მეთვრამეტე საუკუნის 50-იანი წლების რუსეთის საიმპერატორო კარმა ქართლ-კახეთის სამეფოს და მთლიანად საქართველოს ულმობელი ვერდიქტი გამოუტანა - კავკასიაში არსებული სახელმწიფოების პოლიტიკური დამოუკიდებლობა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩაბარდეს. ეს პოსტულატი რუსეთის იმპერიული იდეოლოგიის ფონზე ყალიბდება და განსაკუთრებულად ნაყოფიერად ოციოდე წლის შემდეგ იწყებს მოქმედებას.
ეს იმ დროს ხდება, რუსეთი პეტრე პირველის მმართველობისას განხორციელებული რეფორმების ინერციით რომ არსებობს და სრულიადაც არაა მსოფლიო პოლიტიკის უძლიერესი მოთამაშე. ჯერ კიდევ არ შემოტრიალებულა რუსეთის საგარეო პოლიტიკური ვექტორი 180 გრადუსით, ჯერ კიდევ ჩრდილოეთის ზღვაზე გასასვლელის ათვისებაა დღის წესრიგში.
თუმცა ამის პარალელურად არსებობს რუსეთის მარადიული მიზანი - მსოფლიოს ბატონობა, რაც, უპირველესად, იმ სრუტეების დაპყრობას გულისხმობს, ოსმალეთის იმპერია რომ აკონტროლებს საიმედოდ. მოსკოვი - მესამე რომის თეორიას სულ მალე ბერძნული პროექტი მოჰყვება კვალში, ორივე პროექტი ქრისტიანული ზესახელმწიფოს შექმნას ისახავს მიზნად, სადაც, ბუნებრივია, საქართველოცაა მოაზრებული.
და ამ ფონზე განვითარებულმა მოვლენებმა, ფაქტობრივად, განსაზღვრა კიდეც სანკტ-პეტერბურგის იმპერიული იდეოლოგიის სტრატეგია და მიზნები.
როგორ შეცვალა ნადირ შაჰის მკვლელობამ კავკასიაში პოლიტიკური ბალანსი
კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ ძალთა გადანაცვლებამ, გეოსტრატეგიული ფაქტორის სულ სხვა პრიზმაში წარმოჩინებამ ნამეტნავად ააფორიაქა ერთმორწმუნე ჩრდილოელი. ეს იმპერიის ჩვეულებრივი რეაქცია იყო, იმპერიისა, რომელიც ვერასდროს შეურიგდებოდა სხვა, უცხო სახელმწიფოს გაძლიერებას, პოლიტიკური თამაშის წესების შეცვლასა და ამ თამაშში ძველი მონაწილის თვისებრივ ფერისცვალებას.
ნადირ შაჰის მკვლელობის შემდეგ განსაკუთრებულად აირია საქმე ირანში, შიდა აშლილობამ და შიდა დაპირისპირებამ, ფაქტობრივად, ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ეს წინა აზიაში პოლიტიკური გეოსტრატეგიული ბალანსის შეცვლას მოასწავებდა, ამგვარი მეტამორფოზა კი იმჟამინდელი მსოფლიოს სულ სხვა პოლიტიკურ რეალობას უსახავდა. ირანი ხომ ის ქვეყანა იყო, რომელიც უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ სავაჭრო გზებს აკონტროლებდა და, ბუნებრივია, ამიტომაც მოექცა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.
იმდროინდელი ირანის შესახებ ამბებს ბეჭდავს არა მარტო რუსული პრესა - "მოსკოვსკიე ვედომოსტი" და "სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტი", არამედ ევროპული პრესაც.
ირანში არეულობა სასიკეთო ნიშანი იყო ქართლ-კახეთის სამეფოსათვის, რათა თვისებრივად ახალ საფეხურზე აღზევებულიყო, თავდაცვის საუკეთესო გზა თავდასხმაა და ერეკლეც შეტევაზე გადადის. იქმნება რეალური სურათი იმისა, რომ ერეკლეს ამ ნაბიჯმა და აგრესიულმა ქმედებამ საკმაოდ დიდი გავლენა უნდა იქონიოს მოვლენების განვითარებაზე.
სხვადასხვა ქალაქიდან სხვადასხვა ინფორმაციას აგროვებს რუსული პრესა, აშკარად ჩანს, შეფიქრიანებულა ჩრდილოელი ერთმორწმუნე. ეს იმპერიული იმპულსებია, სრულიად ჩვეულებრივი, დიდი და ამბიციური იმპერიებისათვის დამახასიათებელი იმპულსები - ისინი საკმაოდ მტკივნეულად რეაგირებენ პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური ბალანსის უმნიშვნელო ცვლილებაზეც კი, რამდენადაც ეს ყველაფერი იმის ბარომეტრია, რომ უსწრაფესად მისაღებია ზომები, რეაგირება და კონცენტრირებაა საჭირო.
რატომ დაემსგავსა ერეკლეს პერსონით აფორიაქებული რუსეთი რომს
სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში ზუსტად ისე იქცევიან, როგორც 16 საუკუნის წინანდელ რომში, როცა მარადიული ქალაქი სულ სხვა გუნებაზე დააყენა ქართლის მეფე ფარსმან ქველის მიერ ძირდიტთა ტომის დამორჩილებამ და მათი ტერიტორიის ქართლის სამეფოსთან შეერთებამ.
რომს ტერიტორიების მეტი რა აქვს, მაგრამ ძირდიტები არ ეთმობა, მიზეზი მარტივია - ძირდიტთა ტომი შავი ზღვის სანაპიროზე, ახლანდელი აჭარის ტერიტორიაზე სახლობს, მათი დამორჩილებით კი ქართლის სამეფო ზღვაზე გასასვლელს იღებს. სწორედ ეს ფაქტორი აღიზიანებს რომს, რადგანაც კავკასიის ერთიანობის წყალობით ისედაც ძლიერი სამეფო კიდევ უფრო ძლიერდება.
სრულიად მარტივი თეზაა ძველი გეოპოლიტიკური რეალობისთვის, რომ სახელმწიფო, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი აქვს, თვისობრივად რადიკალურად განსხვავდება სახელმწიფოსგან, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია.
ზღვაზე გასასვლელის მქონე სახელმწიფოებს გამორჩეული პოტენციალი აქვთ, მათ შეუძლიათ, უდიდესი ქონება დააგროვონ ვაჭრობით, რაც ადეკვატურად აისახება ამ სახელმწიფოთა პოლიტიკურ ამბიციებზეც.
სწორედ ამის ეშინია რომს, მას ხომ დიდი გაკვეთილი ჩაუტარა კართაგენმა ფარსმან ქველის მიერ ძირდიტთა ტომის დაპყრობამდე ოთხი საუკუნით ადრე. ორგზის განადგურებული კართაგენი საბოლოოდ დასამარებული რომ ეგონა მარადიული ქალაქის სახელმწიფოს, კატონ უმცროსს ქრისტეშობამდე 153 წელს სრულიად განსხვავებული, აღორძინებული და აყვავებული დახვდა.
სწორედ იმ დღიდან იწყებს კატონი რომის სენატში ნებისმიერ გამოსვლას სიტყვებით - "კართაგენი უნდა დაინგრეს". ოთხი წელი დასჭირდა კატონს იმისათვის, რომ მთელი სენატი აეყოლიებინა და მესამე პუნიკური ომის დაწყების აუცილებლობაში დაერწმუნებინა რომი.
მართალია, რომი მმართველობის ფორმით ამ დროს რესპუბლიკაა, მაგრამ როგორც მსოფლიო ბატონობის პრეტენზიისა და ამბიციის მქონეს, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში ახასიათებს იმპერიული შტრიხები.
რაც კართაგენს დამართა რომმა, საყოველთაოდ ცნობილია - ფინიკიური სახელმწიფოს ბასტიონი აღგავეს პირისაგან მიწისა და ცარიელი მიწა რომ დარჩა, იმის შიშით, კიდევ არ აღორძინებულიყო ეს სიცოცხლის მოყვარული ქალაქი, გადახნეს და მიწას მარილი მოაყარეს ხვავრიელად. ასე აღსრულდა კატონის ოცნება - რომმა კართაგენი დაასამარა.
რას წერს რუსული პრესა ერეკლე მეორის ირანში ლაშქრობის შესახებ
მსგავსი განწყობა სუფევს სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარზე. რუსეთშიც, რომის მსგავსად, კულუარებში ერთხმად ჩურჩულებენ - კავკასია უნდა დაინგრეს, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფოს სწორედ იმ დღიდან ვერ ეგუება რუსეთი. მიზეზი ერეკლეს ირანული ლაშქრობებია, რაც თვისებრივად ცვლის კავკასიას და, შესაბამისად, პოლიტიკურ რეალობას.
უამრავი ჭორ-მართალი იწერება რუსულ პრესაში - იწერება, რომ ერეკლემ ისპაჰანი ალყაში მოაქცია და მალე ირანის ტახტს დაეუფლება.
სიცხადისათვის მოვიტანთ რამდენიმე ამონარიდს მეთვრამეტე საუკუნის 50-იანი წლების რუსული პრესიდან:
პირველი ცნობა ერეკლეს ირანში ლაშქრობისა ქვეყნდება 1752 წლის 3 მარტის "სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტში": "სპარსეთიდან მიღებული უახლოესი წერილების მიხედვით, ქართველი ბატონიშვილი ირაკლი აქამომდის ბედნიერად აგრძელებს თავის წინსვლას სპარსეთის მიწაწყალზე. ამ დროს პორტა არავითარ სურვილს არ ამჟღავნებს, წინ აღუდგეს მის დამპყრობლურ მისწრაფებას, რადგან ჯერ ის ვითარება არ არის, ამ საქმეში რომ ჩაერიოს. ვარაუდობენ, რომ ირაკლი პირდაპირ ისპაჰანისკენ გაემართება. შაჰ დოუბს, რომელიც იქ თავისი ჯარითაა ჩაკეტილი, განზრახული აქვს, ირაკლის მიახლოებისას ცეცხლი წაუკიდოს სატახტო ქალაქს და მთებში გაიხიზნოს."
აი, კიდევ ერთი ამონარიდი: "ირანის თითქმის ყველა პროვინციას საკუთარი შაჰი ჰყავს, ქართველი პრინცი ერეკლე ისე იყენებს თავის სასარგებლოდ ამ არეულობას, რომ უკვე სრულად შემოარტყა თავისი ჯარით ალყა ისპაჰანს და დიდი იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში ამ ტახტს დაეუფლება". ეს ნაწყვეტი "სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტის" 1752 წლის 20 მარტის ნომრიდანაა.
1752 წლის 10 აპრილის ნომერში იბეჭდება ვენეციიდან მოსული 22 მარტის ინფორმაცია, რომელიც აღწერს, თუ როგორ დაუპირისპირდა ერეკლეს შაჰ დოუბი, რომელმაც ვერაფერი გააწყო ქართველ პრინცთან და როგორ დაუთმო ერეკლეს ისპაჰანი.
"შაჰ დოუბს ბატონიშვილი ირაკლის ჯარის მიახლოების გამო გადაწყვეტილება მიუღია, დატოვოს ისპაჰანი და ერევანს შეაფაროს თავი. მას თან აქვს ირანის ადრინდელ შაჰთა მიერ დაგროვილი განძეულობა, აგრეთვე ის სიმდიდრე, რომელიც თაჰმასპ ყული ხანმა (იგულისხმება ნადირ შაჰი) დიდ მონღოლეთში (ინდოეთში) მოიხვეჭა. მათ შორის ბაჯაღლო ოქროსაგან ჩამოსხმული სამეფო ტახტრევანიც. არმიის წარჩინებული ოფიცრები შაჰ დაუდს ურჩევენ, დაწვას ქალაქი ისპაჰანი. ამგვარად, ეს უბედური ქალაქი ჯარისკაცთა ხელშია საჯიჯგნად დატოვებული. პრინც ერეკლეს წარმატებები პორტას არც ისე სიამოვნებს და გულმოდგინედ ადევნებს თვალყურს სპარსეთის ტახტის ამ ახალი კანდიდატის მოქმედებას."
აპირებდა თუ არა ერეკლე მეორე ირანის შაჰის ტახტზე ასვლას
საინტერესოა - მაინც საიდან იღებს სათავეს ის მითი, რომ ერეკლეს ირანის შაჰის ტახტის დაკავება უნდა? საქმე ისაა, რომ ნადირ შაჰის მკვლელობის შემდეგ ტახტის რეალურ სამ კანდიდატთაგან ორი - მოჰამედ ჰასახ ხან ყაჯარი და აზატ ხან ავღანი ერეკლეს დამარცხებული ჰყავს ერევანთან. კიდევ ერთი პრეტენდენტი ალი ყული ხანი ერეკლეს სიძეა, ირანელს თეიმურაზის ქალიშვილი ჰყავს ცოლად.
ბუნებრივია, არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ერეკლე ირანის ტახტზე ასვლას გეგმავდა, ქართული სახელმწიფოებრივი პოლიტიკიდან კახეთის მეფე მხოლოდ ქართული გავლენის პოლიტიკური და გეოგრაფიული გაფართოებისათვის იღვწის, მას ირანზე კონტროლით სურს, გაანეიტრალოს ის საფრთხეები, რამაც ორიოდ საუკუნის განმავლობაში, ფაქტობრივად, მოახრჩო ქართული სახელმწიფოებრიობა. სწორედ ამასვე ადასტურებს შვედი ოფიცერი გუსტავ ფერდინანდ გილლერნამი, რომლის კორესპონდენციები "სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტის" ექვს ნომერში იბეჭდება.
"ერეკლე იბრძვის არა უცხო ქვეყნის ტერიტორიების დასაპყრობად, არამედ საკუთარი ქვეყნის გაძლიერებისთვის", - წერს გილერნამი, სხვათა შორის, შვედი მიუთითებს იმ ფაქტსაც, რომ ის ოქროს ტახტრევანი, რომელიც მოჰამედ ხანმა გაიტაცა, ერეკლეს ჩაუგდია ხელთ და ტფილისში ინახავს."
ერთი სიტყვით, გამორიცხული იყო, თავად ერეკლეს სერიოზულად განეხილა საკუთარი თავი ირანის შაჰის ტახტზე.
როგორ იწყებოდა ქართულ-რუსული დიდი პოლიტიკური კატათაგვობანა
და მაინც რატომ იქმნება მითი ერეკლეს მიერ ირანის ტახტის დაკავების სურვილის შესახებ? ამასაც აქვს თავისი წინაპირობები.
ირანს ინდოეთის ზღვაში გასასვლელად სპარსეთის ყურე აკავშირებს, რასაც სავაჭრო ურთიერთობისათვის აქტიურად იყენებს. სწორედ ამ ფაქტორის გამო რუსეთის თვალში სულ სხვა პერსპექტივებს იძენს ქართლ-კახეთის სამეფო, რომელიც ირანს იპყრობს. მნიშვნელოვანი მინიშნებაა რუსეთისათვის ის, რომ ირანის დამპყრობი კახეთის სამეფო სულ სხვა, თვისებრივად მომგებიან პოზიციას იკავებს და პერსპექტივაში კავკასიის დომინანტი ხდება. ხვდებიან რუსეთში - ირანის მძლეველი ერეკლე არც ერთმორწმუნე ჩრდილოელის მარადიულ მტერ ოსმალეთის იმპერიას დაინდობს, რაც საბოლოოდ დაასამარებს რუსთა მარადიულ ოცნებას - სრუტეების კონტროლს, რაც მსოფლიო ბატონობის წინაპირობაა.
სწორედ ამიტომაც საკმაოდ მკაფიო და შემზარავი ვერდიქტი გამოუტანეს რუსეთში არა მარტო კახეთის სამეფოს, არამედ მთელ საქართველოს. მსგავსად რომაელი კატონისა, სანკტ-პეტერბურგშიც მჯიღს იცემენ გულში - საქართველო უნდა დაინგრეს, ერეკლე უნდა განადგურდეს. კატონისაგან განსხვავებით, ერთმორწმუნე ჩრდილოელი ამას ხმამაღლა ვერ ამბობს, იმიტომ, რომ კარგად უწყის - ერთმორწმუნის ნიღბით უფრო იოლად მიაღწევს საწადელს, იოლად გაანადგურებს საქართველოს.
ჰოდა, იწყება კიდეც ქართულ-რუსული დიდი პოლიტიკური კატათაგვობანა.