თავშესაქცევი და საარაკო ამბები ქარციხის ჰერცოგ გორგონასი
მამუკა ნაცვალაძე
26.06.2017

 ისტორიას პიროვნებები ქმნიან, პიროვნებებს შეუძლიათ პოლიტიკური პროცესების დაჩქარება ან შენელება. ამ ყველაფერს განსაზღვრავს ის, თუ რამდენად ზუსტად გრძნობენ ადამიანები კონიუნქტურას.

აყვარყვარე ჯაყელი, სამცხის მთავარი, სწორედ ამით გამოირჩა მთელ მეთხუთმეტე საუკუნეში. იცხოვრა იმ დროისათვის უჩვეულოდ ბევრი - 82 წელი, პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, რომელთანაც ჰყავდა 8 შვილი, 73 წლის ასაკში მეორედ დაქორწინდა და შეეძინა კიდევ ოთხი შვილი.

რატომ აითვალწუნა ყვარყვარემ საქართველოს მეფე გიორგი მერვე

აყვარყვარე || ჯაყელი, რომელიც სამცხის ათაბაგი კონსტანტინოპოლის დაცემამდე ორი წლით ადრე, 1451 წელს, გახდა, დაუნდობლად ებრძვის ერთიანი საქართველოს უკანასკნელ მეფე გიორგი მერვეს, წარმატებასაც აღწევს იმით, რომ სხვადასხვა კუთხეს შორის აღვივებს მტრობას და მღვრიე წყალში თევზსაც ხვავრიელად იჭერს.

ასპარეზზე პირველად 1447 წელს ჩნდება, როცა საკუთარი ძმის - აღბუღა ათაბაგის გადაყენებას ცდილობს. აღბუღას საქართველოს მეფე გიორგი მერვე უჭერს მხარს და ამ ერთობის წინაშე აჯანყებული ვერაფერს აწყობს.

თუმცა გადის ორი წელი და მაინც ისრულებს წადილს - 1451 წელს აღბუღას გარდაცვალებით სარგებლობს და მისი ძმისშვილის, კანონიერი მემკვიდრის, ნაცვლად, სამთავროს ტახტს თავად იკავებს.

სამცხის ახლად აღზევებულ მთავარს მწარედ ახსოვს, საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი რომ არ შეეპუა მის ცდას. გულღრძო აღმოჩნდა ყვარყვარე, ამიტომაც რევანშის განწყობა ღვივდება მის ცნობიერებაში. ამგვარ განწყობას, გარდა სუბიექტური ფაქტორისა, ობიექტური ფაქტორებიც განაპირობებენ - ყვარყვარეს მთავარი მიზანი ხომ სამცხის სამთავროს დამოუკიდებლობაა, არადა, ასეთი გადაწყვეტილება საქართველოსთვის ლახვრის ტოლფასია, რამდენადაც იმდროინდელი სამცხის სამთავრო ქვეყნის თითქმის ერთ მესამედს შეადგენს და მოიცავს შავშეთს, კლარჯეთს, კოლა-არტაანს, ამიერტაოსა და იმიერტაოს.

როგორ სურდა ყვარყვარეს მესხეთის ეკლესიური დამოუკიდებლობის მოპოვება

ყვარყვარე კარგად აცნობიერებს, რომ ქვეყნის ერთიანობის მთავარი ფუნდამენტი ქართული ეკლესიაა, ამიტომაც სწორედ ამ კუთხით უნდა მოიპოვოს უპირატესობა, ამ მიმართულებით უნდა განახორციელოს შეტევა.

მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა ის პოლიტიკური ტენდენცია, რომ, ფაქტობრივად, ობიექტური წამანძღვარი აღარ ჰქონდა ერთიანი საქართველოს იდეას, ეკლესიის ერთიანობის მოშლა სწორედაც რომ იმ სასიცოცხლო იმპულსების საბოლოოდ დასამარება იქნებოდა, რაც საქართველოსაც გამოუყვანდა წირვას.

ამიტომაც საკმაოდ საშიში და ვერაგულია ყვარყვარეს მცდელობა, დაუპირისპირდეს ეკლესიას და მესხეთი ერთიანი ქართული საეკლესიო სივრციდან გამიჯნოს. რაც მთავარია, ეს მცდელობა არცთუ წარუმატებელია - მესხი ეპისკოპოსების ნაწილი გაბრიყვდა. ყვარყვარემ დაიყოლია ისინი. ერთიანი ქართული ეკლესიიდან განდგომა იწყება იმით, რომ სამცხეში წირვა-ლოცვისას აღარ იხსენიებენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

ადეკვატურია საქართველოს ეკლესიის რეაქცია - ქართლის კათოლიკოსი დავით მეოთხე, რომელიც ერთიანი ეკლესიის მეთაურია, ჩავიდა სამცხეში და განდგომის მსურველ ყველა სასულიერო პირს ვერდიქტად შეჩვენება და ეკლესიიდან განკვეთა გამოუტანა.

შუასაუკუნეებში, როცა ღმერთის ძალა და მადლი ყველას სწამდა, მით უფრო საქართველოში, ამაზე დიდი სასჯელი არ არსებობდა, ამიტომაც განდგომილებმა უკან დაიხიეს, ცოდვები მოინანიეს და კათოლიკოს-პატრიარქს მცხეთაში ეახლნენ შენდობისათვის.

რატომ არ მიიღო ყვარყვარემ მეფის ტიტული

ეს ყვარყვარეს მარცხი იყო, რამაც სამცხე დედა საქართველოს შეუნარჩუნა, როგორც ერთიან ქართულ სარწმუნოებრივ სივრცეში მოქცეული. მიუხედავად ამისა, ყვარყვარეს საგამგებლო, ფაქტობრივად, დამოუკიდებელ სამთავროდ იქცა, საცნაური კი ისაა, რომ ყვარყვარეს სახელით ფულიც იჭრება, რაც განსაკუთრებული ნიშანია სუვერენიტეტისა.

საკმაოდ დიდია სამცხის სამხედრო პოტენციალი, მას სამეფო სამთავროებიდან ვერავინ დაუპირისპირდება, ასე რომ, ყვარყვარე ყველაფერს აკეთებს, რასაც მოისურვებს. საკითხავი მხოლოდ ერთია - ძნელია იმის თქმა, რატომ არ მოისურვა საკუთარი ტიტულატურის შეცვლა მეფობით. შესაძლოა, ეს იყოს ერთი პატარა ნიუანსი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ მას მაინც უნდოდა ერთიან ქართულ სივრცესთან კონტაქტის შენარჩუნება, შესაძლოა, ის იტოვებდა უკან დასახევ გზას და შემდგომში თავად აპირებდა სამთავროს გაფართოებას ერთიანი საქართველოს გეოგრაფიულ სივრცეში. ამის სამხედრო პოტენციალი მას ჰქონდა, ნება კი - ნაკლებად.

როგორ მიაბა ყვარყვარემ შაქელი ვაჭრები ყურებით თავიანთი სახლის დირეს

აყვარყვარეს ხასიათი კარგად ჩანს ერთი საკმაოდ საინტერესო ეპიზოდიდან. 1483 წელს მესხი ვაჭარი სავაჭროდ წასულა შაქში. ყოფით ნიადაგზე შელაპარაკება მოსვლია ადგილობრივ ვაჭართან. აზერბაიჯანელს დაუჩაგრავს ქართველი და ყველაფერი წაურთმევია, მესხს კი იხტიბარი არ გაუტეხავს და დამუქრებია - ნახე, რას დაგმართებს ყვარყვარე, წავალ და ყველაფერს მოვუყვებიო.

იმდროინდელი კომუნიკაციების პირობებში, აბა, რა იცოდნენ აზერბაიჯანში, ვინ იყო ყვარყვარე, ამიტომაც ქართველის დანაქადნებზე გულიანად უცინიათ, ჰოდა, გამოთქმა რომაა ცნობილი - ჩამოვა და ყურებით არ მიმაჭედოსო, სწორედ ის მიუძახებიათ ქართველისათვის შაქელებს.

ახალციხეში ჩასულ ვაჭარს ეს ამბავი ყვარყვარესთვის მოუხსენებია, მაშინ გადაუწყვეტია ყვარყვარეს აზერბაიჯანელი ვაჭრების დასჯა. ჩასულა კიდეც შაქში, უნახავს ისინი, ვინც ქართველი დაჩაგრა და უკლებლივ ყველა მათივე სახლის კარებზე ყურებით მიუჭედებია.

თითქოს აქ უნდა დასრულდეს საარაკო ამბავი, გამარჯვებული და კმაყოფილი ყვარყვარე სამცხეში ბრუნდება. გზად ქართლია გასავლელი, ქართლში კი ციციშვილები, ყოფილი ფანასკერტელები, მკვიდრობენ, ჯაყელებმა რომ გააძევეს მესხეთიდან.

როგორ ფარცხა ყვარყვარეს ნებამ ქართლელების თავდაღმართი

და აქ ხდება კიდევ ერთი საინტერესო ამბავი - ქართლში ამ დროს კონსტანტინე მეფობს, ჰოდა, წამოსწევიან ყვარყვარეს ციციშვილები და მოუთხოვიათ - ქართლის მიწაზე ხარ და მეფეს უნდა ეახლოო. კაცმა რომ თქვას, ელემენტარული ეტიკეტის მიხედვით, მართლები იყვნმენ ციციშვილები, მაგრამ ყვარყვარემ იუარა - ჩემს გზაზე მივდივარ და თავი დამანებეთო.

საპასუხოდ შეკრიბეს ჯარი ქართლში. ციციშვილებმა ქართლის ეპისკოპოსი მიუგზავნეს ყვარყვარეს, მოთხოვნა იგივე იყო - სამცხის მთავარი კონსტანტინეს უნდა ხლებოდა.

ისევ უარი რომ მიიღო, ეპისკოპოსმა ყვარყვარეს უთხრა - განა არ გაგიგია, ძალა აღმართს რომ ხნავსო? ამას განურისხებია სამცხის მთავარი და შეიარაღებული დაპირისპირებაც ამის შემდეგ გადაუწყვეტია.

ბრძოლა არადეთთან მომხდარა, ყვარყვარემ გაიმარჯვა. ბედის ირონიაა, რომ ტყვედ სწორედ ის ეპისკოპოსი ჩაუგდიათ, საქმის მოსაგვარებლად რომ მიუგზავნეს ციციშვილებმა.

გულღრძო ყვარყვარეს ახსოვდა ეპისკოპოსის სიტყვები, ახლა სამაგიეროს გადახდაზე უფიქრია და ხმამაღლა მიუძახებია - შენ თუ იცი, ძალა როგორ ხნავს აღმართს, მე გაჩვენებ, როგორ ფარცხავს ნება თავდაღმართსო.

მატიანე გადმოგვცემს, რომ ეპისკოპოსი წვერით უთრევიათ, საცნაური სწორედ ისაა, რომ მწიგნობარნი ყვარყვარეს ამართლებდნენ - მართალი იყო ამ კონფლიქტში და იმიტომაც გაიმარჯვაო.

ამბავი ქარციხელ გორგონად ყვარყვარეს ფერისცვალებისა

საინტერესოა, როდის და რა ფაქტორების გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბებულიყო ყვარყვარეს უარყოფითი დამოკიდებულება და განწყობა ერთიანი საქართველოს იდეისადმი? როდის მოხდა სამცხის მთავრის, როგორც ერთიანი საქართველოს დაუძინებელი მტრის, საბოლოო ფორმირება?

აქ სისტემურ დაპირისპირებასა და სისტემურ შეუთავსებლობაზე არა გვაქვს მხოლოდ საუბარი. ბუნებრივია, მთავარი, როგორც პოლიტიკური ერთეულის მმართველი, ვერ ეგუება მეფეს, თუმცა ამ ფაქტორს დაემატა ის იმპულსები, რაც თავად ყვარყვარეს საკმაოდ ნათლად უნდა ეგრძნო მთელი თავისი ზეობისას.

მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევარი განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა საქართველოს ისტორიისთვის, კონსტანტინოპოლის დაცემამ და მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო საქარავნო გზის მოშლამ ფუნდამენტურად შეცვალა საქართველოს ისტორიის ბედი.

კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ანტიოსმალური მოძრაობა იწყება დასავლეთ ევროპაში. ამ კამპანიაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ქართველი მეფე-მთავრები. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ევროპაზე მეტად საქართველოში აღელვებთ ის შედეგები, რაც კონსტანტინოპოლის დაცემის შედეგად მიიღო მსოფლიომ. ეს საქართველოს შეეხო უპირველესად, რამდენადაც ის მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე გადიოდა, ერთიანი საქართველოსთვის უდიდესი ფინანსური შემოსავლის მომტანი იყო და სწორედ ამით საზრდოობდა საქართველოს პოლიტიკური ერთიანობის იმპულსები.

და აქ იწყება პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია, კონსტანტინოპოლის დაცემამდელი სტატუს-კვო აღადგინოს, ყველაფერი ძველ რეჟიმში დააბრუნოს და კონსტანტინოპოლი გაათავისუფლოს. ამ მოძრაობას ანტიოსმალური კოალიცია დაერქვა, რაც რომის პაპის იდეაა - საქრისტიანო უნდა იხსნას რომმა, ეს არის ის მიზანი, რაც განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის.

ანტიოსმალურ კოალიციაში მონაწილეობს ყვარყვარე მეორეც, იგი მზადაა, თურქების წინააღმდეგ 30-ათასიანი ჯარი გამოიყვანოს, მხოლოდ ერთი ულტიმატუმი აქვს ევროპელებთან - ის უნდა აღიარონ აღმოსავლეთის ჯარების სარდლად.

აყვარყვარე დამოუკიდებლად ამყარებს დიპლომატიურ კავშირს ევროპელებთან, რისი დასტურიცაა მისი მიმოწერა ბურგუნდიის და ვენეციის ჰერცოგებთან. საცნაურია, რომ ყვარყვარეს თითქმის ყველა მიმართულებით აქვს გათვლა - მან გაითვალისწინა, რომ სახელი "ყვარყვარე" რთულად წარმოსათქმელი იყო ევროპელებისათვის, ამიტომაც საკუთარ თავს ქარციხის ჰერცოგს, ბატონ გორგონას უწოდებდა.

როგორ აუღო ალღო ყვარყვარემ პოლიტიკურ კონიუნქტურას

სამწუხაროდ, მთელი რიგი მცდელობის მიუხედავად, ანტიოსმალური მოძრაობა იდეის დონეზე დარჩა. სიტუაცია უკიდურესად დაამძიმა 1461 წელს ტრაპიზონის სამეფოს დაცემამ, რის შემდგომაც საქართველო თურქებს გაუმეზობლდა. ეს პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ თურქების აგრესია ადრე თუ გვიან ქართულ სამყაროსაც მოსწვდებოდა.

კონსტანტინოპოლის დაცემასთან ერთად ტრაპიზონის დაცემამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა, რომ საქართველო მსოფლიო რანგის ქვეყნიდან რეგიონული მნიშვნელობის ქვეყნად იქცა. სწორედ ეს უნდა ეგრძნო ყველაზე უკეთ სამცხის ათაბაგ ყვარყვარე მეორეს. ის პოლიტიკური პროცესების შუაგულში გახლდათ და ამიტომაც ზუსტად უნდა აეღო ალღო იმ ტენდენციებისათვის, რომლებიც ცალსახად მიანიშნებდა, რომ საქართველოს ერთიანობის იდეას უახლოეს მომავალში პერსპექტივა არ ჰქონდა.

აშკარად გამოჩნდა, რომ ერთიანობის მასაზრდოებელი იმპულსები, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა. თანდათან ყალიბდებოდა ის ობიექტური წანამძღვრები, რაც სასიკეთოს არაფერს უქადდა ქვეყანას. და, სავარაუდოდ, სამცხის სამთავროს დამოუკიდებლობა ამიტომაც გახდა ყვარყვარესათვის თავის გადარჩენის ერთადერთი შანსი.

ასე აუღო ალღო ყვარყვარემ პოლიტიკურ კონიუნქტურას საკმაოდ ზუსტად. სწორედ ყვარყვარეს აღმოაჩნდა უნარი, ეგრძნო ის პოლიტიკური იმპულსები, რამაც საქართველოს დაკნინება შეუქცევად პროცესად აქცია. ერთ დროს უძლიერესი ქვეყანა სამ სამეფოდ და ერთ სამთავროდ დანაწილებულიყო.

და იწყება კიდეც საქართველოს ისტორიის დიდი დაღმართი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×