"ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ თხოვნა, არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ. დიდუბე არ მიყვარს. რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები! ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება! იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას", - ეს სესილია თაყაიშვილის ანდერძია, რომელიც დედის სურათის უკან შეუნახავს, სიცოცხლეში როცა მოენატრებოდა, წერილებს რომ წერდა.
ცნობდნენ ბაზარში, მაღაზიაში, ქუჩაში, სურათის გადაღება არ უყვარდა, კორესპონდენტებს სულ იგერიებდა. ოფიციალურ თავყრილობებზე სიტყვით არასდროს გამოსულა. არც ერთი პრეზიდიუმისა და კოლეგიის წევრი არ ყოფილა. იყო თავმდაბალი, გულწრფელი, პირდაპირი და იუმორით სავსე - ასე იხსენებენ მეგობრები და თაყვანისმცემლები ლეგენდარულ სესილიას, მსახიობს, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ თეატრსა და კინოში.
"1976 წლის ზაფხულში სესილია თაყაიშვილს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტიდან დაურეკეს - თქვენი იუბილე ახლოვდება და საზეიმო საღამოს ვამზადებთ, თუ შეიძლება, მობრძანდითო. სესილიას მოუცლელობა მოუმიზეზებია, მაგრამ ჩინოვნიკი თავის პოზიციაზე დგას. გაბრაზებულა სესილია და ისეთი ქოქოლა დაუყრია, ყველაფერი უთხრა, რასაც კომუნისტებზე ფიქრობდა", - იხსენებს ხელოვნებათმცოდნე გოგი გვახარია.
53 წლის იყო სესილია თაყაიშვილი, ოლღა ბებიას როლი რომ ითამაშა. მისი გმირი ბუნებრივი რომ ყოფილიყო, საღი კბილები ამოიღო. ამ ამბავს გიგა ლორთქიფანიძე ასე იხსენებს:
"სესილიამ კბილები ამოიღო და ჩავარდნილი ზედა ტუჩის გამო ისე ჩლიფინებდა, რომ მართლაც 80 წლის ბებია გეგონებოდა. თბილისში ჩამოსული იყო ფრანგი რეჟისორი ჟან დონმარტი, რომელიც ერთ დროს პარიზის თეატრების გაერთიანებული დირექტორი იყო. მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის - "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ნახვის შემდეგ ატირებული და აღტაცებული მოვიდა ჩემთან და მითხრა - ის ბებია გამაცანითო.
დავუძახეთ სესილიას. მაშინ 53 წლის იყო, მხნე, ენერგიული. გააღო კარი და შემოვიდა. გრიმი უკვე მოშორებული ჰქონდა. ისე გამოიყურებოდა, ბებიას სულაც არ ჰგავდა. ჟანმა იფიქრა, რომ ჩვენ სწორად ვერ გავიგეთ, რა ითხოვა - არა, არა, მე ბებიას გაცნობა მინდოდაო. როდესაც ავუხსენით, რომ მის წინ სწორედ ის ქალი იდგა, ვისი ნახვაც სურდა, მუხლი მოიდრიკა და სესილიას ხელზე ეამბორა. მაშინ წარმოთქვა ის სიტყვებიც, რომელიც სამუდამოდ დარჩა - ეს თქვენი ბებია არ არის, ეს ბებიაჩემია, რომელიც პროვანსაში ცხოვრობსო.
"ვიღებთ სცენას - სკოლიდან მოვდივართ, ზურიკომ ღელე გადაირბინა, ბებია ვერ გადავა. რეჟისორმა მითხრა, შენ უნდა დაბრუნდე უკან, აიყვანო ხელში ბებია და გადმოიყვანოო. 14 წლის ვიყავი. როგორია, პატარა ბიჭმა ხელში აიყვანოს ამხელა ქალი და გადმოიყვანოს. ვფიქრობდი, ახლა რომ ხელში ავიყვანო და გადმოსვლისას წყალში ჩამივარდეს, მერე რა ვქნა მეთქი.
გადავედი, მოვკიდე ხელი სესილიას, მეგონა, მძიმე იქნებოდა, მაგრამ მსუბუქი მომეჩვენა და გადმოვიყვანე. 12 დუბლი გადაიღეს, არაქათი გამომეცალა. სესილია მიხვდა, რომ აღარ შემეძლო და კისერზე მებღაუჭებოდა, მართლა არ ჩამომაგდოსო", - იხსენებდა ზურიკელას როლის შემსრულებელი სერგო ორჯონიკიძე, რომელსაც სესილია სიცოცხლის ბოლომდე ზურიკელას ეძახდა.
სახლში რომ ურეკავდა, მის მეუღლეს, მერის როლის შემსრულებელ მანანა აბაზაძეს, ეუბნებოდა - სად არის ჩემი დურაქი შვილიშვილი, დამალაპარაკეო.
ელდარ შენგელაია: "ცისფერი მთების" სცენარზე მუშაობა რომ დავასრულეთ, ბუღალტრის როლზე ქალბატონი სესილია მყავდა წარმოდგენილი და სცენარით ხელში მივადექი შინ.
- დეიდა სესილია, აი სცენარი, მგონი, ძალიან საინტერესო როლია თქვენთვის, მინდა, გაეცნოთ და...
- ყველაფერი დამთავრდა, არავითარ ფილმში აღარ ვითამაშებ, გაიგეთ, არ შემიძლია.
ცოტა ვიეშმაკე და ვუთხარი:
- იქნებ სცენარი წაიკითხოთ და თქვენი აზრი მითხრათ მეთქი.
- რომელი რედაქტორი მე ვარ, მეტი საქმე არა მაქვს, ვიჯდე და შენი უნიჭო სცენარი ვიკითხოო, - მომახალა.
ფარხმალი არ დავყარე, როგორც იქნა, დავითანხმე და მეორე დღეს დავურეკე:
- ქალბატონო სესილია, კითხვა ხომ არ დაგიწყიათ?
- წავიკითხე. მოდი და რაღაცას გეტყვი.
იმწამსვე გავიქეცი, კარი თავად გამიღო და რას ვხედავ - საგანგებოდ არის ჩაცმული, სწორედ ისე, როგორც ფილმშია, ხალათი, ჩუსტები, ვარცხნილობაც კი სხვანაირი აქვს. ხელში რაღაც ქაღალდები უჭირავს.
- აი, შენი გმირი ასეთი უნდა იყოს, - მითხრა.
- დეიდა სესილია, აგერ არ ხარ? - შევაპარე.
- არა, არა, მე არ შემიძლია, ყველაფერი მტკივა, მე უკვე იმ ასაკის ვარ...
- ეს ქალიც ამ ასაკისაა, ამ ქალსაც ყველაფერი სტკივა და თანაც აქანავებს - ვუთხარი.
- მეც მაქანავებს - შემომჩივლა.
ბოლოს და ბოლოს დავითანხმე:
- კარგი, მაგრამ იჩქარე, იცოდე, რაც შეიძლება იჩქარე.
გადაღებებზე საავადმყოფოდან მოგვყავდა. მის ეპიზოდს ნახევარ საათში ვიღებდით და უკან ვაბრუნებდით მანქანით. გადაღებაზე ექიმიც თან მოჰყვებოდა. ფილმის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა".
ელდარ შენგელაია ერთ ამბავსაც იხსენებს: "სესილია თემიკო ჩირგაძეზე გაბრაზებული იყო და ამხანაგთან ერთად ბოდიშის მოსახდელად მივიდა სესილიასთან სახლში. სესილიას კარები რომ გაუღია, ხედავს, თემიკო და მისი მეგობარი ყვავილებით ხელში მუხლისჩოქებზე დგანან. - არ გაინძრეთ, ახლავე მოვალო. წასულა, მთელი ეზო მოუყრია და ეუბნება - ნახეთ, როგორც ვუყვარვარ კაცებსო".
ნანა ჯანელიძე: "ნატვრის ხეს" იღებენ. უცებ თენგიზ აბულაძემ დაიძახა "მზად არის". ასისტენტებმა დასტაცეს ხელი სესილიას და ჩასვეს ტალახში. ატყდა სიცილი, სესილია ხმას არ იღებს და ტალახში ხელებს ასავსავებს. ისე შეუსრულებია ეს სცენა, რომ ერთი დუბლის მეტი არ დასჭირვებია რეჟისორს. ხელები ისე დიდხანს ჰქონდა ტალახში, რომ შემდეგ საშინელი ალერგია დაეწყო და მთელი წელი მკურნალობდა, ინფექცია შეეჭრა".
სესილია თაყაიშვილი ბარნოვის #124-ში ცხოვრობდა. მისი მეზობლები იყვნენ ცნობილი კინომსახიობი ლიანა ასათიანი და მისი მეუღლე, ცნობილი კომპოზიტორი გუგული თორაძე. ლიანა ბინის გადაცვლას აპირებს, ამ დროს გუგული თორაძე საქართველოში არ იყო. მოხდა ისე, რომ ლიანამ ბინა მალე გადაცვალა და მეუღლისთვის შეტყობინება ვერ მოასწრო. ჩამოვიდა გუგული თორაძე, ტაქსით მოვიდა შინ. გადმოდგა ფანჯარაში სესილია და ხმამალა უყვირის:
- არ გადმოხვიდე, გუგული, აღარ ცხოვრობ აქო.
- რა გინდა, სესილია, რას მერჩი, - გაოგნებული ეკითხება გუგული თორაძე.
- არაფერს გერჩი, მართლა აღარ ცხოვრობ აქო! - არ იშლის სესილია.
ამ დროს სხვა მეზობელი გამოჩნდა ეზოში. ახლა იმას ეკითხება გუგული:
- მითხარი , რა ხდება ჩემს თავსო.
- ლიანამ ბინა გაცვალაო, - უთხრეს.
ეს სიუჟეტი შემდეგ რეზო თაბუკაშვილმა თავის ფილმში გამოიყენა - "მზე შემოდგომისა".
ახალი ფილმი როგორც გამოჩნდებოდა კინოთეატრ "ყაზბეგში", სესილია მეზობლებთან ერთად მიდიოდა ფილმის სანახავად. მანამდე დარეკავდა და ეუბნებოდა ადმინისტრატორს:
- მოვდივართ ბარნოვის 124-ელები, ხუთი წუთი გვაგვიანდება და დაგველოდეთ, არ დაიწყოთო.
ხუთი კი არა, ხან ნახევარი საათი ელოდნენ.