ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევართა მტკიცებით, მეხსიერება სულაც არაა პასუხისმგებელი წვრილმანების დამახსოვრებაზე. მისი მიზანია, დაიმახსოვროს ის, რაც სამომავლოდ ამა თუ იმ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებას გაუმარტივებს. ამიტომ, თუ გავიწყდებათ სად დადეთ სახლის გასაღები, ეს სულაც არაა პრობლემა. პირიქით, ნაცვლად მსგავსი დეტალების დამახსოვრებისა, თქვენი ტვინი უფრო მნიშვნელოვანი ფაქტების გაანალიზებასა და დამახსოვრებაზე ფოკუსირდება, რაც ცხოვრებაში გამოგადგებათ.
მეცნიერთა განცხადებით, ტვინს გულმავიწყობა აჯანსაღებს.
მკვლევარებმა, რიჩარდსონმა და პოლ ფრანკლანდმა, არაერთი ნაშრომი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ტვინში, გარდა იმ ნეირონებისა, რომლებიც ინფორმაციის დამახსოვრებას განაპირობებენ, არსებობს მექანიზმები, რომლებიც ინფორმაციის დავიწყებას უზრუნველყოფენ.
"ბოლო პერიოდის კვლევების შესწავლით, რომელთა ნაწილი - მახსოვრობის ნეირობიოლოგიას, გამძლეობას, ზოგიერთი კი გულმავიწყობის ნეირობიოლოგიას ეხებოდა. აღმოვაჩინეთ მეხსიერების დაკარგვის სპეციალური მექანიზმების არსებობის მრავალი მტკიცებულება, რომლებიც ინფორმაციის შენახვაზე პასუხისმგებელ მექანიზმებს არ ჰგვანან", - ამბობს ფრანკლანდი.
მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ნეირონებს შორის სინაპტიკური, ნერვული უჯრედების შეერთება მიზანმიმართულად მცირდება, რაც ტვინს მეხსიერების დაშიფვრაში ეხმარება. ასევე, არსებობს იმის ნიშნები, რომ ახალი ნეირონები ტვინს ზედმეტად ტვირთავენ.
კითხვაზე, რაში სჭირდება ტვინს ინფორმაციის დავიწყება, რიჩარდსონი და ფრანკლანდი პასუხობენ, რომ, პირველ რიგში, დეტალების დავიწყება ახალ სიტუაციაში დისკომფორტს არ შეგვიქმნის. მათ ასეთი მაგალითი მოჰყავთ - ყავის მაღაზიამ, რომელსაც ხშირად სტუმრობდით, ადგილმდებარეობა შეიცვალა და ქალაქის მეორე ნაწილში გადავიდა. თუ არ გემახსოვრებათ ძველი მისამართი, ახალი ადგილმდებარეობის მიჩვევა პრობლემა აღარ იქნება.
ამას ადასტურებს მკვლევარების მიერ შესწავლილი ძველი დოკუმენტებიც. ნაშრომებში საუბარია კვლევაზე, რომელშიც ცდისპირ თაგვებს ლაბირინთიდან გასასვლელი უნდა მოეძებნათ. ექსპერიმენტატორებმა რამდენიმე მცდელობის შემდეგ გასასვლელის ადგილმდებარეობა შეცვალეს და თაგვების ნაწილს მიაღებინეს წამლები, რამაც მეხსიერება დააკარგვინდა. აღმოჩნდა, რომ მათ უფრო სწრაფად იპოვეს გასასვლელი.
ამას გარდა, თუ დეტალებზე არ იქნებით ორიენტირებული, წარსულში მომხდარი მოვლენების დავიწყება ფაქტების განზოგადებაშიც დაგეხმარებათ. მაგალითად, როცა ყავის მაღაზიაში შედიხართ, თქვენი მიზანია ყავის შეძენა. ამას გარდა, ყურადღებას იქცევს მაღაზიის ინტერიერიც. თუ წვრილმანებზე არ გაამახვილებთ ყურადღებას, ტვინს ნაკლები ფიქრი მოუწევს იმაზე, თუ როგორ მოიქცეს ახალ მაღაზიაში. ეს კონცეფცია ხელოვნურ ინტელექტშია გამოყენებული და რეგულარიზაციის სახელითაა ცნობილი.
მკვლევართა თქმით, დასავიწყებელი ინფორმაციის რაოდენობა გარემო ფაქტორებზეა დამოკიდებული. სწრაფი ცვლილება სწრაფი დავიწყების მიზეზი ხდება. ამასთან, არსებობს მეხსიერების ზღვარი. რიჩარდსონის თქმით, თქვენ გაქვთ არჩევანის საშუალება. თქვენი გადასაწყვეტია, რა დაიმახსოვროთ და რა - არა. ფაქტია, ყველა ინფორმაციის დამახსოვრება საჭირო არაა და, მეტიც, ხშირად შეიძლება გადატვირთულმა გონებამ ხელიც კი შეგვიშალოს.
"ინტელექტუალური თამაშების გამარჯვებულებს სრულყოფილად მივიჩნევთ, მაგრამ მეხსიერებასაც აქვს ზღვარი, შეუძლებელია ყველა მიღებული ინფორმაციის დამახსოვრება. სწორედ ეს გვაქცევს მოაზროვნე ადამიანად. შეგვიძლია, თავადვე განვსაჯოთ, რა არის მნიშვნელოვანი და რა - უმნიშვნელო. ამაში დიდ როლს ის მექანიზმები ასრულებენ, რომლებიც გარკვეული ინფორმაციის დავიწყებაში გვეხმარებიან", - ამბობს რიჩარდსონი.