"იმდენად ციოდა, სურამიდან 5 დღეში უკან დავბრუნდით, როცა, წესით, 1 თვე უნდა დავრჩენილიყავით"
თამარ მუკბანიანი
24.06.2017

 მთელი ქვეყნის მასშტაბით ბოლო წლებში ყველაზე გრილი ზაფხულია. უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურაა თბილისშიც, რის გამოც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დასასვენებლად წასვლას და ზედმეტი ხარჯის გაღებას გაუმართლებლად მიიჩნევს, რაც საკურორტო სეზონს კარგს არაფერს უქადის.

წელს საქართველოში უჩვეულოდ ცივი ზაფხულია. დაბალი ტემპერატურის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხშირია წვიმა და ცივი ქარი. გრილი გაზაფხულის შემდეგ ყველას იმედი ჰქონდა, რომ ზაფხულში მაინც დათბებოდა, თუმცა ჯერჯერობით ასეთი პირი არ უჩანს. რამდენიმედღიან სითბოს მთელი კვირით უამინდობა მოსდევს.

წინა წლებში ივნისის შუა რიცხვებიდან დედაქალაქში იმდენად მაღალი ტემპერატურა აღინიშნებოდა, რომ სუნთქვაც კი ჭირდა. სკოლებში დასვენების დაწყებისთანავე მშობლები ცდილობდნენ თბილისიდან გასვლას და შვილების დასასვენებლად გაგზავნას კლიმატის შესაცვლელად. ახლა კი ყველაფერი პირიქითაა. შესაბამისად, ქალაქის დატოვებას არავინ ეშურება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდი გამოსწორდება და დათბება, თუმცა სიცხე და მაღალი ტემპერატურა მთელი ზაფხულის განმავლობაში არ არის მოსალოდნელი. ამის გამო მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ქალაქიდან გასვლას და ზედმეტი ხარჯის გაღებას თავს არიდებს.

უჩვეულო სიგრილის გამო დასასვენებლად წასვლა გადადო მაია კაპანაძემ. მისი თქმით, როცა ქალაქში სიგრილეა და გაზაფხულის ამინდია, მთელი ოჯახით კურორტზე ან თუნდაც სოფელში წასვლისთვის ხარჯის გაღება სრულიად გაუმართლებელია.

"ჩემი მეუღლე გურიიდანაა. მთელი ოჯახით თბილისში ვცხოვრობთ. ყოველ წელს ბავშვებთან ერთად ჩემი დედამთილი მიდის სოფელში და მთელ ზაფხულს იქ ატარებს. მე და ჩემი მეუღლე კი აქ ვრჩებით, რადგან ვმუშაობთ. წელს იმდენად გრილი და ზაფხულის პირობაზე ცივი ამინდებიც კია, რომ მთელი ოჯახით ქალაქიდან გასვლის და 10 თვით მიტოვებული სახლის მოწესრიგების ხარჯი გაუმართლებელი მგონია. აგვისტოში შვებულების გატარებას ზღვაზე ვგეგმავდი შვილებთან ერთად და ასეც მოვიქცევი. იქამდე კი თბილისში ყოფნაც შეიძლება.

როცა თვალში საცემად გაძვირებულია ცხოვრება და უამინდობის გამო აგროპროდუქტზეც კი ფასი არა და არ იწევს, არალოგიკურად მეჩვენება, გურიაში გავუშვა ოჯახის ნაწილი. მით უფრო, მთის კურორტი ნამდვილად არაა. ზაფხულის თვეებში თბილისში ყოველთვის ისე ცხელოდა, სუნთქვაც არ შეიძლებოდა, ოზურგეთში კი შედარებით დაბალი ტემპერატურა იყო. ახლა ალბათ იქ ცივა", - განუცხადა "რეზონანსს" მაია კაპანაძემ.

დასასვენებლად შვილთან ერთად წავიდა და დედაქალაქში ნაადრევად დაბრუნდა ლიკა ბუბუტეიშვილი. როგორც მან აღნიშნა, სურამში იმდენად ციოდა, რომ მისმა მცირეწლოვანმა შვილმა აკლიმატიზაციის გავლა ვერ შეძლო.

"ჩემი შვილი 5 წლისაა. რაც დაიბადა, მას შემდეგ ყოველ წელს ივნისის დასაწყისში სურამში მივდივართ. მიუხედავად იმისა, რომ ივნისში თბილისშიც ძალიან გრილოდა, გადავწყვიტე, მაინც წავსულიყავი სურამში. ჩასულებს საგრძნობლად დაბალი ტემპერატურა დაგვხვდა. ჩემი მეუღლე მეორე დღეს უნდა დაბრუნებულიყო თბილისში და ჩვენ თვის ბოლომდე დავრჩენილიყავით. დამშვიდობებისას იხუმრა კიდეც - ხომ არ წამოხვალთ, აქ არ გაიყინოთო.

რამდენიმე დღეში მეც მივხვდი, რომ დარჩენა შეუძლებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქშიც არ ცხელოდა, ბავშვმა აკლიმატიზაციის გავლა ვერ შეძლო, სურამში იმდენად ციოდა. გარეთ საერთოდ არ დადიოდა. რა თქმა უნდა, თუკი მხოლოდ სახლში უნდა მჯდარიყო, იქ ყოფნას და ფულის ხარჯვას რა აზრი ჰქონდა? ჩავალაგე ბარგი და 5 დღეში წამოვედით. აგვისტოში ზღვაზე წასვლას ვგეგმავთ. იმედია, იქამდე მაინც აიწევს ტემპერატურა და ბათუმში ჯუმპრით სიარული არ მომიწევს", - აღნიშნა ლიკა ბუბუტეიშვილმა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ტემპერატურა შედარებით მართლაც აიწევს, თუმცა ცხელი ზაფხული მოსალოდნელი არ არის. 2-4 კვირის განმავლობაში თერმომეტრის მაჩვენებელი 33-35 გრადუსს არ გადასცდება, რაც ივლისისათვის მაღალ ტემპერატურად ნამდვილად არ მიიჩნევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×