთან ერთად.

16 წლის იყო, სერიოზულად რომ მოჰკიდა ხელი ამ საქმეს, თბილისის "დინამოში" მიწვევის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე "დინამოს" მაისური აღარ გაუხდია.

"შვიდი წლის ვიყავი. იმ დროს ფეხბურთი ფოთში ძალიან პოპულარული იყო და ბიჭები თამაშს არ ვაცდენდით. მე და ჩემი თანატოლები თითქმის ყოველდღე ვთამაშობდით. 14 წლის ვიყავი, პირველად თბილისში რომ ჩამოვედი, პიონერთა რესპულიკურ ჩემპიონატში უნდა გვეთამაშა.

16 წლის უკვე ფოთის ნაკრებში ვირიცხებოდი, მაგრამ პატარაობიდანვე შორეულ მოგზაურობაზე და ნაოსნობაზე ვოცნებობდი. 1933 წელს ფოთის საზღვაო ტექნიკუმი რომ დავამთავრე, რამდენიმე დღეში ფოთის პირველობაზე ვითამაშე გემთმშენებელი ქარხნის გუნდში.

თამაშის შემდეგ სამუშაოდ ტუაფსეში გავემგზავრე და მოტორისტად მოვეწყვე გემ "ტენდერზე". ხუთი თვის შემდეგ, როგორც საუკეთესო, საოკეანო გემ "მეტალისტზე" გადამიყვანეს" - ასე იწყებს თავისი სპორტული კარიერის ისტორიას ჟურნალისტ ლაშა გოდუაძესთან ინტერვიუში ლეგენდარული ფეხბურთელი ბორის პაიჭაძე.

რამ განაპირობა არჩევანი მეზღვაურის კარიერასა და ფეხბურთს შორის, ბორის პაიჭაძე ამ ამბავს ასე იხსენებს: "მალე ერთკვირიანი შვებულება მომცეს. მითხრეს, გემი ბათუმში დაიტვირთება და შემდეგ ლონდონისკენ წავა. შინ წადი და მერე ბათუმში შემოგვიერთდიო.

ვფიქრობდი, ოცნება მალე ამიხდებოდა და უცხოეთის ქვეყნებს ვნახავდი, მაგრამ დედაჩემისგან დეპეშა მივიღე - სასწრაფოდ ჩამოდი, მამას სულზე თუ მოუსწრებო.

პირველივე ორთქმავალს გავყევი. ფოთში შუაღამისას ჩავედი. კარზე დავაკაკუნე, დედაჩემი გამომეხმიანა. რომ დამინახა, ყვირილი ატეხა, კაცო, ადექი, ბიჭი ჩამოსულაო. მამაც სიხარულისგან გადამეხვია. ყველა ცოცხალი რომ დამხვდა, ვუსაყვედურე, ეს რა ხმურობა იყო მეთქი.

დეპეშის ამბავი მეორე დღეს გავიგე. თურმე ბათუმელების და ფოთის ნაკრებთა მატჩი საქართველოს პირველობაზე ფრედ - 1:1 დასრულებულა. ბათუმელებს შედეგი გაუპროტესტებიათ და გადათამაშება ნეიტრალურ მოედანზე, თბილისში დაუნიშნავთ. მეგობრებს უფიქრიათ, ბორისის გარეშე ვერაფერს გავხდებითო და დეპეშა ამიტომ მომწერეს.

ძალიან გაბრაზებული ვიყავი, არც დარჩენას ვაპირებდი, მაგრამ დედაჩემის თხოვნამ გაჭრა, თბილისში ლენინის სახელობის სტადიონზე ვითამაშეთ - 2:1 მოვიგეთ. ორივე გოლი მე გავიტანე. იმ შეხვედრის შემდეგ თბილისში გადასული ფოთელი ბიჭების ალყაში მოვექეცი" - ასე იხსენებდა ბორის პაიჭაძე დეპეშის ამბავს, რომელმაც მისი ბედი ფეხბურთს დაუკავშირა.

დეპეშის ავტორი მისი სიყრმის მეგობარი აკაკი იმნაძე ყოფილა, მაშინვე ვერ გაუბედავს და მხოლოდ 50 წლის შემდეგ გაუმხილა მეგობარს ახალგაზრდობაში ჩადენილი "ცოდვა".

"1936 წელს თბილისის "დინამოში" მოვხვდი. დიდებული ფეხბურთელები დამხვდნენ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე, გრიგოლ გაგუა, მიხეილ ბერძენიშვილი, მიხეილ ასლამაზოვი, ნიკოლაი სომოვი, ედუარდ ნიკოლაიშვილი. იმ დროს ჩვენს ლექსიკონში სიტყვები "წაგება," "დავიღალე" და "აღარ შემიძლია" არ არსებობდა.

რაც დრო გადიოდა, "დინამოელები" სულ უფრო და უფრო პოპულარულები ვხდებოდით. ისეთ მატჩებს, როგორებიც "დინამოს" და ბასკების ნაკრების დაპირისპირება იყო, არავინ ივიწყებს, ასეთი შეხვედრები იმთავითვე ისტორის კუთვნილება ხდება.

ბასკები შესანიშნავი ბიჭები იყვნენ, ნამდვილი მებრძოლები. ახლაც თვალწინ მიდგას ისიდორ ლანგარის სახე და ყურში ჩამესმის მისი სიტყვები, ფუნიკულიორის პლატოზე რომ მითხრა: თბილისი ძალიან ჰგავს ჩვენს ბილბაოსო.

ქართული სპორტის უდიდესი მიღწევა იყო 1936 წელი, როდესაც დაუმარცხებლად მოვიპოვეთ საბჭოთა ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება. ასევე, ზედიზედ ორჯერ საკავშირო თასის ფინალში გასვლა და, რა თქმა უნდა, თბილისის "დინამოს" მიერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობის ორჯერ მოპოვება. ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში ტრიუმფი" - ასე იხსენებდა ლეგნდარული ბორის პაიჭაძე ქართული ფეხბურთის "ოქროს ხანას".

რატომ დაიჭირა ბერიამ ბორის პაიჭაძე

"ლავრენტი ბერია შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან არსებული სპორტის საზოგადოება "დინამოს" დიდი ქომაგი იყო და თითქმის ყველა შეჯიბრებას სხვადასხვა სახეობაში ხშირად ესწრებოდა. განსაკუთრებით უყვარდა ფეხბურთი, რადგან ახალგაზრდობაში თავადაც კარგად თამაშობდა.

სწორედ მისი თაოსნობით შეიქმნა თბილისის "დინამოს" საფეხბურთო კლუბი, არც ერთ თამაშს არ აცდენდა. მოსკოვში რომ გადაიყვანეს, დინამოელებს ძველებურად ედგა მხარში. ყველა ფეხბურთელს პირადად იცნობდა, განსაკუთრებით უყვარდა ბორის პაიჭაძე, რომელსაც ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევდა" - იხსენებს სპორტის მიმომხილველი ნიკა ლაშაური.

მისი თქმით, ბერიას მსგავსად ფეხბურთის დიდი ქომაგი ყოფილა სტალინის ვაჟი ვასილ ჯუღაშვილი. ის მოსკოვის "ცეესკას" გულშემატკივრობდა. როცა თბილისის "დინამო" და მოსკოვის "ცეესკა" ერთმანეთს ხვდებოდნენ, ბერია და ვასილი სამთავრობო ლოჟიდან ერთად ადევნებდნენ თვალს საყვარელი გუნდების თამაშს.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს, რომელიც მოსკოვის სტადიონზე 40-იანი წლების დასაწყისში გაიმართა, მატჩის დაწყების წინ ვასილ ჯუღაშვილს ბერიასთვის უთქვამს, დღეს ჩემი ბიჭები შენს ბიჭებს პირწმინდად დაამარცხებენო მაგრამ მოხდა საპირისპირო, თბილისის "დინამომ" პირწმინდად მოუგო დაუმარცხებელ არმიელებს.

ბორის პაიჭაძემ კი ვასილის "რჩეულ ბიჭებს" მასტერკლასი ჩაუტარა. ამის შემყურე "ცეესკას" გულშემატკივარი ფეხზე დამდგარი ტაშს უკრავდა და "პაიჭაძე, პაიჭაძეს" ყვიროდა. მაშინ უთქვამს ვასილ ჯუღაშვილს ბერიასთვის "პაიჭაძე ვირტუოზია და სასურველია, "ცეესკაში" თამაშობდესო.

ბერიას ცუდად ენიშნა ეს ნათქვამი, იცოდა, რომ ბელადის ვაჟი თვალს ვისაც დაადგამდა, ყველა "ცეესკაში" გადაჰყავდა. გასახდელში ფეხბურთელების მისალოცად მისულ ბერიას გაუფრთხილებია პაიჭაძე, "ცეესკაში" არ გადახვიდეო, თავისი მოადგილისთვის კი უბრძანებია, პაიჭაძისთვის თვალყური ედევნებინა და ვასილისგან დაეცვა.

ორი თვის შემდეგ "ენკავედეს" შეფს მისი მოადგილე სერგო გოგლიძე ატყობინებს, რომ ვასილ ჯუღაშვილიი ინკოგნიტოდ აპირებს თბილისში გამგზავრებას. ბერიაც სასწრაფოდ გაფრინდა თბილისში. თან მოადგილეს უთხრა, თბილისში დაერეკა და შინაგან საქმეთა კომისრისთვის ბორის პაიჭაძის დაკავება დაევალებინა. "თავის კაბინეტში ჰყავდეს, ცივი ნიავი არ მიაკაროს, ჩემს ჩამოსვლას დაელოდოს" - გაუცია ბრძანება ბერიას.

თბილისში ჩასულ ვასილსა და ორ გენერალს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრისთვის დაურეკავთ და ფეხბურთელის სასწრაფოდ მონახვა უბრძანებიათ. ამ დროს კომისრის კაბინეტში უკვე იყო ბერია, ყურმილი გამოურთმევია და უთქვამს "პაიჭაძე არ იყიდება".

შემდეგ კაბინეტში ტყავის ბურთი მოატანინა, ლეგენდარულ ფეხბურთელს ავტოგრაფი სთხოვა და უთხრა, ამ ძვირფას საჩუქარს ჩემს კაბინეტში შევინახავო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×