50 წლის წინ ინგლისელმა ასტროფიზიკოსმა ჯოსელინ ბელმა სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავები აღმოაჩინა. სამყაროს ყველაზე მკვრივ ობიექტთა შესასწავლად ნასა პირველ მისიას წელს განახორციელებს.
ნეიტრონული ვარსკვლავი მასიური ვარსკვლავის გრავიტაციული კოლაფსის დროს წარმოიქმნება. გრავიტაციული კოლაფსი ზეახლის პროცესს ახლავს თან (ბირთვული საწვავის ამოწურვის შემდეგ იგი ფეთქდება და მკვრივ ნაწილებად კოლაფსირდება).
ნეიტრონული ვარსკვლავები თითქმის მთლიანად ნეიტრონებს შეიცავენ. ტიპური ნეიტრონული ვარსკვლავის მასა მზის მასის 1,4-3,2 ნაწილს შეადგენს. მისი 1 ჩაის კოვზი მატერია დედამიწაზე რომ ჩამოვიტანოთ, მილიარდ ტონას აიწონის.
გარდა იმისა, რომ იგი თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს, პრეცესირებასაც განიცდის (ბარბაცის ტიპის მოძრაობას ასრულებს), რაც დედამიწაზე ვარსკვლავის პოლუსებიდან წამოსული ელექტრო-მაგნიტური გამოსხივების სახით აღიქმება.
ნეიტრონული ვარსკვლავები ბინარულ სისტემებში საკმაოდ ხშირად გვხვდება. პირველი ასეთი წყვილი გალაქტიკა ანდრომედაში გასულ წელს კოსმოსური რენტგენული ობსერვატორიის დახმარებით აღმოაჩინეს. ნაპოვნ სისტემაში ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც ერთ ბრუნს 1.2 წმ-ში ასრულებს, პარტნიორი ვარსკვლავის მატერიას შთანთქავს. მის გარშემო სრულ ბრუნს იგი 1.3 დღეს ანდომებს.
უცნაური ბუნების გამო ნეიტრონული ვარსკვლავები და პულსარები დიდი ინტერესის საგანი 1939 წლიდან გახდა, როცა მათი არსებობა თეორიულად ივარაუდეს. აღმოჩენა 1967 წელს მოხერხდა, თუმცა ჯერ კიდევ შეუსწავლელია მათი ფიზიკური აღნაგობა.
ნასას მკვლევარ კეიტ გონდროს თქმით, სწორედ ახლაა ამ ტიპის ვარსკვლავების გამოკვლევის დრო. ჯგუფმა შესაბამისი აპარატურის მომზადება გასულ წელს დაასრულა.
"2017 წელი მისიის გაშვებისთვის შესაფერისი დროა. ჩვენმა ჯგუფმა საკვლევ მოწყობილობებზე მუშაობა გასულ ზაფხულს დაასრულა, თუმცა გაშვება წლევანდლამდე უშედეგო იქნებოდა. აპარატურა რენტგენული გამოსხივების 56 ტელესკოპისა და სილიციუმის დეტექტორებისგან შედგება.
"ნეიტრონული ვარსკვლავების ფიზიკური აღნაგობის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. ახლა კი "ნაისერი" ზუსტი დაკვირვების საშუალებით ამ თეორიების შემოწმების საშუალებას მოგვცემს", - ამბობს გონდრო.
ნასა "ნაისერის" გაშვებას გეგმავს, სხვა ტვირთს კი, სავარაუდოდ, "ფალკონ 9" წაიღებს. მისიის ხანგრძლივობა 18 თვეა. კვლევა დამონტაჟებიდან ერთი კვირის შემდეგ დაიწყება.
"ნაისერი" განსაკუთრებით პულსარებს, ნეიტრონულ ვარსკვლავთა იმ ჯგუფს დააკვირდება, რომლებიც ღერძის გარშემო ბრუნვისას რადიაციას ჩვენსკენ გზავნიან. იგი ვარსკვლავთა მაგნიტური ველისა და მაგნიტური პოლუსების მიერ წარმოქმნილ რენტგენულ სხივებს შეისწავლის.
ნეიტრონული ვარსკვლავი სხვა ტალღის სიგრძეზეც იძლევა გამოსხივებას, მაგრამ ამ დიაპაზონში დაკვირვებით მისი სტრუქტურის შესწავლა გახდება შესაძლებელი. ამასთან, გაეცემა პასუხი კითხვას, თუ საიდან აქვს განუსაზღვრელი ენერგია ამ მკვრივ ობიექტებს. ინფორმაციას მივიღებთ ვარსკვლავური მიწისძვრების, თერმობირთვული აფეთქებებისა და კოსმოსის ყველაზე მძლავრი მაგნიტური ველის შესახებ.