"ისედაც გართულებული ურთიერთობა, შესაძლოა, ამან კიდევ უფრო გაართულოს"
ნინო ქეთელაური
23.06.2017

 დიდი ოცეულის ფარგლებში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, სავარაუდოდ, არ შედგება. როგორც თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილე ლინდსი უოლტერსი აცხადებს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შეუძლია. რუსეთში კი აცხადებენ, რომ მათი მხრიდან არანაირი შეხვედრა არ იგეგმება.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარში პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმაც აღნიშნა, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის მომზადება არ მიმდინარეობს, ვინაიდან არ არსებობს კონკრეტული შეთანხმება დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრაზე.

"ამ დროისთვის შეხვედრისთვის მზადება არ ხდება. 7 ივლისისთვის არაფერია დაგეგმილი", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მერე ინტენსიურად მიმდინარეობდა. ჯერ კიდევ რექს ტილერსონის მოსკოვში ვიზიტისას აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტებს შორის შესაძლო შეხვედრის საკითხებზეც უნდა ყოფილიყო საუბარი. თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებმა და აშშ-რუსეთს შორის გართულებულმა ურთერთობამ ამ შეხვედრის თარიღი გაურკვეველი ვადით გადაწია.

ანალიტიკოსი, "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი აცხადებს, რომ, როგორც წესი, შეხვედრის გადადება მხოლოდ ორ შემთხვევაში ხდება, როდესაც საქმე ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება ან ქვეყნებს შორის ურთიერთობის მკვეთრ გაუარესებას. ამათგან კი პირველი თავშივე გამოირიცხება.

"ზოგადად, როდესაც ამა თუ იმ მაღალი დონის შეხვედრის გადადება ხდება, ამის მიზეზი შეიძლება იყოს: ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება ან პოლიტიკური დაძაბულობა. ასეთი შეხვედრების მომზადება თვეების განმავლოაბაში მიმდინარეობს და მისი გადადება იმ კრიზისის მანიშნებელია, რაც რუსეთის ირგვლივ ხდება", - ამბობს ირაკლი კიკიანი და აღნიშნავს, რომ სამომავლო შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტი თავს ვერანაირად ვერ აარიდებს, რადგან ეს აუცილებელია.

"ყველაფრის მიუხედავად, სავარაუდოდ, ეს შეხვედრა მაინც შედგება. იმიტომ, რომ არსებობს საერთაშორისო ურთიერთობის ორი განსხვავებული ფორმატი: ერთი, რომელიც დიპლომატიურია და მეორე, უკვე ომის ენაზე საუბარი, რაც უკიდურესი ფორმაა.

"ბუნებრივია, დასავლეთი ყველანაირად ეცდება, ბოლომდე გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება და მშვიდობიანი გზით მოგვარდეს ის კრიზისი, რაც რუსეთის ირგვლივ წარმოიქმნა", - აცხადებს ირაკლი კიკიანი.

კითხვაზე, რუსეთი იძულებით, დათმობის გზით მოლაპარაკებაზე რამდენად წამსვლელია? - ანალიტიკოსი პასუხობს, რომ მოსკოვს სხვა გზა არ დარჩება.

"საქმე ისაა, რომ დათმობაზე წასვლა სწორედ რომ რუსეთის მხრიდან უნდა მოხდეს, რადგან ის არღვევს ყოველგვარ საერთაშორისო შეთანხმებას თუ ნორმებს და ცალმხრივად ცდილობს, მთელ ცივილურ სამყაროს თავისი "წესრიგი" მოახვიოს. ეს წესრიგი კი არის ველური მოქმედებები.

"აქედან გამომდინარე, დასავლეთის მოლოდინი არის ერთადერთი, რომ რუსეთი უნდა წავიდეს დათმობაზე და აღიაროს საერთაშორისო ნორმები, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს როგორც ადამიანის, ისე სახელმწიფოებრივი უფლებების და სუვერენიტეტის აღიარებას.

"ამიტომ მოლაპარაკებისთვის კომპრომისზე წასვლა მხოლოდ რუსეთის მხრიდანაა საჭირო. ამდენი ომებისა და პრობლემების შემდეგ კი მას მეტი გზა არ დარჩება. სხვანაირად ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუძლებს ვერც რუსეთის ეკონომიკა და ვერც დიპლომატია", - ამბობს ირაკლი კიკიანი.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია გაცილებით უფრო ხისტი პოზიციით გამოირჩევა რუსეთის მიმართ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეს შეხვედრა არ შედგება.

"დიდი ოცეულის ფარგლებში აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები სისტემატურად ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს. მათ შორის, ობამას ადმინისტრაციის პირობებში. მაშინაც კი, როდესაც რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა, მათ შორის რამდენჯერმე შედგა შეხვედრა, სადაც სხვადასხვა პრობლემურ თემებთან ერთად, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების საკითხებიც განიხილეს. როგორც ჩანს, ტრამპის დღევანდელ ადმინისტრაციას უფრო ხისტი პოზიცია უკავია რუსეთის მიმართ, რაც გამოიხატება სირიის კონფლიქტში, ისევე როგორც სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედებაში რუსეთის მიმართ.

"ამას ემატება ისიც, რომ აშშ შესაბამის ენერგეტიკულ პოლიტიკას ახორციელებს და ცდილობს, გააუქმოს ის შეზღუდვები, რაც აშშ-ში ნავთობის მოპოვებას ეხება. ეს გაუადვილებს ამერიკულ კომპანიებს ნავთობის მოპოვებას და ხელს შეუწყობს ნავთობის ფასების ვარდნის ტენდენციას, რაც თავისთავად რუსეთს ასუსტებს.

"ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ტრამპი იძულებულია, ანგარიში გაუწიოს კონგრესმენების პოზიციას, რადგან, მოგეხსენებათ, წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში უმრავლესობას ფლობენ რესპუბლიკელები, რომლებიც რუსეთის მიმართ უფრო ხისტი პოზიციით გამოირჩევიან.

"შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ დიდი ოცეულის ფარგლებში შეხვედრა არ შედგება", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ამან აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაართულოს.

"მე ვფიქრობ, ისედაც გართულებული ურთიერთობა, შესაძლოა, ამან კიდევ უფრო გაართულოს, თუმცა ამერიკის მხარემ რუსეთთან გარკვეულწილად უკვე სცადა პოზიციის დაახლოება. ვიცით ისიც, რომ დაახლოებით 1-საათიანი სატელეფონიო საუბარი შედგა ტრამპსა და პუტინს შორის, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთი არ აპირებს კომპრომისზე წასვლას.

"თუმცა ეს დროებითი მოვლენაა. რას გააკეთებს რუსეთი, როდესაც მისი სავალუტო რეზერვები ამოიწურება?! ამით აშშ ეუბნება რუსეთს, რომ თუ ის იქნება კონსტრუქციული, შესაძლოა, ეს შეხვედრა შედგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შედგება", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×